არგენტინის დედაქალაქი, ბუენოს-აირესი, ბიუროკრატიის შემცირებას ბლოკჩეინტექნოლოგიის ინტეგრირებით გეგმავს. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ქალაქის მოსახლეობას საკუთარ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებზე წვდომა და მათი განკარგვა ციფრული საფულის მეშვეობით შეეძლება. ახალი ციფრული პროტოკოლი 2023 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება და საწყისი ეტაპისთვის ბლოკჩეინზე დაბადებისა და ქორწინების მოწმობები იქნება ხელმისაწვდომი. ნოემბრიდან სისტემას შემოსავლისა და აკადემიური განათლების დამადასტურებელი მოწმობებიც დაემატება. წლის ბოლომდე კი პირის ჯანმრთელობისა და გადასახადების მონაცემების ინტეგრირებაც იგეგმება.
სერვისი განხორციელდება QuarkID (ადრე ცნობილი, როგორც Tangoid) ციფრული საფულით, რომელიც Web3 კომპანია Extrimian-მა შეიმუშავა. QuarkID ეთერიუმის ბლოკჩეინზე, უფრო კონკრეტულად კი – zkSync Era-ის L2 პროტოკოლით გაეშვება, რომელიც ე.წ. „ნულოვანი ცოდნის“ (zero-knowledge) მიდგომას იყენებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ერთ მხარეს, მეორეს დაუდასტუროს უწყისის/ცნობის/დოკუმენტის უტყუარობა, უკანასკნელში არსებული ინფორმაციის გაუმჟღავნებლად.
QuarkID საფულით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა უნდა გაიარონ ე.წ. „იცნობდე შენს მომხმარებელს“ (Know Your Customer/KYC) ბიომეტრიული პროცედურები და მოახდინონ საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირება. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამ სერვისით უზრუნველყოფა 2.5 მილიონ მომხმარებლამდე გაიზრდება.
ციფრულ საფულეებში შენახული ინფორმაცია იქნება თვითმართვადი, რაც მომხმარებლებს მისცემს სრულ კონტროლს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემების მართვაზე საჯარო უწყებებთან, კომპანიებთან და სხვა ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას. მხარეთა შორის გაცვლილი ინფორმაციის უტყუარობას კი ZkSync Era უზრუნველყოფს.
ინოვაციურ პროექტს ტვიტერზე უკვე გამოეხმაურნენ QuarkID და zkSync:
იხილეთ ტვიტი
არგენტინის დედაქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, ციფრული იდენტობის ეს პროექტი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს. ბუენოს-აირესის ინოვაციების მდივან დიეგო ფერნანდესის თქმით: „ამ ინოვაციით ბუენოს-აირესი ხდება პირველი ქალაქი ლათინურ ამერიკაში და ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომელიც ამ ახალ ტექნოლოგიას დანერგავს, მხარს დაუჭერს და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც შექმნის ბლოკჩეინტექნოლოგიის ხალხის სასარგებლოდ გამოყენების სტანდარტს“.
ამავე პოზიციას იზიარებს Extrimian-ის აღმასრულებელი დირექტორი, გილერმო ვილიანუევა: „ეს ლათინურ ამერიკაში საჯარო სერვისების გაუმჯობესებული უსაფრთხოებისა და ეფექტურობისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია. QuarkID ერთმანეთთან აახლოებს მთავრობასა და მოსახლეობას და ამასთან, ნერგავს ციფრული იდენტობის პრაქტიკას და უსაფრთხოების სტანდარტებს რეგიონში“.
ცხადია, როგორც ყველა ახალი ტექნოლოგიის დანერგვის შემთხვევაში, არსებობს კითხვები პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მხრივ, რაზეც შემქმნელები და ხელისუფლება მუშაობს. საინტერესოა, რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ბუენოს-აირესის პრაქტიკა და რამდენად გადაიღებენ მას რეგიონის სხვა ქალაქები.
ინფორმაციას Web3 ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ წარმოგიდგენთ coinmania.
[პარტნიორის კონტენტი]