in

საქართველოს ბიუჯეტის მონიტორინგის მიზნით შექმნილმა პორტალმა World Summit Award მოიპოვა!

Leavingstone-ის გუნდის მიერ, აუდიტის სამსახურისთვის შექმნილმა ანალიტიკურმა პორტალმა – budgetmonitor.ge-მ World Summit Award მოიპოვა. Government & Citizen Engagement კატეგორიაში წარდგენილი იყო 51 პროექტი, რომელთაგანაც, ქართული „ბიუჯეტის მონიტორი“ 5 საუკეთესოში მოხვდა. The World Summit Awards არის უნიკალური დაჯილდოების სისტემა, რომლის ფარგლებშიც ირჩევა ციფრული ინოვაციები, რომლებსაც მაღალი გავლენა აქვთ საზოგადოების ჩართულობისა და მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

კონკურსში მონაწილეობდა 400-მდე პროექტი მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, 8 კატეგორიაში, საიდანაც საჯარო ფინანსებში მოქალაქეთა ჩართულობის კატეგორიაში გამოვლინდა 5 გამარჯვებული. „ბიუჯეტის მონიტორთან“ ერთად ჯილდოს მფლობელები გახდნენ ავსტრიის, პორტუგალიის, ინდოეთისა და მალაიზიის მიერ წარმოდგენილი პროექტები.
ბიუჯეტის მონიტორის პრეზენტაცია 2017 წლის 9 მარტს გაიმართა. პლატფორმის მიზანია დაინტერესებული პირებისათვის მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიწოდება და საბიუჯეტო პროცესის შესახებ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება.
ვებპლატფორმა
– „ბიუჯეტის მონიტორი“ წარმოადგენს უნიკალურ ანალიტიკურ პორტალს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს მიიღონ საჯარო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად აღქმადი ვიზუალიზაციების საშუალებით. კერძოდ, პლატფორმა პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, დაინტერესებულ ექსპერტებსა და მოქალაქეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ მათთვის საინტერესო სფერო და დაუყოვნებლივ მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლების, ხარჯების, ვალის, ინფრასტრუქტურული პროექტების, პროგრამული ბიუჯეტის, შესყიდვების შესახებ. ასევე, პლატფორმა წარმოადგენს ინფორმაციას აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესახებ, მარტივი ვიზუალური ფილტრებით და საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ჩაერთონ საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესებაში.“ – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში. 

პროექტზე მუშაობის მოტივებზე, პროცესსა და გამოწვევებზე მარკეტერი Leavingstone-ის პროექტების მენეჯერს – ქაქუცა ჯიქიძეს ესაუბრა:

M: რა იყო თქვენი მთავარი ინტერესი და მოტივი აუდიტის სამსახურის პლატფორმაზე მუშაობის დაწყებისას?
ეს პროექტი ავიღეთ, რადგან გვსურდა თითოეული მოქალაქისთვის შეგვექმნა ამგვარი ინფორმაციული, გამჭვირვალე და ადვილად აღქმადი (user-friendly) პლატფორმა. აუდიტის სამსახურს აქვს ანგარიშები, რომელსაც აქვეყნებს, მაგალითად, ბიუჯეტის გახარჯვასთან, ადმინისტრაციულ ხარჯებთან თუ ბიუჯეტის ათვისებასთან დაკავშირებული მონაცემებს; უბრალოდ, ეს დოკუმენტები, ასე ვთქვათ, არ არის იმდენდ აღქმადი და მოძიებადი თითოეული მოქალაქისთვის. ამიტომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან იყო გამოხატული სურვილი, რომ შეექმნათ ასეთი პლატფორმა, სადაც გაერთიანებული იქნებოდა მრავალი სახის ინფორმაცია, რაზეც აუდიტის სამსახური მუშაობს. ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ ჩვენ როგორც თითოეულ მოქალაქეს, შესაძლოა გვაინტერესებდეს რა ვითარებაშია ქვეყანა, რა სახელმწიფო ვალი გააჩნია, მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯები როგორ არის განაწილებული, რა პროექტებში იხარჯება ჩვენი გადასახადებით შეგროვილი თანხა და ა.შ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გვემუშავა ამ პროექტზე.

M: რის მიხედვით დაგეგმეთ პლატფორმის ინტერფეისი და რა გამოწვევები გქონდათ პროექტზე მუშაობისას?
პროექტის განმავლობაში გვქონდა უამრავი გამოწვევა, რადგან ეს პლატფორმა უნდა გაკეთებულიყო ორ გათვლაზე, ერთი იყო ყველასთვის მისაწვდომი ვებსაიტი და ამავდროიულად, მეორე – ის უნდა გაშვებულიყო პარლამენტში. ახლა, პარლამენტში დგას დიდი თაჩმონიტორი, სადაც ეს პლატფორმა მუდმივ რეჟიმშია წარმოდგენილი. პარლამენტის წევრებსა თუ სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ პლატფორმაზე მოცემულ ინფორმაციას, რადგან, რეალურად, ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული მოცემული ინფორმაცია მათ საქმიანობასთან. ინტერფეისი შესაბამისად უნდა დაგვეგეგმა, რომ მორგებული ყოფილიყო რიგით მომხმარებელზე. მაქსიმალურად ვეცადეთ, შემოგვეტანა ისეთი ელემენტები, რომ ვებგვერდი ყოფილიყო სახალისო, მეტად აღქმადი და ინტერაქციული. ეს ყველაფერი კი აუდიტის სამსახურთან რამდენიმეთვიანი მჭიდრო თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი“.

გარდა World Summit Award-ის 5 საუკეთესო Government & Citizen Engagement პლატფორმას შორის მოხვედრისა, budgetmonitor.ge-მ სექტემბერში, GIFT (Global Initiative for Fiscal Transparency)-ში გაიმარჯვა, რომელშიც 13 ქვეყნიდან (მათ შორის გერმანია, პორტუგალია, ბრაზილია და ა.შ.) 16 პლატფორმა მონაწილეობდა.

თეიკო ლომინაძე – #პირველისამსახური

უფრო მეტი საჩუქარი ყველაზე სწრაფებს! ჯიპიაიმ მეორე გათამაშება დააანონსა!