ფინანსებში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების, საფონდო ბირჟის, ინვესტიციებისა და ინვესტირების შემდეგ, დროა, Bull და Bear ბაზრები განვიხილოთ. მოდით, ჯერ განმარტებით დავიწყოთ – Bull ბაზარი ნიშნავს საფონდო ბირჟაზე აღმავალ პერიოდს, ანუ როცა აქციების ფასები იზრდება. Bear ბაზარი კი პირიქით – დაღმავალი პერიოდია, როდესაც აქციათა უმრავლესობის ღირებულება მცირდება.
Bull და Bear ბაზრები ინვესტირების საკვანძო ტერმინები და სიმბოლოებია. ისინი საფონდო ბირჟაზე არსებულ პოზიტიურ ან ნეგატიურ ვითარებას გამოხატავს. მართალია, კლასიფიკაციის ოფიციალური წესი არ არსებობს, მაგრამ Bull მარკეტის ტენდენცია აქციებზე ფასების, ძირითადად, 20%-იანი ზრდა, Bear მარკეტისთვის კი – 20%-იანი კლებაა. ეს პოზიტიური და ნეგატიური ცვლილება ყველა ტიპის აქტივს ეხება. აქედან გამომდინარე დამკვიდრდა ტერმინებიც და ინვესტორებისგან ხშირად გაიგებთ ფრაზებს “bullish“ ანუ ოპტიმისტური წყობა და “bearish“ – ნეგატიური წყობა“.
მაგალითი: 1990-იან წლებში, ინტერნეტ ბუმის პირველი ტალღის გავლენით, დაფიქსირდა ყველაზე ცნობილი Bull ბაზრები – 1990 წლის ოქტომბრიდან 2000 წლის მარტამდე, S&P 500-ის საფონდო ინდექსი 418%-ით გაიზარდა. შემდეგ კლების ტენდენცია დაიწყო, იგივე Bear მარკეტის შემთხვევა – S&P 500-ის საფონდო ინდექსი, 2002 წლის სექტემბრისთვის 40%-ით დაეცა.
Bull და Bear ბაზრები, „ემოჯიებს“ რომ შევადაროთ, ასეთი სურათი გვექნება – აღმასვლა, ოპტიმიზმი, ანუ – ? და კლება, პესიმიზმი, ანუ – ?
რატომ სახელწოდება – Bull და Bear ბაზრები?
ბევრი მოსაზრება არსებობს, იმასთან დაკავშირებით, როგორ მიიღო საფონდო ბირჟაზე ნეგატიურმა და პოზიტიურმა ტენდენციებმა ასეთი ვიზუალიზაცია და სახელები. ყველაზე გავრცელებული და ალბათ, რეალობასთან მეტ-ნაკლებად მიახლოებული ბუნებასთან და ისტორიასთან დაკავშირებული არგუმენტებია.
ბუნებასთან დაკავშირებული არგუმენტი – ხარი რქებით, ზევით აწვება ყველაფერს, დათვი კი თათით – ქვევით. სწორედ ეს წარმოდგენები გახდა საფონდო ბირჟაზე მოძრაობის სიმბოლოები – თუ შევადარებთ, ასეთი სურათი იქნება – როცა აქციები მაღლა იწევს და ფასები იზრდება, თითქოს, ხარი აწვება რქებით ზევით, როცა მცირდება და ეცემა მისი ფასები, თითქოს, დათვი ჰკრავს თათს და ძირს აგდებს.
ისტორიასთან დაკავშირებული არგუმენტი – დათვის ტყავს უკავშირდება. კოლონიალურ ეპოქაში, ძალიან აქტიურად ვაჭრობდნენ დათვის ტყავით. ხანდახან, ვაჭრები წინასწარ, ისეთი ცხოველის ტყავსაც ყიდდნენ, ჯერ რომ არ ჰყავდათ და სამომავლოდ აპირებდნენ შეძენას. თან, იმედი ჰქონდათ, დათვის ფასი დაეცემოდა, რომ სწრაფად ეყიდათ და ყველა მსურველი დაეკმაყოფილებინათ. აქედან გამომდინარე, დათვითა და მისი ტყავით მოვაჭრეებს დაერქვათ “Bears“. შემდეგ კი ეს ყველაფერი საფონდო ბირჟაზე გადმოვიდა. რახან ყველა „ინს“ თავისი „იანი“ სჭირდება, ხარები მათი საპირისპირო, დადებითი მიმართულების ცვლილებები გახდა.
