in

ქართული კონტენტსააგენტო Kling AI-ს პარტნიორია – Buff Labs გლობალურ AI-ბაზარზე

ქართული კონტენტსააგენტო Buff Labs” გახდა Kling AI-ს ოფიციალური პარტნიორი – კონკრეტულად კი მათი Elite Creators Program (ECP)-ის ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ ქართული გუნდი იმ გლობალურ ქსელში შევიდა, სადაც თავს იყრიან საუკეთესო AI ვიდეოკრეატორები და სააგენტოები, რომლებიც Kling-ის ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის კონტენტს ქმნიან.

BOG
BOG

პარტნიორობის მნიშვნელობა მხოლოდ სტატუსში არ გამოიხატება, ეს არის სარგებლის მთელი კასკადი, რომელსაც Buff Labs მიიღებს – ადრეული წვდომა Kling-ის ახალ ვიდეომოდელებზე (მაგალითად, მომავალი ვერსიები, როგორიც შეიძლება იყოს Kling 3.1 ან Kling 4), პირდაპირი კომუნიკაცია პლატფორმის გუნდთან, რეგულარული გენერაციის კრედიტები და საერთაშორისო კრეატორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. ამასთან, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოდან სააგენტო Kling-ის ECP პროგრამაში მოხვდა, რაც ადგილობრივ ინდუსტრიას გლობალურ რუკაზე გამოჩენის შანსს აძლევს.

რაც შეეხება ბაზარს, ეს სიახლე პირდაპირ მიუთითებს, რომ კონტენტის წარმოების მოდელი სწრაფად იცვლება. როგორც Buff Labs გვიზიარებს, წლების განმავლობაში სააგენტოები მუშაობდნენ ძველი სქემით: იღებდნენ ფიქსირებულ ჰონორარს და ერთ ვიდეორგოლზე დამატებით ძალიან დიდ ბიუჯეტს ხარჯავდნენ, რომლის შექმნასაც ხშირად თვეები სჭირდებოდა. საბოლოოდ კი ბრენდები იღებდნენ ერთ, დაახლოებით 45-წამიან ვიდეოს, რითაც მისი ეფექტიანობა ბოლომდე პროგნოზირებადი არ იყო.

„ახლა Buff Labs ამ მოდელს რადიკალურად ცვლის. სააგენტო წარმოადგენს ახალი თაობის კონტენტსტუდიას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებით მუშაობს და ტრადიციული გადაღების პროცესს: კამერებს, განათებასა და დიდ გადამღებ ჯგუფებს, პრაქტიკულად, გამორიცხავს. ამის შედეგად, კონტენტის წარმოება ხდება უფრო იაფი, სწრაფი და მასშტაბური, ხოლო ხარისხი, თანამედროვე AI-მოდელების წყალობით – მაღალი”, – გვეუბნება ლევან სირბილაძე, Buff Labs-ის თანადამფუძნებელი.

დღევანდელ რეალობაში ბრენდებისთვის ერთჯერადი „დიდი“ ვიდეო აღარ არის საკმარისი. ყურადღების მოსაზიდად საჭიროა დიდი რაოდენობით, მუდმივად განახლებადი კონტენტი და სწორედ აქ ჩნდება AI-ზე დაფუძნებული სააგენტოების უპირატესობა.

„კონტენტის რაოდენობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა ბრენდებისთვის, რადგან ამ გზით მომხმარებლის ყურადღებას იპყრობენ, ჩვენ კი დიდი რაოდენობის კონტენტის წარმოება მოკლე დროში შეგვიძლია. Buff Labs კამერებით, განათებებით და ბევრი ადამიანით არ მუშაობს, კონტენტის ფასიც დრამატულად დაბალია, ხოლო ხარისხი – რომელსაც AI-ს ახალი მოდელები გვაძლევს, ძალიან მაღალი. სხვა სიტყვებით, ეს მხოლოდ დასაწყისია”, – ლევან სირბილაძე.

ამ პარტნიორობას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიც აქვს: ის შეიძლება გახდეს სტიმული სხვა ქართველი კრეატორებისა და სააგენტოებისთვის, რომ ჩაერთონ მსგავს გლობალურ პროგრამებში. Kling არ არის ერთადერთი პლატფორმა, რომელიც ასეთ კოლაბორაციებს გვთავაზობს, თუმცა მისი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ვიდეო-AI-მოდელის არჩევა, სტრატეგიულად ძლიერი ნაბიჯია.

საბოლოოდ, ეს ამბავი მხოლოდ ერთი სააგენტოს წარმატება არ არის – ეს არის სიგნალი, რომ საქართველო ნელ-ნელა ერთვება გლობალურ AI კონტენტინდუსტრიაში, სადაც სისწრაფე, მასშტაბი და ტექნოლოგიური ადაპტაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„ექსტრა” – ყველაზე დიდი ციფრული მარკეტფლეისი საქართველოში

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ის და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის