in

ტოტალური ფანკის ეფექტი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე

Photo By Rick Mkhitarian

ბათუმში, მიუხედავად მისი ბოლო წლების მუტაციური ბუნებისა, ჩასვლისთანავე განსაკუთრებული ენერგიით ივსები და ეს მუხტი – ზღვის სანაპირო, ბულვარში არსებული მწვანე ზოლი, ძველი ბათუმის არქიტექტურა და რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობის ხალასი ბუნება გაძლევს იმის საშუალებას, რომ დაივიწყო ამ ქალაქის ისტორიისადმი უდიერი მოპყრობის არაერთი შემთხვევა.

თუმცა არის კიდევ ივლისის ტრადიციული მოვლენა, რომელიც ბათუმის ჰაერში სხვა ეიფორიას იწვევს. „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“ წლეებია უკვე აქაურობის სავიზიტო ბარათია – უფროსწორად კი თილისმა, რომელიც საკუთარი ნათებით შინაგანი გრუვის მატარებელ მსმენელს იზიდავს.

ამ წლის ფესტივალი პროგრამა მსმენელისთვის კარგა ხნით ადრე გახდა ცნობილი, შესაბამისად მოსამზადებელი პერიოდიც საკმარისი იყო. ის რომ მხიარულების და შესაბამისად მოჭარბებული ენდორფინების რაოდენობა ქალაქში ფესტივალის დროს ერთი ორად იმატებს გასაკვირი არ არის. ამას კი ტოტალური ფანკის გეზი უწყობს ხელს – ფესტივალის სულისკვეთება ბოლომდე ეჯაჭვება საზაფხულო ქალაქის საზღვაო ხმოვანებას და შესაბამისად მისი იდენტობის განმსაზღვრელიც ხდება.

ფესტივალის პირველი დღე ინსტრუმენტალისტმა და პროდიუსერმა, ფილიპ ლასიტერმა გახსნა. იგი ამ წლის პროგრამიდან ჩემთვის ყველაზე უცნობი შემსრულებელი იყო, თუმცა ამავდროულად პრინცთან საკმაოდ ეფექტური თანამშრომლობა ბევრზე მეტყველებდა. მის ანგარიშზე 11 გრემია, რომელიც განსხვავებულ კატეგორიებში აიღო, ყველაზე თვალსაჩინო კი მაინც მისი, როგორც ჩასაბერი სექციის არანჟირების ოსტატის სტატუსია, რისი დახმარბითაც კოლაბორაცია ჰქონდა მუსიკალური ინდუსტრიის არაერთ გამორჩეულ სახესთან – არიანა გრანდე და ჯილ სკოტი – რამდენიმე რომ ვახსნოთ.

Photo By Sound City / Rick Mkhitarian

ლასიტერი სცენაზე მის მაგიურ ბენდთან ერთად წარდგა, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო – მსუყე ჩასაბერი სექცია, ბასი და გიტარა, კლავიში თუ დრამი – ეს PHILTHY-ია, ჯამში 14 კაციანი კოლექტივი, რომელიც ლასიტერმა საკუთარი ფრთის ქვეშ მოაქცია და ფანკის ჩირაღდნით წინ მიუძღვება. სცენაზე ფილიპის გამოჩენისთანავე გასაგები გახდა, რომ ეს კაცი დიდ შოუს გვიმზადებდა – რაც შეასრულა კიდეც. თავიდანვე გააცნო აუდიტორიას საკუთარი თავი და მუსიკალურ წარსული, აღნიშნა გოსპელთან სიახლოვე და გაიხსენა ეკლესიაში გატარებული წლები. მისი  მუსიკოსების მძლავრი არმია სწორედ გოსპელის, ფანკისა და სოულის ფუნდამენტზე დგას და აგრძელებს პრინცისა თუ EWF-ის დაწყებულ გზას. ლასიტერი სცენაზე მის ორ რჩეულ ინსტრუმენტთან ერთად გამოჩნდა – ბავშვობის პირველი სიყვარული – კლავიში და მისი ცხოვრების მთავარი თანამგზავრი – საყვირი. ერთიან პასტელურ ფერებში გამოწყობილი ფანკმენის ენერგია და მომენტებში ექსცენტრიული საქციელები აუდიტორიის ჩართულობას იწვევდა. უწვეტი კავშირი ჰქონდა ბენდის ყველა წევრთან. გარკვეულ სიმღერებზე ვოკალისტ გოგოებს, საკუთარი ნიჭის წარმოჩენის საშუალებაც უფრო აქტიურად მისცა. იგრძნობოდა რომ მუსიკოსი მაქსიმალურად ცდილობდა მისი შეიძლება ნაკლებად ცნობადი სახელი, აუდიტორიის გულებში პერფომანსის ეფექტურობით დაებალანსებინა. შესრულდა ლასიტერის არაერთი კომპოზიცია, განსაკუთრებით ეფექტური იყო „Soul Music” – თითქმის 10 წუთიანი ჰარდ-გრუვ ჯემი, რომელმაც დამსწრე საზოგადოება მალევე აიყოლია. რა თქმა უნდა საღამოზე არაერთხელ ახსენა პრინცი, რომელთან თანამშრომლობითაც ლასიტერის სახელი მუსიკალურ სამყაროში სამუდამოდ დაფიქსირდა – ხსენებასთან ერთად კი რა თქმა უნდა პრინცის ქავერის დროც დადგა – “Musicology”-ის ლასიტერისეული ვერსია საფესტივალო მხიარულების ერთ-ერთი მთავარი მომენტი აღმოჩნდა. თუ აფროამერიკული მუსიკის თეთრების მიერ შესრულებაში იგივე აღმაფრენას ეძებთ, ფილიპ ლასიტერი სწორედ ის კაცია.

