ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის (BTU) ვიზუალური იდენტობა 2016 წელს ჩამოყალიბდა. ექვსი წლის შემდეგ, კი BTU-ს ბრენდინგი განახლდა, დაიხვეწა უნივერსიტეტის მთავარი სიმბოლო, შეიქმნა სრულიად ახალი ტიპოგრაფია და ბრენდინგი პროგრამების მიმართულებებს მოერგო. შემუშავდა პატერნების ახლებური სისტემა და ბრენდის სახელმძღვანელო, რომელიც ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და კრეატიულობის უსასრულო განვითარებას გამოხატავს.
M: როგორ დაინახეთ ბრენდბუქის განახლების მთავარი ამოცანა – როგორ გამოვხატოთ ინოვაცია და კრეატიულობა გრაფიკულად?
„გასული წლების განმავლობაში, უნივესიტეტმა დააგროვა დიდი გამოცდილება, დაიკავა თავისი ნიშა და შესაბამისად, იდენტობა უფრო მკაფიო გახდა ყველა მიმართულებით. ბრენდბუქის განახლებისას ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და გამოვხატეთ უნივერსიტეტის თავისუფალი, თანამედროვე, ინოვაციებით სავსე და რაც ყველაზე მთავარია, შემოქმედებითი მიდგომა. იდენტობა გამოვსახეთ მრავალი განახლებით, რომელზეც თანმიმდევრულად მოგიყვებით. ძველი ბრენდინგიდან ახალში გადმოვიტანეთ მხოლოდ ლოგოტიპის სიმბოლიკა და მარკერი. ლოგოტიპის გამოყენების წესები, ფერები, ტიპოგრაფია და პატერნების სისტემა სრულად განვაახლეთ“, – აღნიშნავენ უნივერსიტეტის მარკეტინგის გუნდში.
„მთავარი მიზანი იყო, არ შეზღუდულიყო კრეატიულობა და ინოვაცია. BTU-ში გვჯერა შემოქმედების სულისკვეთების და ინოვაცია ჩვენი ერთ–ერთი ძირითადი ღირებულებაა. ვისწრაფვით კოორდინირებული, თანმიმდევრული და ეფექტური ბრენდის გაძლიერებისკენ, ყველა მიმართულებით. ზუსტად ეს სისტემაა გადმოცემული განახლებულ ბრენდბუქში. ის წარმოაჩენს უნივერსიტეეტის კონცეფციას, რომელიც გამოიხატება უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამებით, მრავალფეროვნებით, ინოვაციების ხელშეწყობით, სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირებით, შემოქმედებითი სულისკვეთებითა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით.
BTU სრულიად განსხვავებულ, დასავლური სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს საქართველოში. ამასთან ერთად, უნივერსიტეტი თავისი მრავალი პროგრამითა და მიმართულებით, უამრავ ბეჭდურ თუ ციფრულ კონტენტს ქმნის. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ბრენდი, რომელსაც ექნებოდა უსასრულო განვითარების შესაძლებლობა, ვიზუალიზაციის მხრივ“, – განმარტავს სააგენტო Bigman Buro-ს არტ დირექტორი, თარხან მაღრაძე.
M: რას გულისხმობს ერთ-ერთი სიახლე მოქნილი პატერნების სისტემა?
თარხან მაღრაძე: განახლებული ბრენდინგის მთავარი სიახლე მოქნილი პატერნების სისტემაა. მოქნილი ბრენდი ნიშნავს იმას, რომ ბრენდის ვიზუალი და სტრატეგია მარტივად ერგება ტრენდებსა და სიახლეებს. ამის გამოყენებით, შეგვიძლია, ინოვაციების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სიახლეები, ღირებულებები და მოთხოვნები მარტივად ავსახოთ ბრენდის ვიზუალში.
