in

„ბუღდაჯანა“ – სენდვიჩების ქართული ბრენდი, რომლის კონცეფციასაც ზღაპრის ფილოსოფია წარმოადგენს

Startauperi
Startauperi

ქუთაისში, სასურსათო მაღაზიის დახლებზე გამოჩნდა ბუღდაჯანა, ქართული საკვები პროდუქტი, რომელიც სახლში მომზადებული ტოსტის სენდვიჩების მსგავს ვარიაციას წარმოადგენს და გვპირდება, რომ ვინც მას შეჭამს, რატატუის კრიტიკოსივით, უცებ გადავარდება ბავშვობაში. რაც შეეხებათ თავად ბავშვებს, მათ თვით ბუღდაჯანა წაიყვანს სიზმრების კინოთეატრში, რადგან ყველა სენდვიჩს ბილეთი მოჰყვება თან. „ბუღდაჯანა“ მომხმარებლებთან საკომუნიკაციოდ ილუსტრაციებს იყენებს ზღაპრის აღწერებით, რომელსაც პოეტი დიანა ანფიმიადი ქმნის. რაც შეეხება ილუსტრაციებს, მასზე ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები მუშაობენ. კომუნიკაციის ასეთი ფორმის მთავარი მიზანი არის იმის ჩვენება, რომ ბუღდაჯანა არის არის საშიში. ის ბავშვობის საშიში პერსონაჟების: „ბუას“, „გუდიანის“ ნათესაური ოჯახიდანაა და დაკისრებული აქვს მისია, რომ ერის ბავშვებში გააღვიძოს სიმამაცე, რათა დაძლიონ ფსევდოშიშები. მარკეტერი „ბუღდაჯანას“ დამფუძნებელს, ნატალი პატარიძეს ესაუბრა:

M: როგორ, რა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა „ბუღდაჯანა“?
შემიძლია ვთქვა, „სიახლის ძიება“ არის ჩემი სიტყვა. პროფესიით ვარ ხელოვნებთამცოდნე, 8 წელია, ვმუშაობ კულტურის მენეჯმენტის დარგში, სადაც გვაქვს არაფორმალური სახელოვნებო მიმართულების „ახალგაზრდული ცენტრი“. ერთ მშვენიერ დღეს, როცა სტაბილურობა ვიგრძენი იმ საქმეში, რომელიც 4 წლის წინ, ჩემმა მეგობრებმა და მე შევქმენით, მივხვდი, რომ მჭირდებოდა სიახლე და ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო კვების სფეროსთან დაკავშირებული. იმის გამო, რომ გამუდმებით დიეტაზე ვარ, ჩემი ფიქრებით კონცენტრირებული ვარ ამ თემაზე. საბოლოოდ, რაზეც ბევრს ფიქრობ ხომ ის გამოგდის და სწორედ ასე დაიბადა „ბუღდაჯანაც“.

 M: რა გახდა ბაზრისთვის ამ პროდუქტის შეთავაზების საფუძველი და ვის მოიაზრებთ თქვენს სამიზნე სეგმენტად?
ხშირად ქართული ბიზნესის მრავალფეროვნების პრობლემა მგონი არის ის, რომ ცდილობს, რაღაც რთული გამოიგონოს. სინამდვილეში უნდა გამოხვიდე მომხმარებლის ყოფითი ინტერესებიდან. ხშირად მდომებია გამომცხვარი, სხვადასხვა ასორტიმენტის ღვეზელის გარდა, რაღაც ისეთი დამხვედროდა მაღაზიაში, რაც სახლში საუზმის რიტუალის შეგრძნებას მომცემდა. გარდა ამისა, ვიფიქრე დასაქმებულ ქალებზე, რომლებსაც არ აქვთ ბევრი დრო და ჰყავთ შვილები, მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები. ჩემი დილის გრაფიკი ბუღდაჯანამ ნამდვილად შეამსუბუქა, მზა სენდვიჩებს ვატან შვილებს სკოლაში.

M: სად და როგორ მზადდება „ბუღდაჯანას“ სენდვიჩები?
ჩვენ გვაქვს პატარა საწარმო ქალაქ ქუთაისში, სადაც ამ ეტაპზე დასაქმებულია რამდენიმე მზარეული, რომლებიც ალპური ყველითა და ძეხვით ამზადებენ ჩვენს სენდვიჩებს. ტერიტორიულად, ახალგაზრდულ ცენტრთან არსებულ დამატებით შენობა-ნაგებობაში მოვაწყვეთ, რომ შემეთავსებინა ჩემს ძირითად საქმიანობასთან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ბუღდაჯანამ“ შეძლო გოგონები დაესაქმებინა დისტრიბუციაში და დღეს გვყავს ორი არაჩვეულებრივი თანამშრომელი – მცირეწლოვანის დედა და სტუდენტი.

M: რატომ გადაწყვიტეთ, რომ ბრენდის ფილოსოფიის ლიტერატურულ გამოხატვაზე დიანა ანფიმიადს ემუშავა და რამდენად სწორად მიდის გზავნილები ადრესატამდე?
დიანა ანფიმიადისთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. როცა დავფიქრდი, რომელი მწერლისთვის შეიძლებოდა შემეთავაზებინა საკვებ პროდუქტზე წერა, რა თქმა უნდა, გამახსენდა დიანა, რომელიც პირად ამბებად აქცევს კულინარიას. დიანას პერსონაჟი „ბუღდაჯანა“ ზუსტად ამართლებს ჩვენს კონცეფციას, რომ ბავშვებმა საშიში არსებების მიღმა მათი ახალი მეგობრები აღმოაჩინონ. კაცობრიობის თანდაყოლილი შიშია სიახლის შიში. ყველაფერი, რაც ახალია ან არ ვიცნობთ, გვეშინია მისი აღმოჩენისა და შეცნობის. ზუსტად ამიტომ დაიბადა ბუღდაჯანა, რომ საწოლის ქვეშ მოთავსებული ურჩხულიდან მსუქანა ბომბორას ნათესავი ამოვიცნოთ, რომელიც არათუ საშიშია, შეუძლია, გემრიელადაც გამოგკვებოს. M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და გამოწვევები?
წლის ბოლოს „ბუღდაჯანას“ ამბის წიგნად გამოცემას ვგეგმავთ. ამჟამად, ჩვენი მთავარი მიზანია სარეალიზაციო არეალის გაფართოება. გვინდა, მალე შევიდეთ თბილისის ქსელურ მაღაზიებშიც.

ჯადოსნური ყუთი და დროში მოგზაურობის ემოციური ამბავი – Walmart-ის ვიდეორგოლი

როგორ გავხდეთ საინტერესო თანამოსაუბრე?!