in

ATLAS-თან კოლაბორაციის ფარგლებში, BTU CERN-ის წევრი გახდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კვლევითი ცენტრის, CERN-ის წევრი გახდა. BTU და ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია (CERN) თანამშრომლობის ახალ მრავალწლიან სტრატეგიულ ეტაპს იწყებენ. შეთანხმების ფარგლებში, BTU CERN-ის პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო ინიციატივა ATLAS-ში, Technical Associate Institute-ის სტატუსით ჩაერთვება.

ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ქართველი მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის და VR ტექნოლოგიების სფეროში შექმნიან პროდუქტებს, რომელთა ექსპორტი, CERN-ის წევრობის ფარგლებში, მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო ინსტიტუტებში მოხდება.

აღნიშნული თანამშრომლობა პროექტში BTU-ს მონაწილეობას ტექნიკური მიმართულებით გულისხმობს და ეფუძნება უნივერსიტეტის გამოცდილებას ვირტუალური რეალობის (VR), ხელოვნური ინტელექტის (AI), სამგანზომილებიანი მოდელირების, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და საგანმანათლებლო ციფრული პლატფორმების შექმნის სფეროებში. ქართული სამეცნიერო ტექნოლოგიის ექსპორტი ეტაპობრივად განხორციელდება და მისი მომხმარებლები მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ცენტრები და ინსტიტუტები გახდებიან.

პროექტის მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება VR+AI ეპიზოდების განვითარება, რომლებიც ATLAS დეტექტორის სხვადასხვა ქვესისტემას მიეძღვნება. აღნიშნული ციფრული გარემოება შეიქმნება მაღალი სამეცნიერო სიზუსტით და მათი მიზანი, როგორც ტექნიკური და საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა, ისე მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა იქნება.

ამასთანავე, BTU ჩაერთვება ATLAS-ის კოლაბორაციისთვის საერთაშორისო მასტერკლასების საგანმანათლებლო აპლიკაციების განვითარებაშიც. კერძოდ, თანამშრომლობა მოიცავს ATLAS-ის W-path და Z-path სავარჯიშოებისთვის შესაბამისი პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავებას, რაც საერთაშორისო სტუდენტებსა და მოსწავლეებს ფიზიკის პრაქტიკულ შესწავლაში დაეხმარება. CERN-ის IPPOG კოლაბორაციის ფარგლებში, BTU გააგრძელებს საერთაშორისო მასტერკლასების განხორციელებას ფართო საზოგადოებისთვის.

თანამშრომლობისას BTU უზრუნველყოფს პროექტის განსახორციელებლად საჭირო აკადემიურ და ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის:

  • სპეციალიზებულ ტექნიკურ და კვლევით გუნდს;
  • XR/AI ლაბორატორიის ინფრასტრუქტურას;
  • ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ტექნიკურ საშუალებებს;
  • მაღალი წარმადობის კომპიუტერულ რესურსებს.

აღნიშნული თანამშრომლობა BTU-სთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო ნაბიჯს წარმოადგენს და კიდევ უფრო აძლიერებს უნივერსიტეტის, როგორც ტექნოლოგიებზე, ინოვაციებსა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციის პოზიციონირებას.

ATLAS მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ექსპერიმენტია, რომელიც CERN-ში ხორციელდება და 180-ამდე ინსტიტუტიდან 3,000-ზე მეტ მეცნიერსა და ინჟინერს აერთიანებს დაახლოებით 40-ამდე ქვეყნიდან. კოლაბორაციაში განსაკუთრებით აქტიურები არიან ევროპული ქვეყნები (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი), ასევე აშშ, კანადა, იაპონია, ჩინეთი და სხვა ტექნოლოგიურად ძლიერი სახელმწიფოები. ასეთი მასშტაბი ATLAS-ს აქცევს გლობალური მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პლატფორმად, რომელში ჩართულობაც ფუნდამენტური ფიზიკის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებში და ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში პირდაპირ მონაწილეობას ნიშნავს.

CERN დაარსდა 1954 წელს და დღეს წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ, პრესტიჟულ და ავტორიტეტულ კვლევით ცენტრს. ორგანიზაციას ჰყავს 20-ზე მეტი სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ასევე ასოცირებული წევრები და პარტნიორი სახელმწიფოები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. CERN-ში მუშაობს დაახლოებით 2,500 მუდმივი თანამშრომელი და დამატებით, 10,000-ზე მეტი მეცნიერი და სტუდენტი 100-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობენ ექსპერიმენტებში. ორგანიზაციის მთავარი ინფრასტრუქტურაა Large Hadron Collider (LHC) — 27-კილომეტრიანი მიწისქვეშა ამაჩქარებელი, სადაც მიმდინარეობს ფუნდამენტური კვლევები მატერიის, ენერგიისა და სამყაროს წარმოშობის შესახებ. CERN-ის მიღწევებს შორისაა ჰიგსისბოზონის აღმოჩენა და World Wide Web-ის შექმნა 1989 წელს, რომელიც მეცნიერების ფარგლებს გასცდა და მსოფლიო ტექნოლოგიურ განვითარებაზე იქონია გავლენა. საქართველოს აქვს საერთაშორისო თანამშრომლობის შეთანხმება CERN-თან, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მეცნიერებსა და უნივერსიტეტებს, მონაწილეობა მიიღონ CERN-ის ექსპერიმენტებსა და კვლევებში.

[პარტნიორის კონტენტი]

ფესტივალი „ცხენების დღეები”

სრული კონტროლი Windows 11-ის განახლებებზე