in

შავი ზღვის მე-16 ჯაზ ფესტივალი – Let The Funk Ride


ივლისის ბოლოც დადგა და ტრადიციულად ბათუმი ჯაზ ფესტივალისთვის გამოეწყო.  ეს წელი ფესტივალისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა – გასულ წელს ფესტივალის მე-15 სეზონი აღინიშნა, წელს კი უფრო მნიშვნელოვანი თარიღების მისაღწევად ახალი ათვლის წერტილი იწყება. წლეებია სამდღიანი მუსიკალური ფორმატი ქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა. 2023 კი დიდი ცვლილებების დასაწყისად იქცა – დიდხნიანი ერთგულების შემდეგ, შეიცვალა ფესტივალის ჩატარების სივრცე, რომელმაც ბათუმის კორტებიდან სრულიად ახლად გახსნილ „Stage 17-ის დარბაზში გადმოინაცვლა. აღნიშნული პირველ რიგში ბათუმისთვის დამახასიათებელი და ყველასთვის ნაცნობი ამინდის ცვლილებებისგან თავის დასაცავად იყო განპირობებული, რამაც ფესტივალის პირველივე დღიდანვე შეგვახსენა თავი.

Photo: Visit Batumi

28 ივლისი,  ტრადიცია გაგრძელდა და ბათუმი კოკისპირულ წვიმასა და ძლიერ შტორმშია გახვეული. თუმცა Stage 17-ის გადახურუმა სივრცემ წლების განმავლობაში არსებულიშიშები ყველას გაუბათილა. ფესტივალის გამხსნელი დღის სცენაზეა ქართული ბენდი „Bedford Falls“. ბენდი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებში უკვე მრავალი წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს, შეიძლება ჯაზ ფესტივალის ტრადიციული სტუმრებისთვის,მათ შორის მუსიკალურადაც  უცხო ყოფილიყო, თუმცა ეს დღეები სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ უმეტესწილად ყველა სტილის საინტერესო მუსიკისთვის თავისუფალი სივრცეა. ფესტივალზეც შეინიშნებოდნენ ბენდის ერთგული მსმენელები, რომლებმაც მალევე დაიკავეს აუდიტორიის წინა რიგები და ჯგუფსაც აგრძნობინეს მათი მხარდაჭერა. ამა წლის მაისში, Bedford Fall-მა ახალი ალბომი “მიენდე“ გამოუშვა, რომლიდანაც რამდენიმე სინგლი მსმენელმა უკვე ზეპირად იცოდა და ასე აჰყვნენ ბენდის მელოდიურ პასაჟებს. საქართველოში სამწუხაროდ ტრადიციად იქცა, რომ ხალხი მხოლოდ უცხოელი შემრულებლის მოსასმენად მიდის დარბაზში – ამ დღეს კი საგულისხმო იყო, რომ სწორედ ქართული ბენდის პროგრამის დაწყებიდან სივრცე თითქმის შევსებული იყო. ეს კარგი მაგალითი იყო იმის საჩვენებლად, რომ კარგ მუსიკას ნაციონალური იარლიყები არ გააჩნია, მით უფრო რომ ქართულმა ბენდმა მსმენელს, გარდა კარგი მუსიკისა, წარმატებული შოუც შესთავაზა. გამოსვლა ბენდის უკვე კარგად ნაცნობი ჰიტების შესრულებით დასრულდა.

ფესტივალის სცენაზე ფანკის დრო დამდგარიყო და ამ ფორმატში J.J. FLUECK-ის ბენდზე უკეთესს რთულად თუ ისურვებს ადამიანი. ჯეი ჯეი ფესტივალის სტუმარი არტისტი შარშანაც იყო და სხვა პროექტის, “The Next Movement“-ის ფარგლებში  დატოვებული ენერგია ქალაქს დღემდე მოყვება. თუმცა განსხვავებული იყო წლევანდელი ბენდიც და პროგრამაც. Soul Train – გადაცემა აღნიშნული სახელწოდებით დონ კორნელიუსმა 70-იანი წლებიდან აფროამერიკული კულტურის და მუსიკალური ნოვატორობის წარმოსაჩენად წამოიყო და მის ფარგლებში ფანკის, RnB-სა და დისკოს ნამდვილი ეროვნული გაფურჩქვნა მოხდა. Soul Train ნაყოფიერი იყო ახალი მუსიკის წარმოჩენის თვალსაზრისით და შეუძლებელია ყველა იმ სტუმრის ჩამაოთვლა, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გადაცემის ეთერში მოხვდნენ ჯეიმს ბრაუნითა და თინა ტერნერით დაწყებული, გაგრძელებული აშანტი, ბლექ ეიდ პისი, ბექსტრიტ ბოისი, დევიდ ბოუი, Destiny’s Child, ელტონ ჯონი, Ice Cube, ალისია ქისი და სხვა.

