ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მედიალაბი და პოდკასტსტუდია გაიხსნა. ახალი, მაღალტექნოლოგიური სივრცე BTU-ში ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (WHZ) პარტნიორობით, DAAD-ისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა.
მედიალაბორატორია აერთიანებს თანამედროვე მედიატექნოლოგიებს, საგანმანათლებლო რესურსებსა და გერმანელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ მულტიმედიურ მასალებს. სივრცის მიზანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა ციფრული მედიის, თანამედროვე კომუნიკაციების, პოდკასტების და მულტიმედიაკონტენტის შექმნის მიმართულებით.
ლაბორატორიაში პირველი პოდკასტებისა და ინტერვიუების სერია საერთაშორისო კონფერენციის, „გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ ფარგლებში ჩაიწერა. კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის, BTU-ს, თიბისისა და თეგეტას პარტნიორობით, დანიის მთავრობის მხარდაჭერით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების თვეს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერების, გენდერული თანასწორობის, ციფრული წიგნიერებისა და ინკლუზიური ხელოვნური ინტელექტის საკითხები. სწორედ ამ კონტექსტში, მედიალაბორატორია იქცა სივრცედ, სადაც საერთაშორისო დიალოგი, ინოვაციური სწავლება და სტუდენტების პრაქტიკული ჩართულობა ერთიანდება.
ახალი ლაბორატორია BTU-ს საგანმანათლებლო ეკოსისტემას კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას მატებს და სტუდენტებს აძლევს საშუალებას, თანამედროვე ტექნოლოგიური გარემოს გამოყენებით განივითარონ პროფესიული უნარები, შექმნან მულტიმედიური კონტენტი და აქტიურად ჩაერთონ ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სხვადასხვა ინიციატივებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მაღალტექნოლიგიურ და ინოვაციურ ლაბებს აერთიანებს: XR & AI ლაბორატორიას, ლაბორატორია 4.0-ს, iOS & Android ლაბორატორიას, განახლებადი ენერგიის ლაბორატორიას, ბლოკჩეინის ლაბორატორიას, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიას, მდგრადობის ლაბორატორიას, Microsoft ლაბორატორიას, MarTech ლაბორატორიას, ბავშვის უფლებათა ცენტრსა და კოდინგის სკოლას ქალებისთვის.
თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით შექმნილი სივრცეები სტუდენტებსა და მკვლევრებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
[პარტნიორის კონტენტი]