ფესტივალის მეორე დღეს განსაკუთრებულად ველოდი – სცენაზე მსოფლიოს საუკეთესო დრამერი უნდა გამოსულიყო. დიახ, ასე პირდაპირ და მოურიდებლად – ჯოჯო მაიერი კარიერამ ეს სტატუსი ნამდვილად დაიმსახურა.

“რიტმის ალქიმიკოსი“ – ალბათ სწორი ტერმინი იქნება მისი ჯადოსნობის დასახასიათებლად. ჯოჯოს სახით საქმე გვაქვს არა უბრალოდ ტექნიკურად სრულყოფილ ინსტრუმენტალისტთან, არამედ ინოვატორთან და განმანათლებელთან, რომელმაც გასული 20 წლის განმავლობაში დიდი დრო ახალგაზრდა მუსიკოსების ცნობიერების ცვლილებას და დრამის, როგორც ინსტრუმენტის ახლებულ გააზრებას დაუთმო.

ბათუმში მაიერი მის ცნობილ ბენდთან, The Nerve-თან ერთად ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც დიდი ხნის კოლეგა, ჯონ დევისი, კლავიშისტი ჯეიკობ ბერგსონი და აუდიო ინჟინერი აარონ ნევეზი შედიან. The Nerve – მუსიკალური ნერდების საყვარელი პროექტია, იმ ადამიანების ვინც მუსიკაში არა ზედაპირულ ფორიაქს, არამედ ღრმა, სტრუქტურულ კავშირებს ეძებენ. ის რაც ამ სამმა ადამიანმა საათნახევრის განმავლობაში სცენაზე მოაწყვეს, სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური გამოცდილება. ეს იყო მუსიკოსობის, პროფესინალიზმის და რიტმულობის უმაღლესი პილოტაჟი. მაიერი, როგორც ფილმის მთავარი გმირი, თუმცა ბენდის წევრების როლსაც ვერ ვუწოდებდით მეორე ხარისხოვანს, განსაკუთრებით კი ბერგსონის ხმოვან მანიპულაციების, პერიოდულ დრონებს, რაც ჯოჯოს რიტმულ ნაკადებს ზედ დაჰყვებოდა და განსაკუთრებულ მისტიურ ეფექტს აძლევდა. დასაწყისისთვის ბენდმა შედარებით მშვიდი და ნელი გრუვით დაიწყო გახურება, დროის გასვლასთან კი, დრამატულობის ბუნებრივი კანონებიდან გამომდინარე, განვითარება ეტაპობრივად მოდიოდა. ჯოჯო მუდმივად ცდილობდა ცოცხალ და ელექტრონულ მუსიკას შორის არსებული ზღვარი დაერღვია და ტრადიციულად ეს მარტივად გამოდიოდა.

