რა რეაქცია გექნებოდათ, როცა გაიაზრებდით, რომ გასაუბრებამ არც ისე სასიამოვნოდ ჩაიარა? – ასე დაემართა 22 წლის ოლივია ბლენდს, იმისთვის, რომ კომპანიაში “Web Applications UK“ სამსახური დაეწყო.
კარგად ჩავლილი პირველი ინტერვიუს შემდეგ, მეორე ეტაპზე გადავიდა და ამჯერად, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ ქრეიგ დინთან მოუწია შეხვედრა. როგორც აღმოჩნდა, მეორე გასაუბრებამ არცთუ ისე კარგად ჩაიარა. ყოველ შემთხვევაში, ბლენდის პერსპექტივიდან ასე ჩანდა.
ფაქტობრივად, კითხვებს არ მისვამდა. ძირითადად, ის საუბრობდა და მეუბნებოდა, როგორი საშინელი ვიყავი, ყველა მხრივ, – იხსენებს ბლენდი BBC Radio 4-თან საუბრისას.
როგორც ბლენდი ამბობს, დინმა ყველაფერი დაუწუნა: წერის სტილი, სხეულის ენა, მისი აზრით, გოგონა წარმატებას ვერ მიაღწევდა. თუმცა, საოცარი ისაა, რომ გასაუბრების ბოლოს, ქრეიგმა ოლივიას უთხრა, რომ ყველაფერი მშვენივრად იყო და ინტერვიუს თავი წარმატებით გაართვა.
ქრეიგის სიტყვებს ის ფაქტი ადასტურებს, რომ ოლივია ბლენდმა კომპანიის სასურველ პოზიციაზე სამსახურის დაწყების შემოთავაზება მიიღო. თუმცა, მან უარი თქვა და ეს წერილში ახსნა, რომელიც სამსახურში აყვანის პასუხად კომპანიას გაუგზავნა. წერილი კი, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
https://twitter.com/oliviaabland/status/1090281095805980672?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1090281095805980672&ref_url=https%3A%2F%2Fwww.inc.com%2Fjustin-bariso%2Fafter-a-brutal-interview-this-22-year-old-was-told-she-got-job-her-response-was-extraordinary.html
ელექტრონული ფოსტა ვირუსულად მოედო მთელ საზოგადოებას. დინმა ბოდიშიც კი მოიხადა საჯაროდ და ტვიტერზე პოსტი დაწერა (რომელიც უკვე წაშლილია): „ძალინ ვწუხვარ, რომ შემთხვევით, ვიღაცას ვაწყენინე… ჩემს ინტერესებში ასეთი რამ არასდროს შედიოდა“.
გასაუბრებაზე დასწრების გარეშე, შეუძლებელია იმის განსჯა, რეალურად, რამდენად სასტიკი იყო ინტერვიუ, თუმცა ბლენდის წერილი რომ მაღალი ემოციური ინტელექტის გამოვლინების სანიმუშო მაგალითია, ამაში დავრწმუნდით და რამდენიმე შეუფასებელი გაკვეთილიც ვისწავლეთ, რომელთაგანაც 2-ს გაგიზიარებთ:
არსებობს კრიტიკის სწორი და მცდარი გზები
ქრეიგი, შესაძლოა, თანამშრომლებში კრიტიკული უკუკავშირის მიღების უნარს აფასებდა და სწორედ ამიტომ მოექცა ბლენდს ისე, როგორც მოექცა – ამოწმებდა, რამდენად შეეძლო შენიშვნების მიღება. თუმცა, კრიტიკულმა უკუკავშირმა, რეალურად, რაღაც ხომ უნდა გვასწავლოს და რაღაც კუთხით, უკეთესები გაგვხადოს?
ამასთან, იმისთვის, რომ ადამიანისგან კრიტიკა, მით უფრო, ნეგატიური შინაარსის კრიტიკა მიიღო, მისი ნდობა ხომ უნდა გქონდეს. ნდობის მოსაპოვებლად კი, ადამიანობა, პოზიტიური დამოკიდებულებაა მთავარი, პირველ რიგში. ტაქტიან საუბარს შეუძლია, რომ ადამიანს ადეკვატურად მიაღებინოს შენიშვნა… დაეხმაროს მას და არა პირიქით – ავნოს.
იცოდე, სად გადის შენი ემოციური ზღვარი
ბლენდმა წერილში ძლიერი მეტაფორა გამოიყენა იმის ასახსნელად, რამდენად მძიმე იყო მისთვის გასაუბრებაზე ასეთ სიტუაციაში ყოფნა. გაახსენდა ხანგრძლივი, შეურაცხმყოფელი ურთიერთობა ყოფილ პარტნიორთან:
გუშინ, ორი საათის განმავლობაში, მე ქრეიგ დინის ოთახში ვიყავი და თავი ჩემს ყოფილ შეყვარებულთან მეგონა: ეს ორი საათი განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ დეტალურად აეხსნათ ჩემთვის, რატომ არ ვარ საკმარისად კარგი… მე ამ სიტუაციაში ადრეც ვყოფილვარ: ისინი გატირებენ, შეურაცხყოფას მოგაყენებენ, გულს გაგიტეხენ და შემდეგ, სავახშმოდ წაგიყვანენ, ან საჩუქარს გიყიდიან ბოდიშისთვის და ისე გამოდის, თითქოს კარგი ადამიანები იყვნენ… ეს სამსახურიც საჩუქარს ჰგავდა, რაღაც ამდაგვარს… და ამიტომ, არ მინდა.
დაიმახსოვრეთ! გასაუბრებას ორი მხარე აქვს. კომპანია ხომ იღებს შენზე ინფორმაციას, ასევე შენც – ეცნობი კომპანიის კორპორატიულ კულტურას. და როცა წითელი დროშა აფრიალდება და საფრთხის სიგნალი ჩაირთვება, გეყოს გამბედაობა, რომ უარი თქვა, თუნდაც, იმ მაღალ ანაზღაურებაზე, რომელსაც იქიდან გთავაზობენ.