Photo: Visit Batumi

ჯეი ჯეის ბენდმა, სწორედ Soul Train-ის ფორმატში ეცადა გაეცოცხლებინა 70-იანი წლების აფროამერიკული კულტურის მნიშვნელოვანი ჰიმნები, რომლებიც დღემდე უამრავი მელომანის ფლეილისტშია თავმოყრილი. რაც მთავარია, Soul Train მთელი თავისი ბრწყინვალებით დაბრუნდა სცენაზე – ვოკალისტი რეჯი საუნდერსი, რომელიც სპეციალურად შტატებიდან იყო მოწვეული თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი გრუვის გაკვეთილებს გვიტარებდა. სცენის წინ, აუდიტორიის პირველ ხაზზე მოწყობილ „ლიანდაგზე“ ბენდის კონცერტის დაწყებიდან მალევე ვნახეთ პირველი „მატერებელიც“. საუნდერსმა მოხალისეებთან ერთად ცეკვით ჩაიარა და ყველას ამ ფერხულში ჩართვისკენ გვიბიძგა. მიყოლებით შესრულდა 70-იანი და 80-იანი წლების ჰიტები, სტივ უანდერის „Superstition” , ჯეიმს ბრაუნის „Soul Power”-მა კი აუდიტორიის დიდი აფეთქება გამოწვია. საღამოს დასასრულს, ბისზე გამოსულმა მუსიკოსებმა კი დესერტად ჰიპ-ჰოპის 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ჯემი შემოგვთავაზეს, Sugarhill Gang-ის “Rappers Delight’, Kurtis Blow-ს „The Breaks”, Grandmaster Flash-ის „The Message” და სხვა. ყველაფერი კი ღამით, Iveria Beach-ზე წარმოდგენილი სესიით დასრულდა.

29 ივლისს, გასული დღის წვიმა ჩამცხრალიყო და მზიან ამინდში ბათუმი მარკუს მილერის დასახვედრად ემზადებოდა. გრემის არაერთგზის ჯილდოს მფლობელი ბასისტი, ბათუმს განახლებული ბენდითა და პროგრამით ესტუმრა. ჯაზ ფესტივალის სტაჟიან სტუმრებს, კარგად ახსოვთ 15 წლის წინ მისი გასაოცარი შესრულება თბილისის ჯაზ ფესტივალზე. თუმცა კი ბათუმი და ზღვისპირეთი ბევრად შესაბამისი ადგილია Funky ბასისთვის. ადამიანი, რომელმაც მაილს დევისის „Tutu” დაწერა და დააპროდიუსერა. მხოლოდ ეს აღწერაც საკმარისი იქნებოდა იმისთვის რომ საკითხში ვერ გარკვეული მსმენელიც კი დაინტერესებულიყო ამ შესრულებით. თუმცა მილერის კარიერა ამაზე სულაც არ „ხურდავდება“. გარდა იმისა რომ ვირტუოზული ბასისტია, ხშირად ივიწყებენ მისი, როგორც კომპოზიტორის მიღწევებსაც, არადა სწორედ მას აკუთვნის, Luther Vandross-ის, Chaka Khan-ის, David Sanborn-ის, Herbie Hancock-ის შესრულებით ბევრი ცნობილი კომპოზიცია.