ზოგადად, იდენტობის გიდი მაქსიმალურად წესებსა და ჩარჩოებშია მოქცეული, რათა არ დაირღვეს საკომუნიკაციო ვიზუალური ენა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩვენი ბრენდის შესრულება და გრაფიკა სტანდარტიზებულია – მაგალითად, სავიზიტო ბარათები, ბლანკები და კონვერტები, ამ შემთხვევაში უსაზღვრო კრეატიულობით შევქმენით პატერნების მოქნილი, ძლიერი და მრავალფეროვანი სისტემა. ამ მხრივ, ვიზუალიზაცია აბსოლუტურად ამოუწურავია. შესაძლებელია სრულიად განსხვავებული პატერნის შექმნა, როგორც ცალკეული პროგრამებისთვის, ასევე მთავარი ბრენდისთვის.
M: მოდით, ვისაუბროთ ფერთა პალიტრის შესახებ…
თარხან მაღრაძე: ძველი ბრენდინგიდან ახალში გადმოვიტანეთ მხოლოდ სიმბოლიკა და მარკერი. ლოგოტიპის გამოყენების წესები, ფერები, ტიპოგრაფია და პატერნების სისტემა სრულად განახლებულია. ლოგოტიპში შევცვალეთ გეომეტრია და ფერები.
ერთ-ერთი მთავარი ცვლილებაა ისიც, რომ ლოგოტიპებში, სიმბოლიკის გარეშე, შემოვიტანეთ ნომრები და პროგრამების სახელწოდებები, რაც ამარტივებს კომუნიკაციას.
მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ახლადშემოტანილი ფერები ერთმანეთთან ჰარმონიაში ყოფილიყო. ფერები აბსოლუტურად განახლებულია, უფრო მკაფიო და თანამედროვე პალიტრა ავარჩიეთ. ამასთან, მთავარი ფერების, მალინისფერისა და ლურჯის გარდა, პროგრამების რაოდენობის ზრდასთან ერთად დავამატეთ სრულიად ახალი ფერები, რომელიც ახალი პროგრამების იდენტობას გამოხატავს, მაგალითისთვის:
- ტექნოლოგიური ლურჯი – საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის გამომხატველად ღია ლურჯი ავარჩიეთ, ვინაიდან ფერთა ფსიქოლოგიაში ლურჯი ასოცირდება ინტელექტთან, ეფექტურობასთან, უსაფრთხოებასთან და ნდობასთან. სწორედ ამიტომ, მსგავს პალიტრას იყენებენ ტექნოლოგიური გიგანტებიც;
- მწვანე, როგორც განვითარებისკენ სწრაფვის ფერი – სამაგისტრო პროგრამები (ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები & DevOps) მწვანე ფერთან დავაკავშირეთ. როგორც წესი, მწვანე ასოცირდება განახლებასთან, მუდმივ განვითარებასთან, ეფექტურობასთან და მდგრად განვითარებასთან – ყველაფერთან, რაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების სინთეზით შექმნილ სასწავლო პროგრამასთანაა შესაბამისი;
- ნარინჯისფერი, როგორც ახლის შექმნის ფერი – ნარინჯისფერი ცნობისმოყვარეობასა და ენერგიას გამოსახავს, სწორედ ამიტომ – ეს ფერი გამოიყენება განახლების გამოსახატად. ნარინჯისფერი აგურის ფერთან ასოცირდება, შესაბამისად, აღნიშნული ფერი მოგაგონებთ ძირითად ელემენტსა და საფუძველს, რაზეც, უნდა დაშენდეს რაიმე სიახლე, ახალი ტექნოლოგია, სტრუქტურა და სხვა. ჩვენს განახლებულ ბრენდბუქში ეს ფერი სადოქტორო პროგრამამ, „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი“, დაიკავა.
M: როგორ შემუშავდა ტიპოგრაფია?
თარხან მაღრაძე: ტიპოგრაფია მთლიანად განახლდა, გახდა უფრო თანამედროვე და დასამახსოვრებელი. რაც შეეხება ახალ ფონტს, ვთვლით, რომ მაქსიმალურად გამოხატავს უნივერსიტეტის ხასიათს. ძალიან რთული პროცესი იყო ფონტების შერჩევა. თან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უნდა ყოფილიყო ორივე ენაზე მორგებული. და ჩამჯდარიყო საერთო ესთეტიკაში. ტიპოგრაფიაში აღსანიშნავია სათაურების დაწერის სტილისტიკა, რაც ახალ, 2022 წლის ბრენდბუქში გამოვიყენეთ.
[R]