Photo By Sound City / Rick Mkhitarian

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ხელების მქონე დრამერმა ჯაზის კლასიკური ფორმატიდან ბრიტანულ საცეკვაო Drum n Bass მუსიკამდე მჭიდრო ხიდი გაავლო, რომელზეც გავლა მუსიკოსებისთვისა ცა აუდიტორიისთვისაც რისკებთან არ იყო დაკავშირებული. ეს რა თქმა უნდა ჯოჯო მაიერის თავდაჯერებულობამ და რიგ მომენტებში მუსიკალურმა თავგასულობამაც განაპირობა. Drum n Bass მუსიკის ქვაკუთხედი ე.წ. Amen Break-ია -70 იანი წლების სოულ ბენდის რიტმ სექცია, ელექტრონული მანიპულაციებით აჩქარებული და მაღალ BPM-ში დაკრული. ჯოჯოს შემთხვევაში კი არანაირი ელექტრონულ მანიპულაციასთან არ გვქონია საქმე – იგი ბევრისთვის მიუწვდომელი სისწრაფით ცოცხლად ასრულებდა ყველაფერს, რიტმებს შორის მოძრაობდა და სრიალებდა როგორც სერფერი პორტუგალიის ცნობილ სანაპიროებზე. აუდიტორიაც მალევე მიხვდა თუ რა დონის მუსიკალურ გენიოსთან ჰქონდა, აჰყვა მათთვის უცნაურ და ხშირად მოუხელთებელ რიტმულ კასკადებს და გამოსვლის ბოლოს მრავალეტაპიანი ტაშითაც დააჯილდოვა მუსიკოსები.

ფესტივალის ბოლო დღე ალბათ ყველაზე დიდი დასწრებით გამოიჩეოდა – ქათქათა ბათუმს მსოფლიო პოპ მუსიკის მთავარი ბენდი, „The Jacksons“ ეწვია. აფროამერიკული მუსიკა მათ გარეშე წარმოუდგენელია – მუსიკალურმა ოჯახმა 60-იანი წლებიდან დაწყებული სრულიად განსხვავებული შესრულების სტილი და შოუ შესთავაზა მსმენელს, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შავკანიანების აღქმასა და სამომავლოდ მათი უფლებებისთვის ბრძოლის საქმეში- რაც მთავარია, ამ ოჯახმა მსოფლიოს მაიკ ჯექსონი აჩუქა და ამით ყველაფერი ნათქვამია.

2024 წლისთვის ჯექსონები მუსიკალურ სცენაზე 3 ძმის – ტიტო, ჯეკი და მარლონ ჯექსონების სახით არიან წარმოდგენილები. ისინი არც 20 წლის ჯეელები არიან და აღარც იგივე შემდგენლობით მოძრაობენ, თუმცა 60 წელს გადაცილებულ ბაბუებს ეს ხელს არ უშლით რო საკუთარ მსმენელს მაგიური შოუ შესთავაზონ. სცენაზე გამოსულებმა თავიდანვე აღნიშნეს საკუთარი მუსიკალურ წარსული – მამის, ჯო ჯექსონის დიდი სურვილი რომ შვილები მუსიკალურ ინდუსტრიასთან დაეკავშირებინა და მათი ახალგაზრდობის წლები და ოცნებები.

Photo By Sound City / Rick Mkhitarian

მრავალფეროვანი ბენდის აკომპანიმენტით, სამივე მსმენელს განსაკუთრებულ წვეულებას დაპირდა. მათთვის დამახასიათებელი საფირმო მოძრაობებით, ენთუზიაზმით და სცენაზე თავდადებით მალევე ყველა გააკვირვეს. პროფესიონალიზმი, შოუს ეფექტი და მის მომზადებაში დახარჯული თითოეული წუთი ნათლად იგრნობოდა. მიუხედავად იმისა რომ ვოკალთან მიმართებაში შეიძლება მოიკოჭლებდნენ, მსმენელისთვის გაღებულმა ამ ენერგიამ ყველა ეს ხშირად შეუმჩნეველი ნაკლი გადაფარა. შესრულდა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები, „ABC”, “Blame It on the Boogie” “Lovely One”. გაიხსენეს მაიკლ ჯექსონი და შოუს დასაწყისიდანვე „Rock with You”-ს დახმარებით ყველა აამღერეს. საღამოს შუაში, ვიდეო ინტერლუდიით გაიხსნეს მათი ოჯახის ისტორია და კიდევ ერთხელ დაფიქსირნდნენ როგორც გამორჩეული ტალანტისა და სილაღის მქონე მუსიკოსები.

ასეთი გამოდგა 2024 წლის შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი – ტრადიციულად მხიარული, ფერადი და განსაკუთრებული მუხტის მქონე, რაც წლებთან ერთად უფრო ეფექტურად იფუთება და საბოლოო მსმენელის გამოცდილებასაც ამაღლებს. შევხვდებით 14 ოქტომბერს, წინანდალში „Jazz & Wine“ ფესტივალზე.


ნახეთ: ემოციური ანიმაცია დაუნის სინდრომის მქონე ბიჭზე

ასტრონომებმა ყველაზე ძველი გალაქტიკა აღმოაჩინეს