in

კვლევები ფინტექის მიმართულებით, BTU ინიციატივა 5.0–ის ფარგლებში ფინტექის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს

ინიციატივა 5.0–ის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), ფინტექის მიმართულებით, კვლევების ჩატარებას იწყებს. ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილი სხვა კვლევების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც უნივერსიტეტის მიზანია ბაზრის სრულფასოვანი სურათის მომზადება, შედეგად კი დაიწყება ამ მიმართულებით მოქმედი ორგანიზაციების ხელშეწყობა, ინფორმაციის გაზიარება, რათა დარგის განვითარების მიზნით მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა და გაერთიანება მოხდეს.

კვლევაში ჩართული იქნებიან საქართველოში მოქმედი მსხვილი ფინანსური ორგანიზაციები და სტარტაპები. როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების ხელმძღვანელი და აფილირებული პროფესორი ფინტექის მიმართულებით, დავით კიკვიძე განმარტავს, კვლევა ორ ეტაპად ჩატარდება და შეისწავლის, თუ რამდენად ვითარდება საქართველოში ფინტექ ინდუსტრია.

„კვლევის პირველ ეტაპზე გვინდა ბაზრის შესწავლა, რა მდგომარეობაა მსოფლიო ბაზარზე და საქართველოში. ვგეგმავთ კვლევის ჩატარებას 3 მიმართულებით: სტარტაპ კომპანიები, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, პრობლემების იდენტიფიცირებაა. გვსურს, გავიგოთ რა პრობლემებს აწყდებიან კომპანიების ამ დარგში შემოსვლისას და ოპერირებისას, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ დარგში თავის დასამკვიდრებლად, რა სჭირდებათ კომპანიებს იმისთვის, რომ უფრო მეტად აქტიურები გახდნენ და ახალი სერვისები და პროდუქტები შესთავაზონ მომხმარებელს. ასევე, ჩვენი მიზანია, დავინახოთ მარეგულირებლის ხედვები ამ დარგის განვითარებასთან დაკავშირებით, შევაგროვოთ ინფორმაცია რეგულაციებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საბოლოო ჯამში კი კვლევის მიზანი იქნება იმ ძირითადი პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა, ხელს უშლიდეს დარგის განვითარებას და ახალი კომპანიებისა და ინვესტიციების შემოსვლას“, – განმარტავს დავით კიკვიძე.

კვლევის მეორე ეტაპზე მოხდება გადაჭრის გზების ძიება. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაისახება კონკრეტული მიზნები და ჩამოყალიბდება რეკომენდაციები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული და მოსალოდნელი პრობლემების და სირთულეების გადაჭრას.

„ვეცდებით, გავაზიაროთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, თუ როგორ მოახერხეს სხვადასხვა ქვეყნებმა ფინტექ ეკოსისტემის განვითარება და ხელშეწყობა, რა ტიპის რეგულაციები და საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინეს იმისთვის, რომ ეკოსისტემა იყოს მაქსიმალურად მოქნილი, მაგრამ ამავდროულად პასუხობდეს მარეგულირებლის ყველა მოთხოვნას, დარგი განვითარდეს და როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა შეძლოს,“ – ამბობს დავით კიკვიძე. 

კვლევის შედეგების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება იმ კონკრეტული მიმართულებების იდენტიფიკაცია, სადაც ყველაზე საინტერესო იქნება ინვესტიციების განხორციელება, ასევე მოხდება იმ მიმართულებების გამოვლენა, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა და განვითარება.

საბოლოოდ, კვლევის შედეგები გამოქვეყნდება ინიციატივა 5.0-ის ფარგლებში ჩატარებული სხვა კვლევების შედეგებთან ერთად. ინიციატივა 5.0 სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებას აერთიანებს და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თითოეული მათგანის მიმართულებით ატარებს მასშტაბურ კვლევებს. საბოლოო ჯამში, უნივერსიტეტის მიზანია, ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყნის სრული სურათი შექმნას, თუ რა ვითარებაა სხვადასხვა სფეროში ტექნოლოგიების კუთხით, რომელია განვითარებული და რომელს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება განვითარებისთვის, რა მიღწევები არსებობს ამ კუთხით და რა ტიპის ცვლილებების განხორციელებაა საჭირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კვლევების შედეგების გაზიარება მოხდება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან და შემუშავდება საერთო სამოქმედო სტრატეგია.

 

[პარტნიორის კონტენტი]

 

Nike-მა წარადგინა ფეხსაცმელი, რომელსაც ხელების დახმარების გარეშე ჩაიცვამთ

SpaceX პირველ კომერციულ ფრენას განახორციელებს!