in

BTU-ს პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის, ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად

ციფრული წიგნიერება, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, მეწარმეობა, ტესტერი, “NASA FOR KIDS, ბიოტექნოლოგიები, კიბერჰიგიენა, “Microsoft for Kids”, რობოტიქსი – ეს იმ გადამზადების კურსებისა და „ვორქშოფების“ ჩამონათვალია, რომლებსაც „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ (BTU), მოსწავლეებისთვის, იწყებს. ამ პროგრამების განხორციელებაში სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციაა ჩართული.

ციფრული წიგნიერებ – „ვორქშოფი“ საშუალო სკოლის მე-9 – მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის იგეგმება. ყოველ სემესტრში ჩატარდება ერთი „ვორქშოფი“ და თითოეულში 40-მდე ბენეფიციარი შეძლებს მონაწილეობას. „ვორქშოფის“ მიზანი ციფრულ წიგნიერებაზე ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი იქნება 21-ე საუკუნეში ციფრული წიგნიერების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე კარიერული განვითარებისთვის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ ფართო საზოგადოებას სხვადასხვა კურსსა და „ვორქშოფს“ სთავაზობს. BTU-ში, ახალ სასწავლო წელს კიდევ არაერთი პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

კიბერჰიგიენა მოსწავლეებისთვის – „ვორქშოფების“ სერია, რომელიც კიბერჰიგიენის საკითხებს შეეხება, საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მიზანი კიბერ ეთიკის მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. ეს საკითხი, დღეს, საქართველოში საკმაოდ აქტუალურია, რადგან ინტერნეტსივრცეში პირადი მონაცემების დაცვისა და ზოგადად, აღნიშნულის საჭიროების შესახებ ცნობადობა მეტად დაბალია. „ვორქშოფების“ სერიაში, საერთო ჯამში, 1000-მდე სასკოლო ასაკის ბენეფიციარი ჩაერთვება.  შეხვედრები ევროპის კომისიის ჩართულობითა და დაფინანსებით ჩატარდება.

რობოტიქსი – „ვორქშოფი“ მე-5 – მე-8 კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. ამ მიმართულებას მსოფლიოს წამყვანი სკოლების გასართობ-შემეცნებითი წრეების რეიტინგებში წამყვანი ადგილი უკავია. რობოტიქსი ბავშვებისთვის სახალისო შესავალია პროგრამირებაში, საჭირო უნარი სამომავლო კარიერული განვითარებისთვის, აყალიბებს პრობლემის გადაჭრის, კრეატიული აზროვნებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების მოფიქრების უნარ-ჩვევებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ რობოტიქსის „ვორქშოფის“ შეთავაზება სკოლის მოსწავლეებისთვის. 20 ბენეფიციარს საშუალება ექნება, დაეუფლოს STEM კონცეფციებს პრაქტიკულ გარემოში, გაეცნოს პროგრამირებას, დიზაინს და შეძლოს საკუთარი რობოტების დამზადება.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ციფრული წიგნიერების ამაღლება და მაღალი ციფრული უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდების არსებობა, რისთვისაც, ამ დრომდე, არაერთი პროექტი აქვთ განხორციელებული. სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა ეს პროგრამებიც. აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლისთვის, BTU-ში კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

NASA for kids –  ეს „ვორქშოფი“ სკოლის მე-3-6 კლასის მოსწავლეებისთვის იგეგმება. ერთკვირიანი ღონისძიების ფარგლებში, კოსმოსისა და მზის სისტემის ინტერაქციული აქტივობებით და თამაშებით შესწავლა ბავშვებს მათთვის სრულიად ახალ სამყაროს გააცნობს. „ვორქშოფის“ ფარგლებში, მოსწავლეები შეძლებენ, ააწყონ სხვადასხვა კოსმოსური სისტემა და დააკვირდნენ მათ მუშაობას, სიმულაციების საშუალებით.

Microsoft for Kids – ტრენინგი მე-5-8 კლასის მოსწავლეებისთვის იგეგმება. Small Basic-ის საშუალებით, მოსწავლეები შეისწავლიან სინტაქსზე დაფუძნებულ კოდირებას, რაც მათ დაეხმარება გადადგან შემდეგი ნაბიჯი კარიერული განვითარებისთვის. Java, JavaScript და  Python-ისგან განსხვავებით (რომლებიც მოზრდილთათვის იყო შექმნილი), Small Basic შეიქმნა ბავშვებისთვის. გამარტივებული კოდირების ენა და ინტერფეისი სკოლის მოსწავლეებს მასალის ეფექტურად ათვისებაში ეხმარება.

BioTech for Kids – 3-დღიანი ტრენინგის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები (მე-6 – მე-8 კლასი) გაეცნობიან ბიოტექნოლოგიების შესავალს და სამომავლო პერსპექტივებს, სხვადასხვა ინტერაქციული თამაშისა თუ შემეცნებითი აქტივობის მეშვეობით.

მოსწავლეები გაეცნობიან, როგორ ხდება პროდუქტის ან პროცესის საწარმოებლად ორგანიზმის კომპონენტის ან სხვა ბიოლოგიური სისტემის გამოყენება, რა დატვირთვა აქვს ბიოტექნოლოგიებს მედიცინაში, ფარმაციაში, სოფლის მეურნეობასა და სხვა ინდუსტრიებში, IT მიმართულების ინტეგრირებით.

ბიოტექნოლოგიების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია მსოფლიოში, რაც ხაზს უსვამს მის აქტუალურობასა და მეტი კვალიფიციური კადრის აღზრდის საჭიროებას. მეცნიერების ერთ-ერთ განხრას, რომელზეც კაცობრიობის მომავალია დამოკიდებული, ბავშვებისთვის ამ ტრენინგის ფარგლებში სახალისო აქტივობებით იქნება ახსნილი, რათა ადრეულ ასაკშივე გაეცნონ პოტენციურ პროფესიას.

მეწარმეობა – კურსის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები შეისწავლიან, თუ რა არის მეწარმეობა/სტარტაპერობა. კურსის ფარგლებში, გაეცნობიან მსოფლიო ტენდენციებს, წარმატების მაგალითებს, ქართული სტარტაპებს. გარდა ამისა, ბენეფიციარებისთვის, დაგეგმილია იდეების გენერირება, შემოქმედებითი აზროვნების წახალისება, იდეების გაფილტვრა და ა.შ. მოსწავლეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, როგორ უნდა შექმნან საინტერესო პროდუქტი ან სერვისი. შექმნის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ბაზრის კვლევას, მომხმარებლის კვლევას და პროტოტიპს.

 

[R]

„თეგეტა მოტორსში“ განსაკუთრებული აქციები სექტემბერშიც გრძელდება

Microsoft Start – ახალი პერსონალური საინფორმაციო სერვისი