in

BTU მსოფლიო ბესტსელერს „Strategic Market Management“ ქართულად გამოსცემს!

მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამები ხშირად მოიცავს უცხოენოვან ბიზნესლიტერატურას, რაც სტუდენტის პროფესიული ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სხვადასხვა ორგანიზაციის ინიციატივით არაერთი წიგნი ითარგმნა და ხელმისაწვდომი გახდა ქართველი სტუდენტებისთვის. მათ შორისაა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ინგლისურენოვანი ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე ადაპტაციაზე აქტიურად მუშაობს. ამჯერად, უნივერსიტეტის ინიციატივით, David Aaker-სა და Christine Moorman-ის კიდევ ერთი ბესტსელერი „Strategic Market Management, 11th Edition” გამოიცემა ქართულად. წიგნის თარგმანი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში და უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, მარკეტინგის სილაბუსის ნაწილი გახდება.

რას მოიცავს წიგნი? სახელწოდებაც გვეუბნება, რომ წიგნი ბაზრის სტრატეგიებთან ეფექტურ გამკლავებას ეხება, თუმცა რა იგულისხმება კონკრეტულად? საქმე ისაა, რომ დღესდღეობით, სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა მნიშვნელოვნად განსხვავდება თუნდაც მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის წინ არსებული რეალობისგან. დღეს, თითქმის ყველა კომპანია შეგუებულია იმ ფაქტს, რომ ბაზარი დინამიკურად (და შეიძლება ითქვას, არაპროგნოზირებულადაც კი) ვითარდება. შესაბამისად, განვითარებაზე მომართული ყოველი ორგანიზაცია ძალისხმევას მუდმივ ადაპტაციასა და განვითარებაზე მიმართავს.

წიგნი მენეჯერებს დინამიკურ ბაზრებზე ორიენტირებული ბიზნეს-სტრატეგიების იდენტიფიცირებაში, განხორციელებაში, პრიორიტეტიზაციასა და ადაპტირებაში ეხმარება. ის გადაწყვეტილების მიმღებებს აწვდის კონკრეტულ მეთოდებსა და იმ ნაბიჯებს, რომლითაც სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების ხარისხის გაუმჯობესებას შეძლებენ.

ეს წიგნის მე-11 გამოცემაა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს სტრატეგიული მარკეტინგის, პოლიტიკის, დაგეგმვისა და მეწარმეობის კურსებს, მნიშვნელოვანი ცოდნისა და უნარების გამოსამუშავებლად, ბაზრის გამოწვევებთან წარმატებულად გასამკლავებლად. აქტუალურ განხილვად საკითხებს შორისაა სტრატეგიული ანალიზი, ინოვაციები, ბიზნეს ერთეულებში მუშაობა და მდგრადი უპირატესობის მოპოვება.

წიგნი ხუთი ნაწილისგან შედგება და ლოგიკური ბმით მივყავართ ჯერ სტრატეგიული ანალიზის გაცნობიერებისკენ, შემდეგ ბიზნესის ალტერნატიული სტრატეგიის განსაზღვრისა და ზრდის სტრატეგიის შემუშავებისკენ. ის ეტაპობრივად გვაცნობს სტრატეგიის სიღრმეებს ისეთი საბაზისო ნაწილის მიმოხილვით, როგორიცაა მომხმარებლის, კონკურენტების, გარემოსა და კომპანიის შიდა ანალიზი. მომდევნო ეტაპებზე კი თავად სტრატეგია, ფართო სურათის აღქმის სახით შემოაქვს, მათ შორის, გლობალური ბაზრის ათვისებისთვის. შემდეგ კი, გლობალური მასშტაბით ფესვების გადგმასა და განვითარებას.

დევიდ ალენ ააკერი ამერიკელი პროფესორი და ორგანიზაციული კონსულტანტია. ის მარკეტინგულ პროექტებში ბრენდის სტრატეგიის მიმართულებით მუშაობს. სან-ფრანცისკოში საკუთარი საკონსულტაციო კომპანია Prophet აქვს, რომლის ვიცე-პრეზიდენტადაც გვევლინება. ააკერმა შეიმუშავა საკუთარი მარკეტინგული მოდელი, რომელიც „ააკერის მოდელის“ სახელით არის ნობილი. ის მოიცავს ბრენდის კაპიტალს, როგორც ბრენდის ცნობადობის, ბრენდის ლოიალობისა და ბრენდის ასოციაციების ერთობლიობას. მოდელი ასახავს ბრენდის იდენტობის შემუშავებას, თუ რას წარმოადგენს ბრენდი და როგორ აცნობს მომხმარებლებს ბრენდის არსს.

ააკერი ბრენდის იდენტობას რამდენიმე ელემენტისგან ხედავს: ბრენდი, როგორც პროდუქტი, ბრენდი, როგორც ორგანიზაცია, ბრენდი როგორც პიროვნება, ბრენდი როგორც სიმბოლო და ა.შ.

„ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში ჩვენს დაუვიწყარ გამოცდილებას როგორც წესი 1-2 ლექტორი და წიგნი ქმნის, შეიძლება ყველაფერი ნორმალური იყოს, მაგრამ განსაკუთრებული ყოველთვის ცოტაა.

ჩემთვის ასეთი აღმოჩენა კინგსტონის უნივერსტეტში სწორედ ეს წიგნი – Strategic Market management და ლექტორი იყო. მიუხედავად იმისა რომ მანამდეც ბევრჯერ ვიყენებდი ტერმინს „სტრატეგია”, „სტრატეგიული” ამ წიგნმა და ქეისებზე მუშაობამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე, მივხვდი მართლა რა არის „სტრატეგია”, როგორ შეიძლება პრაქტიკაში მისი კეთება, დავრწმუნდი რომ ამ წიგნს და სწორ სწავლებას შეუძლია ნამდვილად სტრატეგი მარკეტერების გამოზრდა, რაც დღესდღეობით სწრაფად ცვალებად რეალობაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლია ორგანიზაციაში. ყველაფერი იწყება და იგეგმება სტრატეგიით, მიხარია რომ ეს წიგნი მალე ქართულად იქნება ხელმისაწვდომი“ – ამბობს აკაკი ახალაია Marketer.ge-ს დაფუძნებელი.

წიგნის თარგმანზე BTU-ს გუნდი ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს და ქართველი მკითხველისთვის ის 2023 წლის სექტემბრისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

მეწარმეობის შესწავლის ხელშესაწყობად, BTU-მ აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში, სხვა მსოფლიო ბესტსელერიც გამოსცა ქართულ ენაზე. ესაა „გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად“. წიგნი 21 ენაზეა ნათარგმნი და 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება სტარტაპების, დამწყები მეწარმეების, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების, ბიზნესაქსელერატორების და ინკუბატორების მიერ. საქართველოში, მას BTU-ის სასწავლო პროგრამის ფარგლებში აქტიურად იყენებენ.

[R]

ნახეთ: Wabi Sabi-ს იაპონური ხედვით შექმნილი Porsche

რა კავშირი აქვს პეპსის წარმატების ისტორიებს მუსიკასთან