in

„ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა კიდევ ერთი უნივერსიტეტის შექმნა“ – მიხეილ ბატიაშვილი BTU-ს 10-წლიან გზაზე

2016 წელს, როცა BTU იქმნებოდა, მისი დამფუძნებლების ხედვა განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ერთმანეთთან დაახლოებას ემყარებოდა. იდეა მხოლოდ ახალი უნივერსიტეტის შექმნა არ ყოფილა – მიზანი ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება იყო, სადაც სტუდენტი მიღებულ ცოდნას რეალურ პროექტებში, ტექნოლოგიურ გადაწყვეტებში, ბიზნესიდეებსა და საერთაშორისო გამოცდილებაში გადაიტანდა. დღეს კი, 10 წლის თავზე, BTU-ს 16 აკრედიტებული სასწავლო პროგრამა, 7 საერთაშორისო ორმაგი ხარისხის პროგრამა, 5 500-ზე მეტი სტუდენტი, ორი კამპუსი და 12 მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია აქვს. უნივერსიტეტი ასევე თანამშრომლობს დაახლოებით 500 პარტნიორ ორგანიზაციასთან და სტუდენტებს 100-ზე მეტ გაცვლით შესაძლებლობას სთავაზობს. 

ამ ათწლეულში BTU-ს განვითარებასთან ერთად შეიცვალა ის გარემოც, რომელშიც უნივერსიტეტს უწევს მუშაობა. ხელოვნური ინტელექტი და სხვა ტექნოლოგიები განათლებისა და ბიზნესის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, რის გამოც უნივერსიტეტის როლი მხოლოდ ცოდნის გაცემას აღარ გულისხმობს. BTU ბევრი მიმართულებით პოზიციონირდება, როგორც პირველი: პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც ტექოლიმპიადების ჰაბი შექმნა, რომელმაც გლობალური სტარტაპ ფონდი დააფუძნა, რომელმაც World Economic Forum-ზე დავოსში, საუნივერსიტეტო პროექტები და ინიციატივები წარადგინა და ა.შ. პირველი ნაბიჯის გადადგმა უნივერსიტეტისთვის ნიშნავს გზის დამოუკიდებლად გაკვალვას, როცა არც მზა მოდელი გაქვს და არც გარანტია, რომ ყველაფერი იდეალურად გამოვა, მაგრამ მაინც წინ მიიწევ, რადგან გჯერა შენი იდეების, და რეალურად, ყველგან, სადაც BTU-მ პირველი ნაბიჯი გადადგა, პროექტი წარმატებულიც აღმოჩნდა.

BTU-ს დამფუძნებელი მიხეილ ბატიაშვილი marketer-თან საუბრობს უნივერსიტეტის შექმნის საწყის ხედვაზე, მეწარმეობის ეკოსისტემაზე, AI-ს მზარდ როლზე, საერთაშორისო პარტნიორობებსა და იმაზე, როგორი უნდა იყოს BTU მომდევნო 10 წლის შემდეგ: 

M: BTU წელს 10 წლის ხდება. როცა უნივერსიტეტი იქმნებოდა, როგორი იყო თქვენი საწყისი ხედვა და რამდენად დაემთხვა დღევანდელი შედეგი იმ მიზნებს, რომლებიც მაშინ დაისახეთ?

2016 წელს განათლებასა და ბიზნესს შორის კავშირი ჯერ კიდევ არასაკმარისად მჭიდრო იყო. BTU სწორედ განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების დასაკავშირებლად დაფუძნდა. საწყისი პრინციპი – „ბიზნესი + ტექნოლოგია“ – მხოლოდ სასწავლო პროგრამების გაერთიანებას არ გულისხმობდა. სტუდენტს უნდა ესწავლა პრობლემის დანახვა, ტექნოლოგიის მიზნობრივად გამოყენება, იდეის განხორციელება, გუნდური მუშაობა და საერთაშორისო გარემოში კონკურენცია.

10 წლის შემდეგ ეს ხედვა რეალობად იქცა, თუმცა ტექნოლოგიური ცვლილებების მასშტაბმა თავდაპირველ მოლოდინსაც გადააჭარბა. დღეს ხელოვნური ინტელექტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების გაერთიანება თანამედროვე განათლების აუცილებელი საფუძველია. 

M: როგორ შეიცვალა უნივერსიტეტი ამ პერიოდში როგორც მასშტაბის, ისე სასწავლო მიმართულებებისა და შესაძლებლობების თვალსაზრისით?

