BTU-მ შექმნა ქართული ცოდნის ციფრული ბანკი, რომლის მიზანია, ხელოვნურმა ინტელექტმა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიურმა სისტემებმა საქართველო უკეთ გაიგონ, ქვეყნის ეკონომიკის, ბიზნესის, ადამიანების, რეგიონების, საზოგადოებრივი პროცესებისა და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.
ცოდნის ბანკი უკვე აერთიანებს 7 მილიარდამდე ტოკენის მოცულობის ქართულენოვან რესურსს, რაც დაახლოებით 14 მილიონი წიგნის გვერდის ეკვივალენტია.
BTU-ს მიერ შექმნილი ციფრული ბანკი ქართული მონაცემების, ანალიტიკისა და ინფორმაციის მასშტაბური საცავია. მასში თავმოყრილია სხვადასხვა სფეროში დაგროვილი ცოდნა საქართველოს ეკონომიკური სექტორების, კომპანიების, ინდუსტრიების, სტატისტიკური მონაცემების, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებისა და ბოლო ათწლეულების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
ბანკი ასევე აერთიანებს 1 მილიონამდე კვლევით შედეგს, სამეცნიერო პუბლიკაციებს, კვლევებს, ანალიტიკურ მასალებს, ბიზნესისა და ეკონომიკის ლიტერატურას, გაციფრულებულ საარქივო დოკუმენტებს, საგანმანათლებლო რესურსებსა და სხვა მონაცემებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარებისა და მუშაობისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული.
BTU-ს დამფუძნებლის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, პროექტის პირველი ეტაპები უკვე დასრულებულია და ქართული ენის მილიარდობით ერთეულისგან შემდგარი რესურსი ღია პლატფორმების საშუალებით ხელმისაწვდომია. პროექტის შემდეგ ეტაპზე კი BTU-ში ხელოვნური ინტელექტისთვის ქართული ენის გრამატიკის ციფრული მოდელიც შეიქმნა.
„მხოლოდ დიდი მოცულობის ქართული ტექსტის მიწოდება საკმარისი არ არის. ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა გაიგოს ქართული ენის სტრუქტურაც, მისი გრამატიკა და წესები. დაახლოებით ისე, როგორც ადამიანი ენის ცოდნას ეტაპობრივად ითვისებს, AI-საც სჭირდება ქართული გრამატიკის მისთვის გასაგებ, პროგრამულ ფორმატში მიწოდება. ეს სამუშაო უკვე დასრულებულია და რესურსი ღიად არის ხელმისაწვდომი როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის“, – აღნიშნავს მიხეილ ბატიაშვილი, BTU-ს დამფუძნებელი.
მისივე შეფასებით, ქართული ენისა და საქართველოს შესახებ ინფორმაციის ამ მასშტაბით მიწოდება AI მოდელების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და პროცესის გაგრძელებასთან ერთად შედეგი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.
მონაცემთა ასეთი მოცულობა ხელოვნურ ინტელექტს საშუალებას აძლევს, საქართველოს შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ცალკეული ფაქტების დონეზე არ დაამუშაოს და უკეთ გაითვალისწინოს ის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გარემო, რომელშიც ეს ინფორმაცია არსებობს.
BTU-ს შეფასებით, ცოდნის ბანკის გამოყენებით შესაძლებელია საქართველოს შესახებ AI მოდელების ცოდნისა და კონტექსტური გაგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. შედეგად, ხელოვნურ ინტელექტს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო ზუსტი, სიღრმისეული და პრაქტიკული პასუხების მომზადება შეუძლია.
ცოდნის ბანკი ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი სპეციალისტებისა და ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც საკუთარ AI მოდელებზე მუშაობენ.
BTU-ს რექტორის, ნინო ენუქიძის თქმით, უნივერსიტეტმა უკვე დაიწყო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რათა შექმნილი რესურსი კონკრეტული ინდუსტრიებისა და სპეციალისტების საჭიროებებისთვისაც იყოს გამოყენებული.
„ცოდნის ბანკში არსებული ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც უნივერსიტეტებთან, ისე სხვადასხვა სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში. უკვე დავიწყეთ მუშაობა ცალკეული სფეროების სპეციალისტებთან და ეტაპობრივად რესურსი ხელმისაწვდომი გახდება მათთვის, ვისაც საკუთარი AI მოდელების შექმნა, მათი განვითარება და უფრო ინფორმირებული სისტემების შექმნა სურს. ოქტომბრიდან ვიწყებთ შეხვედრებს სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, საბოლოოდ კი ცოდნის ბანკის რესურსზე წვდომა ფართოდ გახდება შესაძლებელი“, – ამბობს ნინო ენუქიძე.
პროექტის მიზანია, მომავალმა AI აგენტებმა, ციფრულმა ასისტენტებმა, ანალიტიკურმა სისტემებმა და სხვა ტექნოლოგიურმა მოდელებმა ქართული რეალობის კონტექსტში უფრო გამართულად იმუშაონ. შექმნილი რესურსი შეიძლება გამოყენებულ იქნას განათლებაში, ბიზნესში, კვლევაში, მედიაში, საჯარო სერვისებსა და სხვა სფეროებში, სადაც ადგილობრივი კონტექსტის სწორად გაგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ამ პროექტით BTU ქმნის არა მხოლოდ მონაცემთა საცავს, არამედ ქართული ცოდნის ციფრულ ინფრასტრუქტურას, რომელიც საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ მომავალმა ტექნოლოგიურმა სისტემებმა საქართველოს შესახებ მეტი იცოდნენ, უკეთ გააანალიზონ ადგილობრივი ინფორმაცია და მომხმარებლებს ქართული კონტექსტის გათვალისწინებით უფრო ეფექტურად მოემსახურონ.
[პარტნიორის კონტენტი]











