12
Sep
2018

როგორ შევინარჩუნოთ კარგი თანამშრომელი?! – ბუბა რადიანის #აზრები

12 Sep 2018

M2
M2


ბავშვობაში ყველას უოცნებია თავის სანუკვარ პროფესიასა თუ სამსახურზე. ზოგს მეხანძრეობა სურს, ზოგს –  ავტობუსის მძღოლობა, ზოგს – ზოოპარკის დირექტორობა, ზოგს – ექიმობა. გააჩნია ადამიანის მოთხოვნას და ფანტაზიას. ასაკის მატებასთან ერთად, უმეტესობისთვის ოცნება ოცნებად რჩება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ოცნება არ ქრება და თითოეულ ინდივიდში, სადღაც, ღრმად იმალება.

ბუბა რადიანი – სააგენტო Kollektiv-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი

სწორედ ამ ოცნებების და მისწრაფებების ამოცნობა და სწორი მიმართულებების მიცემა არის დამსაქმებლის მთავარი ამოცანა. ეს არის გზა თანამედროვე, ძლიერი და წარმატებული კომპანიისთვის. რაღა თქმა უნდა, ყველა თანამშრომელს სურს კომფორტულ სამსახურში მუშაობა. იქ, სადაც იგი თამამად შეძლებს თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას, იმ საქმის კეთებას, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს და ზრდაში ეხმარება. მეორეს მხრივ, დამსაქმებელი ეძებს თანამშრომლებს, რომლებიც მათ კომპანიას წინ წასწევს, განავითარებს და საუკეთესოდ აქცევს. ერთი სიტყვით, ეს არის პროცესი, საიდანაც ერთიც (დამსაქმებელი) და მეორეც (დასაქმებულიც) სარგებელს ნახულობს/პოულობს. იდეალურ სამყაროში, ალბათ, ვისაუბრებდი, რამდენად კარგი იქნებოდა სამსახური, სადაც, პირველ რიგში, ადამიანურ თვისებებს ამჩნევენ და აფასებენ. თუმცა, პრაქტიკული გადმოსახედიდან მარტო ადამიანური თვისებები არ კმარა. დღეს, როდესაც სამყარო ასე სწრაფად ვითარდება და დღითიდღე ახალი შესაძლებლობები ჩნდება, მთავარი ამოცანა თვით გადარჩენაა. თვით გადარჩენა კი განვითარებასა და წინსვლას გულისხმობს.

მზა რეცეპტი იმისა, თუ როგორ შევქმნათ იდეალური სამუშაო გარემო, ალბათ, არ არსებობს. ყველაფერი ინდივიდუალურია. თუმცა, თუ ვისაუბრებ  ჩემს გამოცდილებაზე, ვიტყვი, რომ ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა იმ კომპანიაში მუშაობა, სადაც სიახლეს ვიძენდი, სადაც ჩემს აზრს და შეხედულებას ითვალისწინებდნენ და იზიარებდნენ, სადაც მე ვვითარდებოდი და ამ განვითარებით კომპანიას ვაძლიერებდი, სადაც ვგრძნობდი, რომ მე მთლიანი გუნდის განუყოფელი ნაწილი ვიყავი. თამამად შემიძლია ვთქვა, საკმაოდ ბევრ კომპანიაში მიმუშავია: დიდში თუ პატარაში, ლოკალურში თუ ინტერნაციონალურში​. ყოველი ახალი სამსახური ახალი აღმოჩენა და გამოწვევა იყო. ეს იყო ერთგვარი ძიების პროცესი. დღევანდელი გადმოსახედიდან, ვთვლი, რომ რამოდენიმე სამსახურის დატოვება ჩემი არასწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, ეს გარდაუვალი იყო და ის ცხოვრებისეული შეცდომებია/ნაბიჯებია, რომელიც დღეს სიბრძნედ იქცა და როგორც დამსაქმებელს, ძალიან მეხმარება.

დღეს, ჩემი, როგორც დამსაქმებლის მთავარი ამოცანა არის თანამშრომლებისთვის კომფორტის შექმნა, იმ საქმის ხალისით კეთება, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებთ და ამ მთლიანი პროცესისგან კომპანიის განვითარება, წინსვლა. და მაინც, ჩემი რჩევა იქნება: დასაქმებულს, პირველ რიგში ვაგრძნობინოთ, რომ იგი ადამიანია და მისი ცხოვრება მარტო სამსახური არ არის, რომ ბევრი საინტერესო და სასიამოვნო რამ ხდება ცხოვრებაში სამსახურს გარეთ, მან უნდა იგრძნოს, ის რასაც ცხოვრება ჰქვია.

განხილვა