Photo: Visit Batumi

სცენაზე იგი ტრადიციულად შავი ქუდით გამოვიდა და ბენდის წევრები ამაყად გაგვაცნო. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდის სტატუსით სარგებლობს, აღნიშნული წარდგენა საღამოს განმავლობაში რამდენიმეჯერ გააკეთა და დაგვანახა, თუ როგორც აფასებს საკუთარი ბენდის  წვლილს საერთო საქმეში. ეს შემდეგ მუსიკალურადაც გამოჩნდა, თუნდაც საქსაფონისტი დონალდ ჰეიესის სახით, რომლის სოლოებმაც მომაჯადოვებელი ეფექტით დაიპყრო მსმენელის ყურები. საღამო “Detroit“-ით დაიწყო, კომპოზიცია რომელიც მილერის 2012 წლის ალბომში შევიდა, 10 წუთის ფარგლებში ბენდის თითოეულმა წევრმა მოახერხა საკუთარი ოსტატოების წარმოჩენა, თუმცა მარკუსის ბასის დომინირება მაინც აშკარა იყო. ამას მოჰყვა „Untamed“ მისი უახლესი ალბომიდან „Laid Back” და შემდეგ „February” ისევ  „Renaissance“-დან. მიუხედავად იმისა რომ კომპოზიციები გრძელი, იმპროვიზირებული ფორმით იკვრებოდა, აუდიტორია, რომელსაც სრულად შეევსო მათთვის განკუთვნილი სივრცე, მუდმივად ჩართული იყო მუსიკოსებთან ბგერით კომუნიკაციაში. საღამოს პირველი ნახევრის დაგვირგვინება ტივ უანდერის „Higher Ground”-ის ქავერი იყო, რომელიც ერთ-ერთი პირველი კომპოზიცია იყო მარკუს მილერის შესრულებით, რომელიც 2008 წელს მოვისმინე და გამიხარდა როდესაც 15 წლის შემდეგაც ისევ მის აქტიურ სეტლისტში აღმოვაჩინე. შოუ მაილს დევისის “Mr. Pastorius”-ის ქავერით გაგრძელდა, რომელიც მილერმა 35 წლის წინ ჯაკოს ხსოვნას მიუძღვნა. “Run For Cover” დევიდ სენბორნისა და მილერის დუეტი Smooth ჯაზის ერთ-ერთი კლასიკაა და მანაც გაიჟღერა BSJF-ის სცენაზე. „Gorée“-ისთვის ამერიკელმა მუსიკოსმა ინსტრუმენტიც გამოცვალა და ბას კლარნეტი აიღო ხელში, კომპოზიცია კი მსოფლიო მშვიდობას მიუძღვნა. საღამო რომ „Tutu“-ს გარეშე ვერ ჩაივლიდა უკვე ყველა გრძობდა და ლოდინიც დიდხანს არ დაგვჭირვებია, ბისზე გამოსულებმა კი ჩემი კიდევ ერთი ფავორიტი კომპოზიცია, ფანკის დუღილი „Blast” შეგვისრულეს – რაც სიმბოლურიც იყო, მთელი საღამო მართლაც რომ Blast გამოვიდა.

30 ივლისი, ფესტივალის დასკვნითი დღე – სცენაზეა „Brooklyn Funk Essentials“. 30 წლიანი კარიერის ფარგლებში, აღნიშნულმა ბენდმა შეძლო და მრავალი მუსიკალური გამოცდილება ერთ უნიკალური პროექტში გააერთიანა. სოული, ფანკი, ჰიპ-ჰოპი, კარიბული თუ ლათინური ჟღერადობები 7 კაციანმა კოლექტივმა ბათუმის ჯაზ ფესტივალზეც ააშრიალა.

 

Photo: Visit Batumi

ამაში კი ყველამ სათავისო როლი შეასრულა, ალბათ განსაკუთრებით აღსაღნიშნია უკვე 60 წელს გადაცილებული ქალი ვოკალისტი ელისონ ლიმერიკი და გიტარისტ/ვოკალისტი დესმონდ ფოსტერი, რომლებმაც მუსიკალურ ნაწილს, spoken word-იც დაამატეს და ნამდვილი სიყვარული იქადაგეს. ამას ემატებოდა ასევე ძლიერი ჩასაბერი სექცია, ქალი საქსაფონისტისა და ტრომბონისტის შემადგენლობით. ბენდმა სულ რაღაც მაისში ახალი ალბომი „Intuition” გამოუშვა და სწორედ აღნიშნული სიმღერებისგან შედგებოდა ჯაზ ფესტივალის ბოლო საღამოც. მიუხედავად იმისა რომ მათი შემოქმედება,არც ისეთი ცნობილი იყო ქართველი აუდიტორიისთვის, ფანკის ძალამ მაინც თავისი გაიტანა და რიგით  მე-16 ჯაზ ფესტივალიც ცეკვით ჩაიხურა.


ბათუმის სანაპიროზე გაიხსნა სელფის ახალი კონცეფციის მომსახურების სივრცეები

Müller Yogurt-მა 90-იანების ოპტიკური ილუზია სარეკლამო კამპანიად აქცია