ათი წლის განმავლობაში BTU მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ჩემთვის განვითარება მხოლოდ ციფრებში არ გამოიხატება. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ სტუდენტის გამოცდილება ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახდა. დღეს სწავლა მოიცავს რეალურ ბიზნესპროექტებს, ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საერთაშორისო შესაძლებლობებს, მეწარმეობის მხარდაჭერასა და კარიერულ სერვისებს.

იყო რამდენიმე ეტაპი, რომლებმაც BTU-ს განვითარების მიმართულება განსაკუთრებით განსაზღვრა: საერთაშორისო ქსელებში გაწევრიანება, მეწარმეობის ცენტრის შექმნა, ხელოვნური ინტელექტის მიმართულების განვითარება, ახალი ლაბორატორიების გახსნა და მეორე კამპუსის დამატება. თითოეული მათგანი იყო გადაწყვეტილება, რომლის შედეგიც იმავე წელს არ ჩანდა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში უნივერსიტეტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ BTU დღეს მხოლოდ უცხოეთში შექმნილ ცოდნას აღარ იღებს. უნივერსიტეტი თავად მონაწილეობს საერთაშორისო კვლევით პროცესებში და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნაში. სწორედ ამ განვითარების გაგრძელებაა CERN-ის „ატლასის“ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში ტექნიკური ასოცირებული ინსტიტუტის სტატუსით მონაწილეობა.

M: საინტერესოა, დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტი და ახალი ტექნოლოგიები განათლებისა და ბიზნესის დღის წესრიგს ცვლის, როგორია უნივერსიტეტის როლი ამ პროცესში?

ხელოვნურმა ინტელექტმა უნივერსიტეტის მისია არ შეცვალა, მაგრამ შეცვალა გზა, რომლითაც ამ მისიას ვასრულებთ. როდესაც ტექნოლოგიას რამდენიმე წამში შეუძლია ინფორმაციის მოძიება, ტექსტის შექმნა ან მონაცემების დამუშავება, უნივერსიტეტის დანიშნულება ვეღარ იქნება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა. დღეს მთავარი ხდება სწორი კითხვის დასმა, მიღებული პასუხის შემოწმება, სანდო და არასანდო ინფორმაციის გარჩევა და გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება.

BTU-ს აქვს ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამები კომპიუტერულ მეცნიერებასა და ხელოვნურ ინტელექტში. ამასთან, AI ჩვენთვის მხოლოდ ერთი პროგრამის ან ერთი ლაბორატორიის მიმართულება არ არის. ის ეტაპობრივად ინტეგრირდება სწავლებაში, კვლევასა და უნივერსიტეტის სხვადასხვა პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მხოლოდ უცხოური პროდუქტების მომხმარებელი არ იყოს. სწორედ ამ იდეას ეფუძნება ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტიც. გვინდა, თანამედროვე ტექნოლოგიურმა სისტემებმა ქართული ენა მხოლოდ სიტყვების დონეზე კი არ წაიკითხოს, არამედ მისი გრამატიკული ლოგიკა, შინაარსი და კულტურული კონტექსტიც სწორად გაიგოს.

M: უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარებაა. რა შედეგები აქვს ამ 10 წლის განმავლობაში შექმნილ ამ ეკოსისტემას და რამდენად ხშირად იქცევა სტუდენტური იდეა რეალურ ბიზნესად

BTU-ში მეწარმეობა მხოლოდ ბიზნესგეგმის დაწერას არ გულისხმობს. უნივერსიტეტში შეიქმნა მეწარმეობის ცენტრი, აქსელერაციისა და პრეაქსელერაციის პროგრამები, ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საერთაშორისო პარტნიორობები და გლობალური სტარტაპ ფონდი.

სტუდენტს შეუძლია იდეის განვითარება უნივერსიტეტშივე დაიწყოს, შეამოწმოს მომხმარებლის საჭიროებები, შექმნას გუნდი, იმუშაოს პროდუქტზე, მიიღოს მენტორის შეფასება და შემდეგ იდეა ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე გამოცადოს. ამასთან, უნივერსიტეტისთვის შედეგი მხოლოდ წარმატებული სტარტაპების რაოდენობა არ არის – არანაკლებ მნიშვნელოვანია სტუდენტებში მეწარმეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება.

M: BTU-ს 10-წლიანი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი საზომი სტუდენტები და კურსდამთავრებულები არიან. რა მიგაჩნიათ უნივერსიტეტის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად ამ მიმართულებით?