ახლა კი იმ მაგალითებზე გიამბობთ, ისტორიულად, როდის და სად დაფიქსირდა ყველაზე დიდი Bull და Bear ბაზრები.
მეორე მსოფლიოს ომის შემდგომი, „მშვიდობის დროის“ ბუმი (Bull) – S&P 500-ის საფონდო ინდექსი, 50 თვეში, 85%-ით გაიზარდა. ზრდა 1950-იანი წლების ბოლომდე, ომის შემდგომი ინდუსტრიალიზაციის დამსახურებით გრძელდებოდა
ადრეული 1960-ანები, (Bear) – S&P 500-ის საფონდო ინდექსი, დაახლოებით, 30%-ით დაეცა, 1 წელიწადში. ინვესტორები უბრალოდ ფიქრობდნენ, რომ წინა 10 წლეულში ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდებოდა
1980-ანების კორპორაციული აქტივობები (Bull) – S&P 500-ის საფონდო ინდექსის ზრდა დერეგულაციებმა – კომპანიების შერწყმამ, შესყიდვების მატებამ და ბაზრის საქმიანობის აღმასვლამ გამოიწვია, რამაც კორპორაციული მოგება გაზარდა
1987 წლის კრახი (Bear) – ინფლაციის გამო მღელვარებამ და ვაჭრობის კომპიუტერულ სისტემაზე გადასვლამ „შავი ორშაბათის“ კრახი გამოიწვია. მაშინ, S&P 500-ის ინდექსის მესამედი დაიკარგა.
ახლა, როცა მეტ-ნაკლებად გავერკვიეთ, რა არის Bull და Bear, იმის განხილვაზე გადავიდეთ, თუ რა ფაქტორებია დაკავშირებული თითოეულ მათგანთან.
Bull და Bear ბაზრებთან დაკავშირებული ფაქტორები:
- დასაქმება – როცა საფონდო ბირჟაზე აღმავალი პერიოდია, ბუნებრივია, კომპანიები უფრო მეტ თანამშრომელს ქირაობენ და დაღმავალ პერიოდში ათავისუფლებენ. შესაბამისად, Bull ხელს უწყობს დასაქმებას, Bear – აფერხებს მას.
- საპროცენტო განაკვეთები – ფედერალურმა რეზერვებმა შეიძლება, შეინარჩუნოს დაბალი სასესხო განაკვეთი, რომ ბაზარზე აღმავალი პერიოდი იყოს. თუმცა, არის მომენტები, როდესაც ფედერალური რეზერვები ან ეროვნული ბანკი ზრდის საპროცენტო განაკვეთს, რაც აძვირებს სესხებს და აფერხებს ეკონომიკის განვითარებას
- საერთაშორისო ინვესტიციები – უცხოური ინვესტიციების ზრდას შეუძლია ქვეყნის ეკონომიკა გაზარდოს, როგორც სხვა ქვეყნიდან შემოსული რესურსების შემცირებამ – დააზარალოს ბიზნესი და გავლენა იქონიოს აქციებზე
- ნდობა – აქციების ყიდვა-გაყიდვის დროს, შესაძლოა, ძირითადი მამოძრავებელი ძალა ინვესტორთა ენთუზიაზმი იყოს, რაც განაპირობებს ბაზრის აღმასვლას. თუ ინვესტორს აქვს ნაღდი ფული და მისი წარმოდგენით, ეკონომიკა სწორი ან არასწორი მიმართულებით მიდის, შეუძლია, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ რეალობა საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს
საფონდო ბირჟაზე აღმავალ პერიოდს დაღმავალი მოსდევს და პირიქით. სწორედ ამის მიხედვით იქმნება Bull და Bear ბაზრები. როგორ იცვლება ნეგატიური მოცემულობა დადებითით და პირიქით, მუდმივად გამოწვევაა ინვესტორებისთვის. შესაბამისად, სწორედ ამის მიხედვით უნდა იმოქმედონ – იყიდონ და გაყიდონ ესა თუ ის აქტივები.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.