სოციალური ურთიერთობების დამყარება სულ უფრო რთულდება. მიუხედავად იმისა, რომ ციფრულად უფრო მეტად ვართ კავშირზე, ვიდრე ოდესმე, საზოგადოებაში მარტოობის რეკორდული დონე ფიქსირდება. ბევრი ახლად დამკვიდრებული კულტურული ნორმა ემოციურად ერთმანეთს გვაშორებს. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ და ვიყენებდეთ მეცნიერულად დადასტურებულ საფუძვლებს სრულფასოვანი სოციალური ცხოვრებისთვის.
სოციალური კავშირი არ არის ფუფუნება
გინდათ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად? გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ მეგობრებთან, ვიდრე ადრე. ადამიანების დაახლოებით ნახევარს სურს მეტი დრო ჰქონდეს მეგობრებთან სატარებლად. ეს ტენდენცია ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას ჩვენი დატვირთული განრიგით, მაგრამ ასევე შეიძლება ასახავდეს პრიორიტეტების ცვლილებასაც.
სოციალური კავშირი ჩვენი ფუნდამენტური საჭიროებაა. ჩვენ უფრო ბედნიერ, ჯანმრთელ და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვეწევით, როდესაც საკმარისად გვაქვს ის. თუმცა, თანამედროვე სამყაროში, სოციალიზაციას ხშირად აღვიქვამთ როგორც ფუფუნებას, რომლის გარეშეც შეგვიძლია ცხოვრება.
აზრმა, რომ სოციალური კავშირი ფუფუნებაა და არა აუცილებელი საჭიროება – შეიძლება შექმნას ბარიერი სოციალური კავშირებისთვის, რომელსაც შეიძლება ვერც კი ვაცნობიერებდეთ. ამ ბარიერის დასაძლევად უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალური კავშირი არის ჯანმრთელობის აუცილებელი ქცევა (ისევე მნიშვნელოვანი, როგორც ძილი, ვარჯიში და კარგი კვება) და მას შესაბამისი პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ.
თანამედროვე ცხოვრების ნორმები ართულებს ურთიერთობებს
სოციალური ნორმები ნორმალური ან მისაღები ქცევისთვის დაუწერელი წესებია. აშშ-ში სოციალური ნორმები მოიცავს ხელის ჩამორთმევას მისალმებისას, „გთხოვთ“ და „გმადლობთ“-ის თქმას და ადამიანებისთვის საკმარისი პირადი სივრცის მიცემას. კარგია ამ ტიპის სოციალურ ნორმებს მივსდიოთ, რადგან ეს ეხმარება ადამიანებს იცოდნენ, რას უნდა ელოდნენ სოციალური ინტერაქციების დროს. ასევე, ეს სხვებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაში გვეხმარება.
თუმცა, არსებობს სხვა სოციალური ნორმები, რომელთა დარღვევაც უნდა განვიხილოთ. მოდით განვიხილოთ შედარებით ახალი ნორმა: ტელეფონების გამოყენება სოციალურ გარემოში. ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის მოზრდილთა თითქმის 90%-მა აღიარა, რომ იყენებდა ტელეფონს თავისი ბოლო სოციალური ინტერაქციის დროს. ამის დანახვა შეიძლება თითქმის ნებისმიერ წვეულებაზე.
გქონიათ გამოცდილება, როდესაც ვიღაც რეგულარულად უყურებდა თავის ტელეფონს, როდესაც თქვენ მნიშვნელოვან რამეს უყვებოდით? ან – უარესი – გქონიათ შემთხვევა, როდესაც თანამოსაუბრე სხვის ტექსტურ შეტყობინებას პასუხობდა, როდესაც თქვენ მასთან საუბრობდით? ეს ცუდ გრძნობას იწვევს. კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი ქცევა გვაგრძნობინებს თავს უარყოფილად და ნაკლებად დაკავშირებულად ჩვენს სოციალურ პარტნიორებთან. ეს ქცევა ასევე არის გაზრდილი კონფლიქტების მიზეზი წყვილებში.
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია სოციალურ ნორმებს გაართულოს კავშირი. დღეს, ბევრი ადამიანი ცხოვრობს მარტო და მუშაობს დისტანციურად. ასევე დაკავებულობა ცხოვრების წესია. ჩვენ იმ დონემდე ვავსებთ ჩვენს განრიგს, რომ ცოტა დრო რჩება სპონტანური კავშირებისთვის. დამატებით, ბევრი თანამედროვე მშობელი მსხვერპლად სწირავს საკუთარ სოციალურ ცხოვრებას შვილების აქტივობების მხარდასაჭერად.
