in

„ბეზპრედელნიკი“ თუ ზედმეტად გაბრაზებული პატიოსანი ბიჭი – ლეგენდა ჩინელი ღამურის შესახებ.

მას შემდეგ, რაც Covid-19 ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდა, საკმაო დრო გავიდა. ჩვენ იგი 2019 წლის დეკემბერში გაგვეცნო, როდესაც ჩინეთში, კერძოდ, ვუჰანში (ჰუბეის პროვინციაში) მისით პირველი ადამიანი დაინფიცირდა. იმ წუთისთვის ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა, რომ ვირუსი, დაახლოებით, 200 ქვეყანაში გავრცელდებოდა და მრავალი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა. იმასაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნეში ვირუსისგან თავის დასაღწევად და მისი პრევენციისთვის ბევრ სახელმწიფოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუხდებოდა, ჩაიკეტებოდა საზღვრები, შეიზღუდებოდა ადამიანთა შეკრებები, გამოცხადდებოდა საყოველთაო კარანტინი, გადაიდებოდა სწავლა, სპორტული აქტივობები და ა.შ. და რომ საბოლოოდ, მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიად გამოაცხადებდა. ერთი სიტყვით, მსოფლიოს თავისი ყოველდღიური ჩვევებისა და რიტმის შეცვლა მოუხდებოდა.

თუმცა დავუბრუნდეთ დასაწყისს. როგორც ხშირ შემთხვევაში ადამიანებს სჩვევიათ, მის გამოჩენას გულგრილად და უყურადღებოდ შეხვდნენ, ვინაიდან ის სადღაც შორს, ჩინეთში იყო და ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ გარკვეული დროის მერე მის კარსაც მიადგებოდა და საკუთარ სახლებში გამოკეტავდა, მათ საკუთარ სივრცეში ტყვეებად აქცევდა, ან უკიდურეს შემთხვევაში, სიცოცხლეს წაართმევდა. ზოგადად რომ განვიხილოთ, ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, მისი ერთგვარი დამახასიათებელი ჩვევაა, როცა იგი არ ინტერესდება კონკრეტული მოვლენით მანამ, სანამ იგი მას, მის ოჯახს ან მის ახლობელ ადამიანს არ შეეხება. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა ვირუსი ძალიან „აღაშფოთა“ და მიზნად დაისახა, გაცდენოდა წარმოშობის ადგილს და მსოფლიოსთვის თავი გაეცნო.

ალბათ, მისი სწრაფვა კიდევ უფრო გაამძაფრა ჩინელებისა და, ზოგადად, აზიელების მიმართ რასისტულმა და ქსენოფობიურმა დამოკიდებულებამ, რომელიც იმ წამსვე გაიგივებულ იქნა ვირუსთან – „აუ, უსკაგლაზი გაიჩითა, უეჭველი კორონას გადაგვდებს“. აქ კიდევ ერთი ადამიანური თვისება ჩნდება – ზედაპირულობა. ამ შემთხვევაში, ადამიანი მეორე ინდივიდის ნათქვამს ავრცელებს ისე, რომ მას საფუძვლიანად არ უღრმავდება, ან არ იკვლევს. იგი არ ინტერესდება მოწოდებული ინფორმაციის სიმართლით, რადგანაც ეს მას ლაპარაკისა და ჭორაობის საშუალებას აძლევს. სავარაუდოდ, ამ დროს გადაწყვიტა ვირუსმა, რომ არა ლოკალური, არამედ გლობალური მოვლენა გამხდარიყო.

საბოლოოდ, შექმნილ ვითარებაზე ნავთი კონსპირაციის თეორიების შემქმნელებმა და მოყვარულებმა დაასხეს, რომლებიც  ამტკიცებდნენ, რომ იგი ჩინელების მიერ შექმნილი ბიოიარაღი იყო და რომ იგი მოსახლეობის გაკონტროლებისთვის შეიქმნა. იმასაც ამბობდნენ, რომ ეს ჯაშუშური სქემა იყო. ნაწილი კი, მის გამოჩენას ამერიკელებს მიაწერდა და მას CIA -ს სპეცპროექტს უწოდება, რომელიც კონკრეტულად ჩინელების საწინააღმდეგოდ შეიქმნა და ა.შ.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ადამიანი თავისი ბუნებით პრობლემის გადამჭრელია, მაგრამ როდესაც ჩვენ კონკრეტულ პრობლემას ვწყვეტთ, ამავდროულად, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, ბევრ სხვა პრობლემას ვქმნით. მოვიყვან პრიმიტიულ მაგალითს: ადამიანს როდესაც შია, ეს მისთვის პრობლემას წარმოადგენს და ეს პრობლემა ნებისმიერი გზით უნდა გადაჭრას (აქედან, ვუბრუნდებით ლეგენდას, სახელად, „ჩინელი ღამურა“) და, როგორც ყველას გვსმენია, ნებისმიერ ქმედებას თავისი შედეგი აქვს.

ამ ერთგვარი გულგრილობის, ორჭოფობისა და გაუგებრობის შედეგად, ძალიან ჩუმად, ძალიან დიდი ქაოსი შეიქმნა. დღეს, ეს ქაოსი თითოეული ჩვენგანის ტვინშია.

