in

Redberry-ს ახალი არტდირექტორი ჰყავს

ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტოს Redberry ახალი არტდირექტორი ჰყავს. ეს პოზიცია გრაფიკულმა  დიზაინერმა ნინო ლაზარაშვილმა (Bruce Lee) დაიკავა.

მისი კარიერა კრეატიული სააგენტო Leavingstone-დან დაიწყო. შემდეგ, სარეკლამო სააგენტო ABK-ს არტდირექტორი გახდა, რომელიც დაახლოებით, ერთი წლის წინ დატოვა და ამ დრომდე „ფრილანსერი“ იყო.

„ABK-ში, დაახლოებით, 5 წელი გავატარე, ეს დრო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი პროფესეული განვითარებისთვის, ასევე, შევიძინე  სამუდამო მეგობრები. ვფიქრობ, 5 წელი საკმაოდ დიდი დროა ერთ ადგილზე სამუშაოდ. ასე რომ გადავყწვიტე, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ახალ გამოწვევებზე შეჭიდება. სააგენტოდან, დაახლოებით, 1 წლის წინ წამოვედი და ეს პერიოდი ფრილანს შეკვეთებზე ვმუშაობდი“.

Bruce Lee „რედბერიში“ არტდირექტორის პოზიციაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ამბობს, რომ სააგენტოში ახალი უნარების განვითარება აქვს მიზნად დასახული.

„ ეს არის ჩემთვის ყველაზე განსხვავებული და საინტერესო საქმიანობის კომპანია. „რედბერიში“ იმ უნარების განვითარება მაქვს მიზნად დასახული, რომელშიც ყველაზე სუსტი ვარ – ორგანიზებულობა და Digital სამყაროს შესწავლა. ვეცდები, დიზაინში ჩემი გამოცდილება სათანადოდ გამოვიყენო და ძალიან პროდუქტიული ურთიერთობა შედგეს ჩვენ შორის“.

„რედბერიში“ ამბობენ, რომ ახალი არტდირექტორის ხედები სრულ თანხვედრაშია სააგენტოს ახლანდელ და სამომავლო გეგმებთან.

„საქმე ბევრია, გადამწყვეტი ნაბიჯები კი – გადადგმის პროცესში. ამჟამად, ყველაზე მეტად გვახარებს ჩვენი გუნდის ახალი წევრი Bruce Lee, რომელიც კომუნიკაციების „თიმში“ შემოგვიერთდა. ამ ადამიანის კომპეტენციასა და გამოცდილებას თვალდახუჭული ვენდობით. მასზე ძალიან დიდ იმედს ვამყარებდით და დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ხედვები და ნიჭი სრულ თანხვედრაშია „რედბერის“ ახლანდელ თუ სამომავლო გეგმებთან. გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდების ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ ენას, ვფიქრობთ, ბრუს ლის გუნდში შემოერთება კიდევ უფრო მიგვაახლოებს ჩვენს მიზნებსა და სურვილებს“, – ამბობს „რედბერის“ მმართველი პარტნიორი ლევან კეცხოველი.

აღსანიშნავია, რომ Bruce Lee -ის ნამუშევრებმა საქართველოს Young Cannes Lions-ზე  2016 წელს ბრინჯაოს, 2017 წელს კი ვერცხლის ლომი დაიმსახურა.

“დროა, თბილისის სიმბოლოებში ახალი ობიექტები გამოჩნდნენ” – ნინი ჭალიძის ხატულები