in

ბუბა რადიანის 7 რჩეული შრიფტი

შრიფტს შეუძლია გადმოსცეს ტექსტის ხასიათი, ტონი, განწყობა. სწორედ ამიტომ, გრაფიკოსი დიზაინერები მას განსაკუთრებული სიფრთხილით ირჩევენ. ასევეა ბუბა რადიანიც, რომელიც უკვე ექვსი წელია, ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიაში თავის სააგენტო Kollektiv-თან ერთად მუშაობს. მანამდე, ლონდონის საკომუნიკაციო სკოლაში სწავლობდა ბრენდინგს. სააგენტო ABK-სა და M Group-ში მუშაობის გარდა, თანამშრომლობდა ისეთ ბრიტანულ სტუდიებთან, როგორებიცაა Coley Porter Bell (London), BluemarlinBD (London), Leahy Brand Design (LBD London), Spritz Creative (London), Start Judge Gill (London). დღეს კი, თავის რჩეულ შვიდ ფონტს გვიზიარებს.

Din არის კლასიკური და თანამედროვე თვისებების ჯეროვანი შერწყმა/კომბინაცია. თავდაჯერებული, რაციონალური და უაღრესად გამორჩეული ხასიათის შრიფტი და რაც მთავარია სუფთა/პირდაპირი ესტეთიკის და ინფორმაციის გასაგებათ, გარკვევით გადმომცემი.

Gotham ერთ-ერთ იმ შრიფტთაგანია, რომელსაც შეხედავ და წარმოიდგენ, რომ ყველაფერი, რაც წერია – სიმართლეა. მისი ესთეტიკა სანდოობასა და სიმტკიცეს აღძრავს. თითქოს, თავიდანვე გეუბნება, რომ მისი გამოყენებით დაცული და თავდაჯერებული იქნები.

Tungsten – ჭკვიანი, მკაცრი და სექსუალური, როგორც მას მისი შემქმნელები ახასიათებენ. მისი მოყვანილობა საკმაოდ კომპაქტური, ხმამაღალი და დამაჯერებელია. ჩემთვის, ამ შრიფტში ყველაზე მიმზიდველი მისი მრავალფეროვნება და მრავალმხრივობაა. თითქოს, თავიდანვე მზად არის ექსპერიმენტებისა და ვიზუალური მოგზაურობისთვის.

Johnston Underground – ერთ-ერთი პირველი თანამედროვე Sans, რომელიც ლონდონის მეტროსთვის შეიქმნა. თამამად შეიძლება ხალხის შრიფტად ჩაითვალოს რადგან მისი დანიშნულება არა წიგნებში, პოლიტიკურ მანიფესტებში და ა.შ გამოყენება იყო, არამედ იგი გადაადგილების საჭიროებისთვის გამოიყენებოდა. ეს არის შრიფტი, რომლის დიზაინმა და მოყვანილობამ დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ყოველდღიურობაში.

ჰელვეტიკა, უდავოდ, კლასიკაა. ესაა პრაქტიკულობის საუკეთესო გამოხატულება, რომელმაც ერთგვარი კულტი შექმნა და მის გარეშე დიზაინ და არა მარტო დიზაინ სამყარო წარმოუდგენელია, ის უნივერსალური ჟანგბადია, რომელიც სათანადოთ უნდა გამოიყენო.

Fira Go გამორჩეულია მოყვანილობით და ბევრი სისქე/წონა და ვერსია გააჩნია. ასევე, უამრავი დამწერლობა მის გამოყენებას კიდევ უფრო დინამიურსა და მიმზიდველს ხდის.

DeJavu Sans – ელეგანტური და ამავდროულად, ხისტი. მისი გამოყენება საკმაოდ ფართოდ შეიძლება იგი უამრავ ვერსიას შეიცავს რაც მის მოხმარებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის – Headline თუ Body ტექსტი.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რა მნიშვნელობა აქვს ორიგინალურ მუსიკას რეკლამაში და ვინ მუშაობს მასზე საქართველოში?

Sprite-ს მწვანე ბოთლებში აღარ ჩამოასხამენ