in

როგორია შედეგი, როცა რეკლამაში ადამიანური კრეატივი და AI შესაძლებლობები ერთიანდება – AI სააგენტო Buff Labs

დრო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმების ატრიბუტი იყო, რამდენიმე წელია წარსულს ჩაბარდა. დღეს, AI სულ უფრო ინდუსტრიაში იკავებს ადგილს, მათ შორის, საინტერესო ტრანსფორმაცია სწორედ შემოქმედებით სფეროებში ხდება. რეკლამისა და მარკეტინგის სამყარო, რომელიც ტრადიციულად ადამიანური კრეატიულობის ერთ-ერთ ფლაგმანად მიიჩნევა, ახლა ტექნოლოგიასთან თანაცხოვრების ახალ მოდელს ეძებს.

თანამედროვე მარკეტერების რეალობა უპრეცედენტო გამოწვევებით აივსო – დატვირთული ციფრული სივრცე, მომხმარებლის შეზღუდული ყურადღება და მუდმივად ცვალებადი საჭიროებები. ამ მოვლენების ფონზე, ბაზარზე ჩნდებიან ახალი ტიპის მოთამაშეები, რომლებიც ტექნოლოგიასა და კრეატიულობას შორის ბალანსის თავისებურ ხედვას ეძებენ. მათ შორისაა Buff Labs – AI სააგენტო, რომელიც ცდილობს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ქართული სარეკლამო ბაზრისთვის ხელმისაწვდომი და პრაქტიკული გახადოს. დეტალებზე სააგენტოს თანადამფუძნებელი ლევან სირბილაძე გვესაუბრა.

M: როგორ აფასებთ დღევანდელ ბაზარს – რამდენად აქტუალურია დღეს AI სააგენტოები ქართული სარეკლამო ინდუსტრიისთვის?

ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ისეთი ტემპი აქვს, რომ უკვე ყველა სფეროში შეუმჩნევლად შეიჭრა. საინტერესო მომენტში ვართ – ერთი მხრივ, მარკეტერები უპრეცედენტო წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ: მეტი შედეგი, ნაკლები ბიუჯეტით, უფრო მჭიდრო ვადებში. მეორე მხრივ, ციფრული სივრცე კონტენტითაა გადატვირთული და ძნელია გამორჩევა.

ბევრი კომპანია გრძნობს, რომ AI-ს პოტენციალი უზარმაზარია, მაგრამ არ იციან საიდან დაიწყონ. თითქოს ყველა გრძნობს, რომ ვიღაცას მატარებელი არ უნდა ჩამორჩეს, მაგრამ კონკრეტულად რა ბილეთი უნდა იყიდონ, არ იციან. ჩვენი გამოცდილებით, ეს ტექნოლოგია ინდუსტრიის განუყოფელ ნაწილად აუცილებლად იქცევა – არა როგორც ადამიანის ჩამნაცვლებელი, არამედ როგორც კრეატიული პროცესების გამაძლიერებელი.

M: რა მიმართულებებზე მუშაობთ ძირითადად?

ჩვენი სამი მთავარი მიმართულება საკმაოდ ბუნებრივად ჩამოყალიბდა – სტატიკური ვიზუალები, კრეატიული პროდაქშენი და ინდივიდუალური გადაწყვეტილებები.

სტატიკის მხრივ, ვმუშაობთ სოციალური მედიის კონტენტზე, ბრენდის სტილზე მორგებულ ფოტომოდელებზე, პროდუქტის ვიზუალებზე და ყველაფერზე, სადაც გრაფიკული ელემენტი ფიგურირებს. თანამედროვე მოდელები როგორიცაა ფლაქს კონტექსტი, ნანო ბანანა და სიდრიმი, უკვე 4K ხარისხის ვიზუალებს ქმნიან. ამ მხრივ ტექნოლოგია ისე სწრაფად ვითარდება, რომ ამ სტატიის წაკითხვის დროისთვის შესაძლოა უკვე ახალი, უფრო ძლიერი მოდელი არსებობდეს.

კრეატიული პროდაქშენის კუთხით, ვმუშაობთ თიზერებზე, ანიმაციებზე და სრულ სარეკლამო რგოლებზე. საინტერესო ბალანსი გვაქვს – არ ვცდილობთ ხაზგასმით ვაჩვენოთ, რომ „ეს AI-თაა შექმნილი“. პირიქით, ვცდილობთ ტექნოლოგია ისე ინტეგრირდეს, როგორც მაგალითად CGI ინტეგრირდება კარგ ფილმში – შეუმჩნევლად, ისე რომ მთავარი გზავნილი და ემოცია წინა პლანზე რჩებოდეს.

რაც შეეხება ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, აქ ყველაფერი კლიენტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში შევქმენით ანო – ალტას AI კონტენტ კრეატორი.

M: რით განსხვავდება AI სააგენტოს სპეციფიკა ტრადიციული სააგენტოებისგან?

ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება სისწრაფესა და მასშტაბშია. ტრადიციულად, მარკეტერებს მუდმივად უწევდათ არჩევანის გაკეთება – ხარისხი თუ რაოდენობა. AI-ს გამოყენებით შესაძლებელი ხდება ორივეს მიღწევა – მეტი კონტენტის შექმნა მოკლე ვადებში, მოქნილი ბიუჯეტით.

საინტერესო პარადოქსი ჩნდება – იდეები, რომლებიც ადრე ფანტაზიის სფეროში რჩებოდა ტექნიკური ან ფინანსური შეზღუდვების გამო, ახლა განხორციელებადი ხდება. მაგალითად, კადრი, რომელიც კლიენტს თავიდანვე წარმოუდგენლად მიაჩნდა ბიუჯეტის გამო, ჩვენთან შესაძლებელია.

თუმცა, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვა – კონცეფციასა და იდეას ჯერჯერობით ვერ ვანდობთ მხოლოდ AI-ს. ტექნოლოგია ჯერ კიდევ პატერნებზე მუშაობს, არა ნამდვილ კრეატიულობაზე. არ გვინდა რომ ვინმეს ეგონოს, რომ საწყისივე ეტაპიდან დავალებას რომელიმე მოდელს ვაძლევთ და შემდეგ არაფერს ვაკეთებთ, ყოველ ნაბიჯზე სჭირდება ჩარევა, კორექტირება, თავიდან გაკეთება და ბევრი შესწორება, ხანდახან – ხელით ჩარევაც

ალბათ ზუსტად ეგ არის ჩვენი მთავარი განსხვავება – ადამიანური კრეატივისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების სწორი ბალანსი.

M: როგორ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით მუშაობა?

სარეკლამო ინდუსტრია ცდილობს ამ ცვლილებებს ფეხი აუწყოს, მაგრამ მალე, ყველაფერი კიდევ უფრო დაჩქარდება და ბევრი კომპანია ამისთვის მზად არ არის. გვინდოდა შეგვექმნა რაღაც, რაც ამ ტრანზიციის პერიოდში დაეხმარება როგორც სააგენტოებს, ასევე ბრენდებს.

ამ ინდუსტრიაში 2016 წლიდან ვართ და საკუთარი თვალით ვხედავდით, როგორ იცვლებოდა კონტენტის ფორმატი, როგორ იზრდებოდა მოთხოვნა რაოდენობაზე და იკლებდა დრო შესრულებაზე. თუ ადრე პროექტებს კვირები ან თვეებიც კი ეთმობოდა, დღეს, ყველაფერი 10-ჯერ უფრო სწრაფად უნდა მოხდეს.

საინტერესო ფაქტს გაგიზიარებთ – ალდაგის კამპანიაზე მუშაობისას, როცა პროექტი დასრულდა და კრედიტების მიწერის დრო დადგა, ალბათ ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მოკლე სია გამოგვივიდა – მთლიან პროდაქშენზე სულ სამი ადამიანი ვმუშაობდით.

M: როგორია თქვენი სამომავლო ხედვა?

AI-ს განვითარების ტემპი იმდენად სწრაფია, რომ ძნელია ზუსტი პროგნოზების გაკეთება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტექნოლოგია ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და უკვე ასეთი შთამბეჭდავი შედეგები მოაქვს, ძნელი წარმოსადგენია, თუ სად ვიქნებით ერთი წლის შემდეგ.

ჩვენი პირველი ნაბიჯია ბიზნესებს დავეხმაროთ გაერკვნენ ამ ახალ ტექნოლოგიებში და მოარგონ საკუთარ საჭიროებებს – დაწყებული კონტენტის ოპტიმიზაციით, დამთავრებული სრული ვორქფლოუს გადაწყობით. შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებულია ბაზრის მზაობასა და სითამამეზე.

საინტერესო დროში ვცხოვრობთ, სადაც ტექნოლოგიური შესაძლებლობები ყოველდღიურად იზრდება. საბოლოოდ, ალბათ მივალთ იქამდე, რომ ერთადერთი შეზღუდვა ჩვენი წარმოსახვა იქნება. როგორც კრეატორებს, ეს პერსპექტივა ძალიან გვამოტივირებს.

შემოდგომის რიტუალები — 7 გზა ცუდი ენერგიისგან გასათავისუფლებლად

საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკია – Global Finance