თუ ჩვენ ამ ქაოსს, სახელად covid 19-ს, როგორც ბრენდს, ისე განვიხილავთ, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რომ ის არავის და არაფერს არ ჰგავს და არცერთ კატეგორიაში არ ჯდება. ვინაიდან ბრენდების ქცევა, მიდგომა, დაპირება მომხმარებლისადმი საერთოდ განსხვავებულია. ისინი მომხმარებელში პატივისცემას, აღფრთოვანებას, ნდობას, ბმას და ა.შ. აჩენენ. თუმცა, ნაწილობრივ, covid 19 თავისი ქცევით შეიძლება იმ ბრენდთა კატეგორიას მივაკუთვნოთ, რომლებიც ქარიშხალივით შემოიჭრებიან ყოველდღიურობაში და გამოჩენისთანავე ყურადღებას იქცევენ, ერთგვარად, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდებიან.

Covid 19 -მა ნამდვილად მოახერხა ხალხის ყურადღების მიპყრობა და, არა მარტო კონკრეტული სეგმენტის, არამედ მთელი მსოფლიოსი. ეს, ისევ და ისევ, განსხვავებული ხერხით, შიშით შეძლო, რაც, დამეთანხმებით, თანამედროვე ბრენდებისთვის დამახასიათებელი არ არის. მან სრულიად განსხვავებული მიდგომა შემოგვთავაზა, შეცვალა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების სტილი და ჩვევები, სასიცოცხლოდ საჭირო გახადა ის ნივთები, რომლებიც ადამიანებს აქამდე არცთუ ისე ხშირად ახსნდებოდათ, ან სჭირდებოდათ. მაგალითად: პირბადე, სადეზინფექციო ხსნარები, ლატექსის ხელთათმანები. მან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახადა ხელის ხშირი დაბანა. არც ამაზე შეჩერდა და ადამიანებს დისტანცირებული კომუნიკაცია დააწყებინა, ბევრად აქტუალური გახადა ონლაინ პლატფორმები, რომლის მეშვეობით ფიზიკური სამუშაო სივრცეები ვირტუალურ სამუშაო სივრცეებად გარდაიქმნა. ამასთან ერთად, მან იგი ხალხის თვითგამოხატვის არენად აქცია.

ბევრი რომ არ გავარძელო, დავუბრუნდები სტატიის სათაურს და მოვიშველიებ Dejan Sudgic-ს ( ინგლისელ მწერალს, წარსულში ლონდონის დიზაინის მუზეუმის დირექტორს), რომელიც თავის წიგნში, “The language of cities”, აღნიშნავს: “A real city offers its citizens the freedom to be what they want to be.” ამ წინადადებაში სიტყვა City-ს თუ სიტყვა brand -ით შევცვლით და მას covid 19-ს შევადარებთ, საერთოდ საპირისპირო არქეტიპს მივიღებთ. ერთი მხრივ, იგი დამანგრეველი ქარიშხალია, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს იძულებით ცვლის, ანგრევს, თესავს შიშს და, რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, მოაქვს სიკვდილი. მეორე მხრივ,  მან თითქმის ყველა ადამიანი თანასწორი გახადა, ვინაიდან მისთვის არა აქვს მნიშვნელობა ადამიანის სოციალურ წარმომავლობასა თუ ეკონომიკურ მდგომარეობას. მან საკუთარი თამაშის წესები დაამკვიდრა და საკუთარი სისასტიკით ადამიანებს ფიქრისკენ, სიფრთხილისა და თანაგრძნობისკენ მოუწოდა. თავისი ქმედებებით მან ადამიანებს შესაძლებლობა მისცა, რომ საკუთარ თავში საერთოდ განსხვავებული მისწრაფებები და შეხედულებები აღმოეჩინათ. იმასაც  ამბობენ, რომ მან ბუნებას ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ამ ურთიერთგამომრიცხავი ქმედებებით თითქოს იგი ფილმის ის ბოროტი პერსონაჟია, რომელიც, ზუსტად იცი, რომ თავისი შინაარსით ცუდია, მაგრამ მაინც გარკვეულ სიმპათიას იმსახურებს შენში და მის სიკვდილზე, სადღაც მაინც, გული გწყდება.

თუმცა მის იდენტობას რომ დავუბრუნდე, პირდაპირ ვიტყვი, რომ იგი არც „ბეზპრედელნიკი” და არც ზედმეტად გაბრაზებული პატიოსანი ბიჭია. თავისი არსითა და ქმედებით ის უფრო ავტორიტარი მმართველია, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ აბსოლუტური კონტროლი დააწესოს მთელს მსოფლიოზე და ამას საკმაოდ წარმატებულადაც ახერხებს. და თუ მკითხავთ, მინდა, თუ არა მომავალში მსგავსი ქცევის, მისწრაფების ან შინაარსის ბრენდების ხილვა, პირდაპირ გეტყვით, რომ – არა, ვინაიდან ჩემთვის მისი არსი და დაუნდობელი მიდგომა სრულიად მიუღებელია, რადგან იგი ყველაზე მთავარს – ადამიანის სიცოცხლეს ეხება.

სავარაუდოდ, ძალიან მალე ეს ყველაფერი მორჩება და ბრენდი/ვირუსი, სახელად COVID 19, ნელ-ნელა მინელდება, დასრულდება, ან საერთოდ აღმოიფხვრება. თუმცა, ჩემი აზრით, მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც მის გამოჩენამდე იყო.

ავტორი: ბუბა რადიანი, Kollektiv-ის დამფუძნებელი

2021 წლის მცირე ბიზნესის ეკონომიკური პერსპექტივა

12 წლის ინგლისელი ფეხბურთელი, საშობაოდ, 300 ოჯახს დაეხმარა