in

BTU-ში, „მწვანე ტექნოლოგიების“ მიმართულებით, პანელური დისკუსია გაიმართა

„ინიციატივა 5.0-ის“ ფარგლებში, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“, პანელური დისკუსია „მწვანე ტექნოლოგიების“/GreenTech-ის მიმართულებით ჩატარდა.

კონფერენციაზე, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გაიმართა, BTU-მ ახალი კვლევა წარადგინა. შეხვედრაზე, მონაწილეებმა და დამსწრეებმა, მიმოიხილეს ამ სფეროში არსებული გამოწვევები და პოტენციალი, ისე – საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები.

დისკუსიას ესწრებოდნენ პანელისტები – საქართველოს წამყვანი სპეციალისტები „მწვანე ტექნოლოგიების“ დარგში:

  • მაია მელიქიძე – BTU-ს აფილირებული პროფესორი | კვლევა: „მწვანე ენერგიის (მზის ენერგიის) შესაძლებლობები – ბიზნეს მოდელი“
  • თორნიკე ყაზარაშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი
  • გიორგი აბრამიშვილი – განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე
  • ირაკლი სამხარაძე – GIZ რეგიონული ექსპერტი
თორნიკე ყაზარაშვილი

„ზოგადად, მსგავსი შეხვედრები ფართო საზოგადოების ჭრილში, საჭირო და მეტიც, აუცილებელია, რადგან კარგად უნდა გვესმოდეს თითოეული მიმართულების, ამ შემთხვევაში, ენერგეტიკის დარგის მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობასა თუ მომავალი პერსპექტივებისთვის. უნდა ვეცადოთ, ყველამ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და გათვითცნობიერებულად, ერთად გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და რისი გაკეთება დაგვაზიანებს. ენერგეტიკა ის მიმართულებაა, რომლის განვითარებაც და ხელშეწყობაც გვაძლევს საშუალებას, სხვა დარგები უფრო მეტად განვავითაროთ. შესაბამისად, დღევანდელი კონფერენცია არის ერთი მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი „მწვანე ტექნოლოგიების“ ათვისების ხელშეწყობისთვის“ – ამბობს თორნიკე ყაზარაშვილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის დიალოგებს გამართვა და ერთობლივი მუშაობა ცნობიერების ამაღლებაზე – ყველა ჩართულმა მხარემ უნდა გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. ჩვენი ქვეყანა არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, თუმცა, სწორედ ამ მიმართულებით, რაც ეხება განახლებად ენერგიებს, საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი და ვთვლი, მომავალი განვითარებისთვის, აუცილებელია ამ პოტენციალის ათვისება. ყველაფერს კი წინ უნდა უძღოდეს მსგავსი თანმიმდევრული კომუნიკაცია და  შეხვედრები ცნობიერების ასამაღლებლად, რომელშიც უნდა ჩაერთოს როგორც სახელმწიფო, ისე – კერძო სექტორიც. ჩვენ, კერძო სექტორი მზად ვართ, დავხარჯოთ დრო და ენერგია მწვანე ტექნოლოგიებზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს“, დიალოგის შესაძლებლობისთვის“ – ამბობს გიორგი აბრამიშვილი.

„მნიშვნელოვანია, ქვეყანამ თვალი მიადევნოს ევროკავშირის მიერ დადგენილ რეგულაციებს და განახორციელოს ენერგეტიკის სამართლის ევროპეიზაცია, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ევროპის ენერგეტიკული წესებისა და პრინციპების დანერგვას, მიმდინარე საქმიანობაში. ენერგეტიკული გაერთიანების ჩარჩო და თანამეგობრობა საშუალებას მოგვცემს, მივყვეთ ევროკავშირის სამართლის განვითარების რიტმს და ცვლილებები კანონმდებლობაში ავსახოთ თანმიმდევრულად. ამისათვის კი, ისევ და ისევ, აუცილებელია დარგის სპეციალისტების ჩართულობა, მათთან დიალოგის რეჟიმი და ცნობიერების ამაღლება – თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს მწვანე ტექნოლოგიების მნიშვნელობა“ – ამბობს ირაკლი სამხარაძე.

ირაკლი სამხარაძე

კონფერენცია „ინიციატივა 5.0“ მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში.

BTU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, უნივერსიტეტის მიზანია, საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. ამ გეგმის განხორციელებისთვის, რამდენიმე თვის წინ, უნივერსიტეტმა ინიცირება გაუკეთა პროექტს „ინიციატივა 5.0“, რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. აღნიშნული სფეროებია: ფემტექი, მედიატექი, სამართლის ტექნოლოგიები, ფინანსური ტექნოლოგიები განათლების ტექნოლოგიები, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, მწვანე ტექნოლოგიები, მეწარმეობა, კულტურის ტექნოლოგიები, აგრარული ტექნოლოგიები და სხვ.

გიორგი აბრამიშვილი

„Covid-19-ის პანდემიამ თვალსაჩინო გახადა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრირების საჭიროება და იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას აღნიშნული პროცესში“.

პანელური დისკუსიების სერია „ინიციატივა 5.0“, 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ ჩატარდება.

 

[R]

Facebook-ის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია!

„გალერია თბილისმა“ უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო