in

BTU-ს და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი ჰაკათონი – “Fintech-integrator” – დასრულდა

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა“ და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით დაწყებული ჰაკათონი “Fintech-integrator” დასრულდა. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ფინტექ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობა იყო.

ჰაკათონზე 60 მონაწილე დარეგისტრირდა, რომელთაგან დაკომპლექტებული 14 გუნდი, 48 საათის განმავლობაში, მუშაობდა ახალი ციფრული პროდუქტების მოფიქრებასა და სამუშაო პროტოტიპის შექმნაზე, ფინანსური ტექნოლოგიების შემდეგი სამი მიმართულებით:

  • გადახდები
  • ფინანსების ციფრული მართვა
  • Embedded Finance

მონაწილეებს, ჰაკათონის განმავლობაში, იდეების დახვეწაში კონსულტაციებს უწევდნენ „საქართველოს“ ბანკის მენტორები. აგრეთვე, მონაწილეებმა გაიარეს გიორგი ჩუგოშვილის (Phubber) ტრენინგი, ფიჩინგთან დაკავშირებით. პირველადი შერჩევის შედეგად, დემო დღეზე წარდგა 7 გუნდი.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: გიორგი კინწურაშვილი („საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი), დავით აბაშიძე (SavvY-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბანკის ვენჩურ კაპიტალის და ფინანსური ტექნოლოგიების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი) და ნათია გავარდაშვილი (BTU-ს ფინტექის კურსის ლექტორი, Nexus Group-ის ოპერაციების დირექტორი).

ჟიურიმ გამოავლინა სამი გამარჯვებული გუნდი:

  • დავით ბერულავა, მირიან ქურციკიძე, რეზო ჯიხვაძე, ალექსი ტაბიძე (I ადგილი)

მათი პროექტია იპოთეკური სესხის კალკულატორი, რომელიც მომხმარებელსა და საბანკო სექტორს ეხმარება უძრავი ქონების სწრაფად და მარტივად შეფასებაში.

  • ლუკა ჯაჯანიძე, სანდრო წერეთელი, ლუკა სოსიაშვილი (II ადგილი)

მათი შექმნილი პროექტი Splitter თანხის გადახდის უხერხულ მდგომარეობას აქცევს თამაშად,  რაც მომხმარებლებს უხსნის თანხის გაყოფის პრობლემას და სთავაზობს თანხის გაყოფის ინოვაციურ, გემიფიკაციურ, მეთოდებს.

  • გიორგი მექვაბიშვილი, რაულ მანჯგალაძე, მარიამ შათირიშვილი, დავით მნათობიშვილი

მათი აპლიკაცია Plusity მომხმარებელს საშუალებას აძლევ,  ყველა საბანკო ანგარიში მოათავსოს ერთ სივრცეში, მიიღოს ფინანსური ანალიზი და რეკომენდაციები, როგორ დაზოგოს და შეინახოს თანხა 50/30/20 სტრატეგიით.

სამივე გამარჯვებულმა გუნდმა, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან“ მიიღო BTU-ს  მეწარმეობის ცენტრის ბიზნეს კლინიკის საკონსულტაციო სესიების სრული პაკეტი: ინდივიდუალური კონსულტაციები წარმატებულ მენტორებთან ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: პროდუქტის დიზაინი, ბიზნესის გეგმის დაწერა, მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვა, საგრანტო განაცხადების მომზადება და სხვა. ასევე, წვდომა სამუშაო სივრცეზე.

ასევე, პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა „საქართველოს ბანკისგან“ მიიღო 2000-ლარიანი ვაუჩერი.

„ჰაკათონი ჩვენთვის იყო პროფესიული გამოცდილება, იმისთვის რომ უკეთ გამოგვევლინა ჩვენი შესაძლებლობები, დროის მცირე მონაკვეთში. მოგვეცა საშუალება, გუნდური მუშაობა გამოგვეცადა და განგვეხორციელებინა იდეები, ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით და დახმარებით. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის ღონისძიებები არაჩვეულებრივი საშუალებაა ყველა ადამიანისთვის რომ განავითაროს და გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები”, – აცხადებს დავით ბერულავა, ჰაკათონის გამარჯვებული გუნდის წევრი.

„ჩვენი გუნდისთვის ჰაკათონში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იმ კუთხით იყო, რომ დაგვანახა Open Banking-ის შესაძლებლობები, თუ რამხელა დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას და გაგვიმარტივოს „ონლაინ“ გადახდები. ასევე, ტექნიკური კუთხით გავეცანით ახალ საინტერესო ტექნოლოგიებს და შეზღუდულ დროში შევძელით აპლიკაციის დემო ვერსიის დასრულება” – აღნიშნავს ლუკა ჯაჯანიძე, ჰაკათონის II ადგილზე გასული გუნდის წევრი.

„ჰაკათონის დაწყებამდე არ ვიცოდით, რა დაბრკოლებები დაგვხვდებოდა წინ, მაგრამ მზად ვიყავით, მოცემული 48 საათი მაქსიმალურად დაგვეხარჯა ახალი უნარების ათვისებაში. საბოლოოდ, როდესაც შევძელით ჩვენი იდეის პროტოტიპად წარდგენა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამდენად მარტივია  მიზნის მიღწევა, როდესაც ერთიანი და მონდომებული გუნდი გყავს”, – აცხადებს დავით მნათობიშვილი, ჰაკათონის III ადგილზე გასული გუნდის წევრი.

„ჰაკათონი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, რომ მოკლე დროში დაამუშაონ იდეები და რაც მთავარია, გადადგან პირველი ნაბიჯები მათი განხორციელებისთვის. ჰაკათონის თემატიკა იყო ფინტექი, რითიც შევეცადეთ მონაწილეებისთვის დაგვენახებინა, რა მიმართულებით არის დღეს ბაზარზე პერსპექტივები და ახალი იდეების საჭიროება. ვიმედოვნებ, რომ გამარჯვებულები შეძლებენ საკუთარი უსაზღვრო შესაძლებლობების რეალიზებას” – აცხადებს გიორგი კინწურაშვილი, ჟიურის წევრი.

ჰაკათონის დაწყებამდე, ინიციატივა 5.0-ის ფარგლებში, Fintech-ის მიმართულებით გაიმართა თემატური ვებინარები და ტრენინგები:

  • ვებინარი „დღევანდელი მსოფლიო ტენდენციები ფინტექში“, Savvy
  • ტრენინგი „რა სჭირდება FinTech სტარტაპს წარმატებისთვის?“, Emoney
  • ვებინარი „გოგონები FinTech-ში“, QuickCash
  • ვებინარი „Fintech ტენდენციები საქართველოში“, Optio AI

 

[R]

Wikipedia საკუთარი კონტენტის გამოყენების სანაცვლოდ, გადასახადის დაწესებას გეგმავს

Uber მძღოლებს საარსებო მინიმუმს, ანაზღაურებად შვებულებას და პენსიას პირდება!