თუ ბავშვებისთვის ზღაპრების წაკითხვას ან ამბების მოყოლას ხშირად ვერ ახერხებთ, მაგრამ იმასაც ხვდებით, რომ ეს მათი განვითარებისთვის აუცილებელია, შეგიძლიათ, საბავშვო აუდიო ზღაპრების აპლიკაციით, სახელწოდებით „ბულბული“, ისარგებლოთ. აქ ქართული და მსოფლიო ზღაპრები, პროფესიონალი მსახიობების მიერ მრავალფეროვანი ხმოვანი ეფექტებითა და მუსიკით, ქართულ ენაზეა გახმოვანებული.
„ბულბულის“ შექმნის იდეა გიორგი კაპანაძეს, ნათია ამირიძესა და მიხო მაისურაძეს წელიწადნახევრის წინ გაუჩნდათ. როგორც მშობლებს, მათ ისეთი მასალის პოვნა სურდათ, რომელსაც შვილებს სიამოვნებით მოასმენინებდნენ, მაგრამ რადგან ვერ იპოვეს, მისი შექმნა თავადვე გადაწყვიტეს…
ახალი ქართული აპლიკაციის შესახებ უფრო მეტის გასაგებად კი „ბულბულის“ თანადამფუძნებელს ნათია ამირიძეს გავესაუბრეთ:
M: რისთვის შეიქმნა „ბულბული“?
იდეა იმ საჭიროებიდან გამომდინარე განვახორციელეთ, რომელსაც ჩვენ, როგორც მშობლები, წლების მანძილზე ვხედავდით. ინტერნეტში მრავლადაა დაბალი მხატვრული და საშემსრულებლო ხარისხის ზღაპრები და ისტორიები. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ბავშვებს მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალის მიწოდებით ექნებათ საშუალება, გაიუმჯობესონ მეხსიერება და მოსმენის უნარი, გაიღრმავონ წარმოსახვა და ფანტაზია, გამოიმუშავონ გამართული თხრობის სტილი და გაზარდონ სიტყვათა მარაგი. რაც მთავარია, ბავშვობიდან შეიყვარონ წიგნები, დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა და ნაკლები დრო გაატარონ ტელეფონის ეკრანთან. სწორედ ამიტომ, ვეცადეთ ამ ყველაფერს უფრო მეტი აუდიო დატვირთვა ჰქონოდა, ვიდრე ვიზუალური.
ჩვენი პროექტი საზღვარგარეთ აღზრდილი ქართულად მოსაუბრე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვისაც სასარგებლო უნდა იყოს, რადგან ემიგრაციაში ქართული ენის შენარჩუნებისა და თაობებისთვის გადაცემის პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ “ბულბული“ ამ საკითხის გადაჭრას სულ ცოტათი მაინც დაეხმარება და ბავშვებს სწორი ქართული მეტყველების მოსმენისა და უფრო გამართული საუბრის სწავლის საშუალებას მისცემს.
M: როგორ უნდა ვისარგებლო აუდიო ზღაპრების აპლიკაციით?
აპლიკაციის გადმოწერა iOS და Android მოწყობილობებზეა შესაძლებელი. დარეგისტრირების შემდეგ, შეგიძლიათ, რამდენიმე ზღაპარი უფასოდ მოისმინოთ და შესრულების მაღალ ხარისხშიც დარწმუნდეთ. შემდგომ კი თქვენს პატარებს ზღაპრების მუდმივად განახლებად აუდიო ბაზაზე სრული წვდომა მისცეთ, რომლის ღირებულებაც თვეში 3.99 ლარია (ან 40 ლარი წელიწადში). საშუალოდ კი, ყოველ ხუთ დღეში ერთხელ აპლიკაციას ახალი ზღაპარი დაემატება, რათა პატარებს არჩევანის საშუალება და სიახლის მოლოდინი მუდმივად ჰქონდეთ.
M: რის მიხედვით არჩევთ, რომელი ზღაპრები გაახმოვანოთ?
მარტივად რომ გიპასუხოთ, ვარჩევთ იმ ზღაპრებს, რომელთა მოყოლის სურვილიც ჩვენი შვილებისათვის გვექნებოდა. მრავალფეროვნებისთვის უკვე არაერთი ქართული და მსოფლიო ზღაპარიც ჩავწერეთ. მათ ათზე მეტი ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელი მსახიობი ახმოვანებს. ზოგადად კი, ჩვენთვის შემოქმედებითი პროცესის ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი შემფასებელი ბავშვია, რომელიც ბევრად უფრო მგრძნობიარე და გულჩვილია, ვიდრე ზრდასრული ადამიანი.
ისიც მართალია, რომ ზღაპრების უმეტესობა კეთილად მთავრდება, მაგრამ მაინც ვცდილობთ ავიცილოთ ის, რომელიც აშკარა ძალადობას, უთანასწორობას, დისკრიმინაციას და ა. შ. შეიძლება შეიცავდეს. სიმართლე გითხრათ, ზღაპარში ეს ასჯერ უფრო ძნელია, ვიდრე რეალობაში… ხოლო, როცა ამბავს არც ისე კეთილი დასასრული აქვს, ვცდილობთ, შევინარჩუნოთ საღი აზრი და პატარებს შევუქმნათ წარმოდგენა, რომ კეთილი ბოროტზე თითქმის ყოველთვის იმარჯვებს.
M: რატომ შეარჩიეთ სახელი „ბულბული“?
გვსურდა აპლიკაციის სახელი ბავშვისთვის ადვილად წარმოსათქმელი, პოზიტიურ არსებასთან ან პროცესთან დაკავშირებული, მარტივად ხელმისაწვდომი და მეტნაკლებად საერთაშორისოც ყოფილიყო. ბოლოს კი მივედით „ბულბულთან“, რომელიც იმავე ფრინველს ბევრ სხვა ენაზეც ნიშნავს და ვფიქრობ, სწორი არჩევანიც გავაკეთეთ — ბულბული ყველას უყვარს, ის ყველასთვის სასიამოვნო მოსასმენია და მას მრავალ ქვეყანაში მრავალი ისტორიისთვის მოუკრავს ყური.
M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ზღაპრების გარდა, აპლიკაციას სხვადასხვა ისტორია, მითები თუ იგავ–არაკები დაემატება. ასევე, ქართველი ავტორების წახალისება გვსურს, აქ მათ მიერ მოწოდებული ჯერ გამოუქვეყნებელი ან უკვე გამოქვეყნებული ზღაპრების ჩაწერა იგულისხმება. ბუნებრივია, ამ ყველაფერს თამაშის წესების სრული დაცვით გავაკეთებთ — საუბარია როგორც ფინანსურ, ისე საავტორო მხარეზე.
ვეცდებით „ბულბული“ ბავშვებისთვისა და მათი მშობლებისთვის საყვარელ აპლიკაციადაც ვაქციოთ და პროცესში მათი რეკომენდაციებიც გავითვალისწინოთ. სერვისის ჯეროვნად გატესტვისა და გაუმჯობესების შემდგომ კი, უფრო დიდ ბაზარზე გასვლას ვგეგმავთ, მათ შორის მეზობელ ქვეყნებშიც…