ამბობენ, ეს შემოქმედებითი სტუდია თითოეულ პროექტს ახალი, ინოვაციური კონცეფციით გვთავაზობსო, მრავალ ბრენდთანაც უთანამშრომლია და თითოეულისთვის განსხვავებული თუ უნიკალური კონტენტიც შეუქმნიაო… — „ჩვენ გვსურს თითოეულ იდეას მაღალი დონის ოსტატობა ახლდეს თან, იყოს დეტალური, ფრთხილად შერჩეული და პერსონალიზებული“.
აი, ასეთი სტუდიისთვის იმუშავა ცოტა ხნის წინ Jean Guerreiro-მ, რომელმაც ლოგოტიპი, ფერთა ორი პალიტრა და საოცარი ილუსტრაციები შემოგვთავაზა. თუმცა მოდით, ჯერ ლოგოტიპზე საუბრით დავიწყოთ — ლოგოს მთლიანი ანატომია „ლათინური ბრუტალიზმის“ კონცეფციას ეხმიანება, რომელსაც მკვეთრი და სწორი ხაზები ახასიათებს. ეს კი ილუსტრაციების ვიზუალურ სტილშიც თვალშისაცემია. მიზანი ბრენდის სახელზე ხაზგასმა იყო და იმის უზრუნველყოფა, რომ იგი მარტივად წაკითხვადი გახლდათ.
რაც შეეხება ფერებს, თბილი ტონები გამოიყენეს, რათა ტროპიკული მემკვიდრეობა წარმოედგინათ, ხოლო ცივი ტონები იმისათვის, რომ ბრენდის საიდუმლოებით მოცული სული აღებეჭდათ. ეს ბალანსი კი ფერთა პალიტრას ამდიდრებს, მეტად დინამიკურსა და მრავალკულტურულს ხდის. ხოლო თავად ბალანსის გასაძლიერებად ფერები ორ ძირითად და მეორეულ პალიტრებად დაყვეს.
დაბოლოს, ილუსტრაციებსაც შევეხოთ, რომლებიც ძირითად კონცეფციაზე ხაზგასასმელად და ბრენდის სამყაროს გასამდიდრებლად განავითარეს. უნდა ვაღიაროთ, იდეალურადაც ერწყმის საწყის ნარატივს. თითოეული უნიკალური ამბავს ჰყვება. ბრენდის მიზანიც ეს იყო, გაეღვიძებინა ინტერესი და ცნობისმოყვარეობა, რითაც უბრალოდ შემოქმედებითი სტუდიის მომსახურებებსაც გასცილდებოდა… ერთდროულად გლობალურიცაა და პატივსაც მიაგებს თავის ფესვებს.
ახლა კი შეგიძლიათ, ქვემოთ ეს ყველაფერი თავად ნახოთ: