in

რა შესაძლებლობებს ქმნის BTU-ს „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“?

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტია ნომინაციაში – „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“

უკვე მეშვიდე წელია, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის გაზრდისთვის, თიბისი ბიზნესდაჯილდოების ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. კონკურსში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412 -მა კომპანიამ გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. 5 ნომინაციაში სულ 15 ფინალისტი მოხვდა და სტატიების ამ სერიაში თითოეულ მათგანს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

შეგახსენებთ, რომ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში ასპარეზობენ: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება.

ამჯერად, BTU-ს ინიციატივის შესახებ გიამბობთ, რომლის პროექტი „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ასპარეზობს ბიზნეს დაჯილდოების ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა“.

M: რა განსხვავებული გეზი და მიდგომა აქვს BTU-ს, რაც გამოარჩევს ქართულ ბიზნეს და საგანმანათლებლო სივრცეში? 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, სწრაფად მზარდი და ინოვაციური უნივერსიტეტია, რომელიც მაღალრეიტინგული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გარდა, არაერთ მოკლე და გრძელვადიან პროგრამას ახორციელებს ფართო საზოგადოებისთვის. უნივერსიტეტის მიზანია დასავლური სტანდარტის შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირება და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობა კვალიფიციური კადრების მომზადების გზით, რომლებიც ფლობენ არა მხოლოდ პროფესიულ კომპეტენციებს, არამედ ისეთ პიროვნულ თვისებებს, როგორებიც არის ლიდერობა, ტექნოლოგიური და სამეწარმეო უნარჩვევები, სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

M: რითაა BTU გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით?

პროცესები და პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს უნივერსიტეტში, მიმართულია ქვეყანაში ინოვაციური, ტექნოლოგიური და სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირებაზე. სოციალური პასუხისმგებლობაც BTU-ს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროდუქტების მომხმარებელია, როგორც თითოეული სტუდენტი, ისე მთლიანად საზოგადოება. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მშობლები, მასწავლებლები, ლექტორები, გადაწყვეტილების მიმღები პირები – ეს BTU-ს ბენეფიციარების არასრული სიაა, რომლებიც სრული დაფინანსებით იღებენ, უნივერსიტეტის, პარტნიორი კომპანიების და  სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შეთავაზებულ სერვისებს.

ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს უნივერსიტეტში კოდინგის სკოლა დაარსდა. მას შემდეგ, გვყავს 1000-ზე მეტი ბენეფიციარი, რომელთა გადამზადებამ 2021 წლიდან ფართო მასშტაბები მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით. პროექტი „500 ქალი ტექნოლოგიებში“ ყველასთვის კარგად ცნობილი ინიციატივაა, რომელსაც BTU სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. 

M: რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება? გამარჯვების შემთხვევაში, როგორ ხედავთ – რა შეიცვლება BTU-ს განვითარებაში?

BTU ის ინსტიტუციაა, რომელიც აცნობიერებს საკუთარ როლს ქვეყნის განვითარების პროცესში, გრძნობს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, ზრუნავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ქალთა როლის გაძლიერებაზე ტექნოლოგიებში – სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიგვეღო 2022 წლის ბიზნეს დაჯილდოებაში. გამარჯვება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს უნივერსიტეტისა და მისი პროექტების შესახებ ცნობადობის გაზრდას ფართო საზოგადოებაში, ახალი პარტნიორი კომპანიების მოზიდვას და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარის, მათ შორის, ქალის, გადამზადება/დასაქმებას.

M: როგორ გეგმავთ სამომავლო განვითარებას?

ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების მიზნით, USAID-ის პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის დეკემბრიდან უპრეცედენტო მასშტაბის ახალ პროექტს ვიწყებთ. „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ BTU-ს ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 8 სხვადასხვა ქალაქში (თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, წალენჯიხა, ოზურგეთი, ტყიბული, ამბროლაური) ტექ-ინგლისურსა და 6 სხვადასხვა ტექ-მიმართულებაში 16-იდან 40 წლამდე ასაკის ქალების გადამზადება და მათი შემდგომი დასაქმება იგეგმება.

პროექტი უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო კავშირში განხორციელდება და სწავლა-სწავლების კომპონენტების გარდა, ინდივიდუალურ მენტორშიფს, კარიერულ ბუთქემფს და pitch yourself ღონისძიებებს გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში, 8-ვე სამიზნე ქალაქის სკოლებში, ასევე გაიხსნება და სრულად აღიჭურვება, კოდინგის სკოლის ლაბორატორიები ქალებისთვის, რომლებიც ინტერნეტსა და კომპიუტერზე წვდომის არმქონე ბენეფიციარებს მოემსახურება. პროექტი ორწლიანია და მიმდინარეობისას თან სდევს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ტექნოლოგიების მიმართულებით რეგიონებში ცნობადობის ამაღლების მიზნით. 

გარდა ამისა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 2023 წელს, ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ, გამოვცემთ ჟურნალს „საქართველოს ქალი“, რომელიც გახლდათ ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მხატვრულ-ლიტერატურული გამოცემა და რომლის პირველი ნომერიც 1923 წლის სექტემბერში დაიბეჭდა. BTU დაარსების დღიდან ზრუნავს ქალთა ტექნოლოგიების მიმართულებით გაძლიერებაზე და გამოცემის აღდგენაც სწორედ ამის ნაწილია.

 

პროექტის პარტნიორები არიან VISA (მთავარი სპონსორი) და „აწარმოე საქართველოში“.

წელს ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ – გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. UN Women-მა დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) – მწვანე ინიციატივებისთვის.

გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.

500 Global-ის რჩეულთა სიაშია CALEN AI, პლატფორმა, რომელზეც ჭკვიანი ასისტენტები ეწყობა

PETA-ს საშობაო რეკლამა ინდაურების უკეთეს დასასრულს წარმოგვიდგენს