ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი სასწავლო გარემო, BTU AI შეიქმნა. ის სრულიად თანამედროვე განათლების ინოვაციურ მოდელს ეფუძნება და საქართველოში განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს. სწავლების პროცესში მომხმარებელს აღარ უწევს სასწავლო მასალასთან ადაპტაცია, არამედ, პირიქით –
სასწავლო მასალა ერგება მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ტემპს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ BTU AI არ წარმოადგენს ტრადიციულ ონლაინ სასწავლო პლატფორმას, ტექსტების უბრალო საცავს ან კითხვებზე ავტომატურად პასუხის გამცემ სისტემას.
„BTU AI არის ცოცხალი სასწავლო გარემო, რომელიც სწავლას აქცევს დიალოგად, კვლევად და უწყვეტი აზროვნების პროცესად. სისტემა მომხმარებელს ეხმარება, რთული და სპეციფიკური მასალა გაიაზროს უფრო მარტივი, გასაგები და მასზე მორგებული გზით. BTU AI-ს შეუძლია ნებისმიერი სასწავლო მასალის გარშემო ინტერაქცია, რა დროსაც იგი რთულ საკითხებს ეტაპობრივად ხსნის და ახდენს ანალიტიკას სხვადასხვა რაკურსით. პროგრამა უზრუნველყოფს თემის სიღრმისეულ განხილვას, სწავლების პროცესში პასუხობს შეკითხვებს და ეხმარება მომხმარებელს ავტორთან და ტექსტთან ერთგვარ „დიალოგში“ შესვლაში, რაც არგუმენტების უკეთ გააზრებაში, მთავარი აზრის გამოყოფასა და მოსაზრებების კრიტიკულად შეფასებაში გამოიხატება. გარდა ამისა, სისტემა თავად სთავაზობს სტუდენტს დავალებებს ცოდნის გასამყარებლად და მიუთითებს განვითარების საუკეთესო გზებზე”, – განმარტავენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, BTU AI ხელმისაწვდომია უფასოდ როგორც BTU-ს ყველა სტუდენტისა და ლექტორისთვის, ისე ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის. ინოვაციური სასწავლო გარემოს ასეთი ფართო გაზიარება პირდაპირ პასუხობს უნივერსიტეტის მთავარ ღირებულებებს, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და უახლესი ინოვაციების დანერგვას.
პლატფორმა შეიქმნა უშუალოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და დაფუძნებულია OpenAI-ის GPT ტექნოლოგიაზე. მართალია, BTU AI და ChatGPT ორივე გენერაციულ AI-ს ემყარება და ორივეს შეუძლია დიალოგის ფორმატში რთული თემების ახსნა თუ ინფორმაციის სტრუქტურირება, მათი ფუნქცია და გამოყენების ლოგიკა არსებითად განსხვავდება. თუ ChatGPT უფრო ზოგადი ინსტრუმენტია სწრაფი პასუხების მისაღებად, BTU AI სპეციალურად სწავლისთვისაა შექმნილი. იგი მუშაობს განსაზღვრული სასწავლო მეთოდით, კონკრეტულ მასალას მიჰყვება ნაბიჯ-ნაბიჯ, სვამს დამაზუსტებელ კითხვებს და ახსნის სტილს მომხმარებლის აღქმის მიხედვით ცვლის. ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანმა არა მხოლოდ მიიღოს მშრალი ინფორმაცია, არამედ გააზრებულად მივიდეს პასუხამდე.
BTU AI წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა განათლებაში შეასრულოს მხარდამჭერი და გამაძლიერებელი როლი, დაეხმაროს ადამიანს არა მხოლოდ ცოდნის დაგროვებაში, არამედ სწავლის უნარების განვითარებაში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განაგრძობს ინოვაციური საგანმანათლებლო ეკოსისტემის მშენებლობას, სადაც ტექნოლოგია ადამიანის პოტენციალის რეალიზებასა და მომავლის ლიდერების ჩამოყალიბებას ემსახურება. ამ მიზნით, უნივერსიტეტი უკვე იწყებს პროფესორების, ლექტორებისა და სტუდენტების ტრენინგებს, ხოლო უშუალოდ სასწავლო პროცესში აღნიშნული გარემო მომდევნო სემესტრიდან დაინერგება.
[პარტნიორის კონტენტი]










