in

Buff Labs X Higgsfield – ქართული კონტენტსააგენტოსა და საერთაშორისო პლატფორმის დამეგობრება

„დღეს მსოფლიოში სულ 400 პარტნიორი ჰყავს და ერთ-ერთი ჩვენ ვართ“

ქართული AI-კონტენტსააგენტო Buff Labs აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან დამეგობრებას. ალბათ, ჩვენს ერთგულ მკითხველს ახსოვს, ცოტა ხნის წინ Buff Labs-ისა და Kling AI-ს პარტნირობაზე რომ ვუყვებოდით, ახლა კი სიას შეემატა ერთ-ერთი უდიდესი AI-პლატფორმა Higgsfield. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს თანამშრომლობა მათ მისცემს ადრეულ წვდომას ახალ AI-მოდელებზე, საერთაშორისო კრეატორებთან კოლაბორაციის შესაძლებლობასა და პირდაპირ კომუნიკაციაზე Higgsfield-ის გუნდთან.

BOG
BOG

Higgsfield დღეს AI-ვიდეოკონტენტის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ მის პარტნიორთა გლობალურ პროგრამას, რომელიც ამ ეტაპზე დაახლოებით 400 წევრს აერთიანებს, საქართველოდან სწორედ Buff Labs შეუერთდა. ისტორიის ინსპირაციული ნაწილი ისაა, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გუნდს ამაზე, უბრალოდ, ოცნება შეეძლო, დღეს კი ეს რეალობად იქცა.

თუ როგორ შედგა კიდევ ერთი სასარგებლო პარტნიორობა, თავად Buff Labs-ის თანადამფუძნებელი ლევან სირბილაძე ინტერვიუში გვიყვება:

M: როგორ დაიწყო Higgsfield-თან თქვენი ურთიერთობა და რას ნიშნავს ეს პარტნიორობა Buff Labs-ისთვის?

ზუსტად ერთი წელია, რაც Buff Labs არსებობს და სწორედ ამ პერიოდში, როდესაც სხვადასხვა AI-პლატფორმას ვტესტავდით, Higgsfield აღმოვაჩინეთ. იმდენად მოგვწონდა, რასაც აკეთებდნენ, რომ დაუფიქრებლად ერთწლიანი გამოწერა შევიძინეთ. იმ დროს არც კი წარმოგვედგინა, რომ ოდესმე მათი პარტნიორები გავხდებოდით.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი თავად დაგვიკავშირდნენ და პარტნიორულ პროგრამაში გაწევრიანება შემოგვთავაზეს. დღეს Higgsfield-ს მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 400 პარტნიორი ჰყავს და მათ შორის საქართველოდან ერთ-ერთი სწორედ Buff Labs-ია.

ეს ჩვენთვის რამდენიმე მიმართულებითაა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, მივიღებთ ადრეულ წვდომას ახალ AI-მოდელებზე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს კლიენტებს იმ ტექნოლოგიებით შევთავაზებთ მუშაობას, რომლებიც ფართო ბაზრისთვის ჯერ ხელმისაწვდომი არც იქნება. ამასთან ერთად, პარტნიორობა მოიცავს ფინანსურ მხარდაჭერას, უფასო გამოწერასა და კრედიტებს, საერთაშორისო კრეატორებთან თანამშრომლობას, Higgsfield Creators-ის პლატფორმაზე წვდომასა და კომპანიის გუნდთან პირდაპირ კომუნიკაციას.

M: რატომ შეარჩია Higgsfield-მა სწორედ Buff Labs?

ამ კითხვას ყველაზე კარგად თავად Higgsfield-ის გზავნილი პასუხობს:

“Your approach of combining hand-drawn sketches with AI animation and After Effects post-production is really unique. That blend of traditional and AI workflows is exactly the kind of creative process we love to support.”

Higgsfield პარტნიორებს მათი ნამუშევრებისა და ხარისხის მიხედვით არჩევს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ სისტემატურად ვქმნიდით კომერციულ AI-კონტენტს ბრენდებისთვის და არა მხოლოდ ექსპერიმენტულ პროექტებს.

დღეს უკვე 40-ზე მეტ კლიენტთან ვმუშაობთ და ვთავაზობთ სრულ სერვისს: AI Content Production-ს, Motion-სა და VFX-ს. ვფიქრობ, სწორედ რეალურმა კომერციულმა გამოცდილებამ, რეგიონულმა პოზიციონირებამ და AI-მოდელების ეფექტიანად გამოყენებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი.

M: რას შეცვლის ეს პარტნიორობა ქართველი ბრენდებისა და კრეატიული სააგენტოებისთვის?

ჩვენი კლიენტებისთვის ეს ნიშნავს, რომ შეძლებენ საუკეთესო ხარისხის მიღებას უახლესი ვიდეო და ფოტოგენერატორების გამოყენებით.

AI-ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება და თითქმის ყოველთვიურად ჩნდება ახალი მოდელები, რომლებიც იმას აკეთებენ, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. როდესაც კომპანიას შეუძლია, ასეთი შესაძლებლობა კონკურენტებზე ადრე გამოიყენოს, ეს რეალური უპირატესობაა. სწორედ ამის შეთავაზებას შევძლებთ ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში.

კრეატიული სააგენტოებისა და ტრადიციული ფროდაქშენებისთვის კი ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ჰიბრიდული კამპანიის დაგეგმვა იქნება შესაძლებელი – იქ, სადაც უკვე გადაღებულ მასალას AI-ს დახმარებით ნებისმიერი მიმართულებით გარდავქმნით. 

ფაქტობრივად, ჩვენ ტრადიციული VFX-ის უფრო სწრაფ და მოქნილ ალტერნატივას ვთავაზობთ.

M: რა არის Buff Labs-ის შემდეგი მიზანი?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი არის, საქართველო AI-ინდუსტრიის გლობალურ რუკაზე გამოვაჩინოთ.

პარალელად ისიც გამოდგება, თუ როგორ განვითარდა ჩვენი მეზობელი ინდუსტრია – კრეატიული სააგენტოები. ზუსტად იგივე ვითარება იყო დაახლოებით 10 წლის წინ – არ არსებობდა Ad Black Sea, არავინ იცოდა, რა არის „კანის ლომები”, Clio ან D&AD. ერთ დღეს კი მოხდა ინდუსტრიის „აფეთქება”, გლობალურ რუკაზე გამოვჩნდით და დანარჩენი, რაც მოხდა, უკვე ისტორიაა. ზუსტად იმავე ისტორიის დასაწყისში ვდგავართ ჩვენ ახლა. 

კონკრეტულად Higgsfield-თან კი ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს: საერთო პროექტები საერთაშორისო კრეატორებთან, წვდომა მეტ გლობალურ კლიენტთან, Higgsfield-ის კონფერენციებზე, მითაფებზე და სამიტებზე დასწრება სხვადასხვა ქვეყანაში და შეიძლება ერთ დღეს მათი საქართველოში ჩამოყვანაც დაიგეგმოს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რომელია შენი სტილი ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობაში?

ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა