in

როგორია თანამედროვე ბიბლიოთეკა საქართველოში? – BTU-ს ბიბლიოთეკის განახლებული კონცეფცია

როგორ ტრანსფორმირდა ბიბლიოთეკა 21-ე საუკუნეში?  – დღეს, ბიბლიოთეკების უმეტესობა თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი, განსაკუთრებით „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“, სადაც მოწყობილია სპეციალური საბიბლიოთეკო სივრცეები. აქ სტუდენტებს შეუძლიათ, მეგობრებთან ერთად შეიკრიბონ, მოამზადონ პრეზენტაციები, იმუშაონ ახალ პროექტებზე და ამავდროულად, ხელი მიუწვდებოდეთ მრავალფეროვან ლიტერატურაზე. აქვე მოწყობილია საერთო სამუშაო სივრცეებიც, სადაც სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და სტარტაპერები, მთელი დღის განმავლობაში სხედან, სიმშვიდესა და კომფორტულ გარემოში მუშაობენ, იდეებს ცვლიან და სხვადასხვა პროფესიის ხალხს ეცნობიან.

მიუხედავად იმისა, რომ განვითარებასთან ერთად, ცოდნის მიღების წყაროებიც მნიშვნელოვნად იცვლება, ბიბლიოთეკა თავის ნიშას მაინც ინარჩუნებს – ის ქმნის შესაძლებლობას, მიიღო ცოდნა, გქონდეს ხელმისაწვდომობა მრავალფეროვან ლიტერატურაზე, იყო კრეატიული, ინოვაციური და შენთვის საინტერესო საზოგადოების წევრი. სწორედ ამ იდეას ემსახურება „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ბიბლიოთეკა, რომელიც შექმნიდან, 2016 წლიდან დღემდე, ბაზას ამდიდრებს ნაბეჭდი და ელექტრონული ლიტერატურით, ქმნის სტუდენტებზე მორგებულ გარემოს, ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევებს, ატარებს სემინარებსა და ვებინარებს და ქმნის პროექტებს, რომელიც ციფრული წიგნიერებისა და ინოვაციურობის ამაღლებას უწყობს ხელს.

როგორც BTU-ში განგვიმარტეს, ბიბლიოთეკის სამსახურის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო კვლევით პროცესებს, უზრუნველყოს სწავლისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება, თანამედროვე საინფორმაციო რესურსების დანერგვის გზით. ასევე, მისი ამოცანაა, უნივერსიტეტის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო თუ სასწავლო ლიტერატურით უზრუნველყოფა, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმატით, ხელსაყრელი გარემოს, ინოვაციური პროცესების დანერგვა და მასში სოციუმის ჩართულობის უზრუნველყოფა.

BTU-ს ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია ახალი ციფრული მედიათეკა და ელექტრონული Toolkit პროექტი, სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის. მედიათეკა როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებში მეცნიერების მიმართ ინტერესის გაზრდას უწყობს ხელს.

ასევე, BTU-ს ბიბლიოთეკა ფეხს უწყობს ლიტერატურასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც შემოვიდა. ცოტა ხნის წინ ის Banned Books Week-ში ჩაერთო და დავით გორგილაძის ვებინარს უმასპინძლა, რომელმაც სტუდენტები განსაკუთრებით დააინტერესა.

ბიბლიოთეკაში მოქმედებს სამეცნიერო საათები, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ჩართულობით, რომლის ფარგლებშიც ისინი სტუდენტებს სხვადასხვა საკითხსა და კვლევაზე ესაუბრებიან და მათ შეკითხვებს პასუხობენ.

იმისათვის, რომ სტუდენტებმა თავადაც საინტერესო და ღირებული კვლევები მოამზადონ, მათ წვდომა უნდა ჰქონდეთ სამეცნიერო ბაზებზე და უკვე იცნობდნენ საკვლევ თემაზე არსებულ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ ბიბლიოთეკამ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მონაცემთა ბაზებზე წვდომა მისცა. მათ შორის არის: MIT – Technology review, Harward business review, MIT Sloan management review, The Economist, Scopus, Cambridge University journals და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ BTU-ს ბიბლიოთეკის სამსახური მუდმივად აწვდის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს უახლეს სტატიებსა და ჟურნალებს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, მათ უწევს კონსულტაციებს და ეხმარება სტატიების გამოქვეყნებაში სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალებში.

მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს, ის სკოლის ასაკის ბავშვებისთვისაც ქმნის პროგრამებს, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართულებით უნარ-ჩვევების გამომუშავებას ემსახურება.

ახალი ციფრული პროდუქტები, პროგრამირების საწყისები, რობოტიქსის საწყისები, STEM მოდულები, ინოვაციებისა და სტარტაპების საწყისები, კიბერჰიგიენა, ბიოტექნოლოგიების შესავალი, Microsoft for Kids და ა.შ.

ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია პროგრამები მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვისაც – Parent Control ტრენინგები, კიბერბულინგის მართვა და ა.შ, რომელიც ბავშვებთან კომუნიკაციასა და კიბერსაფრთხეებისგან მათ დაცვას კიდევ უფრო ამარტივებს.

წელს, BTU-ში დაინერგა ბიბლიოთეკის ახალი პროდუქტები მულტიმედია არტისტებისთვისა და პროგრამისტებისთვის – Creative Lab/Design studio-ს სერვისები.

BTU-ს კიდევ ერთი საინტერესო პროექტია – პანელური დისკუსიები სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით, ბიბლიოთეკებში მიმდინარე სიახლეების და ტექნოლოგიური პროცესების დანერგვასთან დაკავშირებით.

BTU-ს ბიბლიოთეკის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთი კენკებაშვილი

BTU-ს ბიბლიოთეკის სამსახურის ხელმძღვანელის ქეთი კენკებაშვილის თქმით, ისინი სტუდენტებს სწავლებისა და კვლევისთვის საჭირო ლიტერატურას თავად აწვდიან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ანტიპლაგიატის პროგრამის მუშაობის პროცესში მონიტორინგს ატარებენ. ბიბლიოთეკამ COVID პანდემიის გამოწვევებზე მუშაობა სწრაფად დაიწყო და მალევე გააციფრულა 200 წიგნზე მეტი, რისი დამსახურებითაც, არც ერთი სტუდენტი, საჭირო ლიტერატურის გარეშე, არ დარჩენილა.

„საბას ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომის მოპოვებით, ბიბლიოთეკის სამსახურმა,  ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მისცა, ჰქონოდა უფასო წვდომა როგორც სამეცნიერო, ასევე მხატვრულ ლიტერატურაზე, პოდკასტებზე“, – აღნიშნა ქეთი კენკებაშვილმა.

BTU-ს თანამედროვე ბიბლიოთეკა სრულად პასუხობს 21-ე საუკუნის მოთხოვნებს და გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ მუდმივად განახლებული ლიტერატურა როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით; გქონდეთ წვდომა ყველა ავთენტურ და საჭირო მასალასთან, გქონდეთ კომუნიკაცია მეცნიერებთან, მსოფლიოს მასშტაბით და არ ჩამორჩეთ ტექნოლოგიური განვითარების პროცესს.

 

[R]

დაუჯერებელი ძალა და სილამაზე. ყველაფერი, რაც ახალი iPhone 13-ის საქართველოში შემოსვლის შესახებ უნდა იცოდეთ

ქართველების ტექ სტარტაპმა MRKT.COM-მა $3 მილიონი მოიზიდა და გუნდის ახალ წევრებს ეძებს