ჩვენი ვარაუდები ადამიანების შესახებ, ხშირად, მცდარია
ოდესმე გინერვიულიათ სოციალური შეცდომის გამო, რომელიც სინამდვილეში, არავის შეუმჩნევია და არც არავის უდარდია? ოდესმე გიგრძნიათ თავი უარყოფილად, როდესაც მეგობარმა არ გიპასუხათ ტექსტზე და შემდეგ გაგიგიათ, რომ მან ტელეფონი დაკარგა? მაშინ სოციალური სიგნალების არასწორად წაკითხვის გამოცდილება გექნებათ. ბოლოს და ბოლოს, სხვა ადამიანების გაგება არ არის ადვილი საქმე! ჩვენ არ შეგვიძლია აზრების წაკითხვა, ამიტომ ვაკეთებთ დასკვნებს სხვების აზრების, გრძნობებისა და განზრახვების შესახებ. ათწლეულების კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი დასკვნები ხშირად მცდარია.
სხვა ადამიანების შესახებ ჩვენი მცდარი აღქმები შეიძლება შექმნას ბარიერი სოციალური კავშირისთვის. ეს ბარიერი შეიძლება დავძლიოთ უფრო პოზიტიური მიდგომის მიღებით. ელოდეთ, რომ ადამიანებს მოეწონებით. ელოდეთ, რომ ისინი დააფასებენ თქვენს მადლიერებას, მხარდაჭერას და სიკეთეს. დიდი ალბათობით, ისინი მართლაც დააფასებენ. იმ იშვიათ შემთხვევაში, თუ არ დააფასებენ, ეს სავარაუდოდ თქვენთან არაფერ შუაშია.
ურთიერთობის შესაძლებლობები ჩვენ თვალწინ
ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მეგობრების შეძენა იდუმალი პროცესია ან განისაზღვრება ადამიანის უნიკალური თვისებებით – როგორიცაა იუმორის გრძნობა ან კარგი გარეგნობა. ეს ფაქტორები მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ კვლევები გვიჩვენებს, რომ მოწონება ასევე გამოწვეულია მარტივი, ყოველდღიური ფაქტორებით – როგორიცაა რამდენად ხშირად გადაიკვეთება თქვენი გზები ან რამდენი რამ გაქვთ საერთო.
ერთ-ერთი ყველაზე გაუთვალისწინებელი ფაქტორია სიახლოვე. სოციალური ფსიქოლოგის ელიოტ არონსონის სიტყვებით, „ადამიანები, რომლებიც გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს არიან თქვენთან, სავარაუდოდ ყველაზე ახლობლებიც გახდებიან“. სიახლოვის ძალაში არაფერია იდუმალი. რაც უფრო ხშირად ხედავთ ვინმეს, მით მეტი შესაძლებლობაა ერთმანეთს გაუღიმოთ, მიესალმოთ, დაიწყოთ საუბარი და აღმოაჩინოთ საერთო ინტერესები. სიახლოვის ძალა გამომდინარეობს ძალიან ბაზისური ფსიქოლოგიური ფენომენიდან, რომელსაც უბრალო ექსპოზიციის ეფექტი ეწოდება.
ჩართეთ კამერა Zoom-ის შეხვედრებზე, დაწერეთ კომენტარები თქვენი მეგობრების სოციალური მედიის პოსტებზე, ან წადით იოგაზე ნაცვლად იმისა, რომ სტრიმინგით უყუროთ გაკვეთილს თქვენს ოთახში. ეცადეთ გამოჩნდეთ. შეგიძლიათ ცადოთ სპორტდარბაზში სიარული ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს ზრდის შანსებს, რომ ერთსა და იმავე ადამიანებს შეხვდეთ ხოლმე. დროთა განმავლობაში, დაიწყებთ სხვების ცნობას და ისინიც დაიწყებენ თქვენს ცნობას, რამაც შეიძლება რაღაც მეტს მისცეს საფუძველი.
ეს რჩევა განსაკუთრებით სასარგებლოა მორცხვი ადამიანებისთვის. არ არის საჭირო იყოთ ყველაზე მახვილგონიერი ან ექსტრავერტი ოთახში – შეიძლება უბრალოდ გამოჩენა იყოს საკმარისი.
გახსნა სარისკოა, მაგრამ ღირს
როგორ გრძნობთ თავს ღრმა საუბრებისას? სადაც აღიარებთ თქვენს არასრულყოფილებებს, გაზიარებთ თქვენს ნამდვილ გრძნობებს ან ამჟღავნებთ თქვენს ყველაზე ღრმა სურვილებს… როგორ გრძნობთ თავს მეგობრობაში თქვენი „ნამდვილი მეს“ ჩვენებისას? კვლევები გვიჩვენებს, რომ ბევრი ჩვენგანი თავს იკავებს ამ ტიპის ქცევებისგან, მაგრამ ისინი არის გასაღები ურთიერთობებში მეტი სიახლოვის მისაღწევად.
წყარო: Fastcompany