უნივერსიტეტის რეალური შედეგი საბოლოოდ ადამიანებში ჩანს. პროგრამები, ლაბორატორიები და საერთაშორისო პარტნიორობები მხოლოდ მაშინ იძენს მნიშვნელობას, როდესაც სტუდენტის შესაძლებლობებს ცვლის.

BTU-ში კარიერული განვითარება დიპლომის მიღების შემდეგ არ იწყება. სტუდენტი პირველივე სემესტრიდან ეცნობა ბიზნესგარემოს, მუშაობს რეალურ პროექტებზე, ხვდება დამსაქმებლებს და იღებს წვდომას სტაჟირებებზე, ვაკანსიებსა და პროფესიულ კონსულტაციებზე. ეს ეხმარება, დროულად დაინახოს, რა მიმართულებით სურს განვითარება და რა უნარები აკლია ამისთვის.

ამ ათი წლის განმავლობაში გვინახავს სტუდენტები, რომლებმაც უნივერსიტეტში დაწყებული იდეა ბიზნესად აქციეს; კურსდამთავრებულები, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებში მუშაობენ; ახალგაზრდები, რომლებმაც გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამებით სწავლა უცხოეთში გააგრძელეს; და ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ BTU-ში უკვე დამსაქმებლის, პარტნიორის ან მენტორის როლში დაბრუნდნენ. ჩემთვის სწორედ ეს დაბრუნებაა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაჩვენებელი. 

M: როგორ გეხმარებათ საერთაშორისო პარტნიორობები, ტექნოლოგიური ინიციატივები და სხვა, სტუდენტებისთვის ისეთი განათლების შექმნაში, რომელიც მხოლოდ საქართველოს ბაზარზე კი არა, საერთაშორისო კარიერისთვისაც მოამზადებს?

BTU-სთვის საერთაშორისო პარტნიორობა მხოლოდ ცნობადი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების ჩამონათვალი არ არის. მისი ღირებულება იმ კონკრეტულ შესაძლებლობებშია, რომელსაც სტუდენტი იღებს – იქნება ეს გაცვლითი სემესტრი, ორმაგი ხარისხის პროგრამა, უცხოელ პროფესორთან მუშაობა თუ საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობა.

ამ გამოცდილებით სტუდენტი განსხვავებულ სამუშაო გარემოს ეცნობა, სწავლობს საერთაშორისო გუნდთან კომუნიკაციასა და იდეის უცხო აუდიტორიისთვის წარდგენას. იმავე მიზანს ემსახურება ტექნოლოგიური ლაბორატორიები და ბიზნესთან თანამშრომლობა. უნივერსიტეტის ხედვაა, რომ სტუდენტს საქართველოსა და საერთაშორისო კარიერას შორის არჩევანის გაკეთება არ უწევდეს.

M: 10 წლისთავი ერთგვარი შეჯამებაა. როგორი უნდა იყოს BTU მომდევნო 10 წლის შემდეგ?

თუ პირველი ათწლეული BTU-ს შექმნისა და დამკვიდრების პერიოდი იყო, მომდევნო ათწლეული მისი გავლენის გაფართოების პერიოდი უნდა გახდეს.

2036 წლისთვის BTU მხოლოდ უფრო დიდი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს. მინდა, ის იყოს საერთაშორისო მნიშვნელობის რეგიონული საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი, სადაც საქართველოში შექმნილი ცოდნა გარდაიქმნება სამეცნიერო შედეგად, ტექნოლოგიურ პროდუქტად, ახალ ბიზნესად და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად.

მომავლის BTU უნდა მოემსახუროს არა მხოლოდ ადამიანს, რომელიც პირველად ირჩევს პროფესიას, არამედ მათაც, ვისაც კარიერის განმავლობაში ახალი ცოდნის მიღება, პროფესიის შეცვლა ან საკუთარი უნარების მუდმივად განახლება სჭირდება.

ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა კიდევ ერთი უნივერსიტეტის შექმნა, ამიტომ მინდა, 2036 წლის BTU იყოს უნივერსიტეტი, რომელიც მომავალს კი არ ელოდება, არამედ მას თავად ქმნის.

[R]

როგორ მოვამზადოთ iPhone iOS 27-ის დასაყენებლად?

SPRIBE-ის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი სამართლებრივი ეტაპი – მალტის სასამართლოს გადაწყვეტილება Aviator-ის საქმეზე