საფეხბურთო ინდუსტრიაში მარკეტინგული შემოსავლებისა და ფინანსური მოგების მიღების არაერთი ხერხი და გზა არსებობს, თუმცა ეს ინდუსტრია გერმანელებმა სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანეს. ინტენსიური ტესტირების შედეგად, გერმანიის საფეხბურთო ლიგამ (DFL) ბუნდესლიგის კლუბებს მოედნის პერიმეტრზე ვირტუალური რეკლამის განთავსების უფლება მისცა. ახალი ჰიბრიდული LED ტექნოლოგიის უპირატესობა ისაა, რომ ერთი და იგივე ბორდზე შესაძლებელია განსხვავებული სარეკლამო სიგნალის მიწოდება არენაზე და სხვადასხვა ტელევიზიისთვის, რაც N-ჯერ ზრდის სარეკლამო სივრცეს სპონსორებისთვის და, შესაბამისად, ზრდის კლუბების შემოსავალსაც. ეს სიახლე უკვე წარმატებით გამოიყენება ესპანეთში, ინგლისში, იტალიასა და სხვა დიდ საფეხბურთო ქვეყნებში, თუმცა ყველაფერი გერმანიიდან დაიწყო, ბუნდესლიგა იყო პირველი ჩემპიონატი, სადაც აღნიშნული ჰიბრიდული პროექტი ჯერ სატესტოდ, შემდეგ კი სამუშაო ვერსიით გაეშვა.

„Supponor“ და „Lagardère Sports“ იმ კომპანიების დასახელებაა, რომელთაც აღნიშნული პროექტი წამოიწყეს და შემდგომში წარმატებით განახორციელეს. გერმანიის საფეხბურთო ლიგამ იდეა მალევე მოიწონა და აღნიშნულ საქმიან გარიგებაში LED ბანერების მწარმოებელი კომპანია “ADI” შემოიყვანა. საბოლოოდ, თანამშრომლობა მალევე გადავიდა ახალ სიმაღლეებზე, პირველი საცდელი მატჩი დორტმუნდის „ბორუსია“ – „აუგსბურგის“ დაპირისპირება იყო. აღნიშნულ შეხვედრაში მასპინძელმა გუნდმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში 18 სხვადასხვა კომპანიის სარეკლამო და საბანერო სივრცე გაყიდა. კონკრეტულ მატჩზე მიღებულმა შემოსავალმა წინა ტურში მიღებულ იგივე თანხას 18-ჯერ გადააჭარბა, საუბარია მილიონობით ევროზე, რომლითაც კლუბმა ამ კონკრეტული ინოვაციით მოგება მიიღო. პროექტი მალევე გავრცელდა მთელ ბუნდესლიგაზე, ასევე ბუნდესლიგა 2-ის გუნდებზე და თასის გათამაშების პლეი-ოფებზე (DFB POKAL), კლუბებმა შემოსავლების 400-500 % იანი ზრდა დააფიქსირეს.

როგორ მუშაობს სარეკლამო ვირტუალური სივრცე ? სპეციალური ტექნოლოგიებით LED ეკრანების მართვა და გეოგრაფიული ლოკაციის სიგნალისთვის სპეციალური გამოსახულების მიწოდება ხდება, თუ მაგალითად ქართული კომპანია „ბორუსიას“ მატჩზე საბანერო სივრცეს შეიძენს, მორიგი მატჩის ტრანსლირების დროს, სიგნალზე, რომელიც საქართველოს მოეწოდება და ქართულ სპორტულ არხზე გავა, ქართველი მაყურებელი ტელევიზიით ქართული კომპანიისვე სარეკლამო ბანერს დაინახავს. თუ ამ სივრცეს ქართულთან ერთად ჩინური კომპანია შეიძენს, ჩინელი გულშემატკივარი მათ ტელევიზორებსა და მოწყობილებეში ჩინური კომპანიის ბანერს შეხედავს და ა.შ. სისტემა მუშაობს ისე, რომ კვეთა და გადაფარვა არ ხდება, ყველა გეოგრაფიულ სიგნალს საკუთარი ზონისთვის უნიკალური ბანერის გამოსახულება გადაეცემა, რომელიც რეპორტაჟში ავტომატურად შედის და იმ ფორმით აღწევს მაყურებლამდე.

გერმანელები აღნიშნულზე შეჩერებაზე არ აპირებენ, მალე გაეშვება საცდელი პროექტი, რომლის მიზანიც მესამე ბუნდესლიგის და რეგიონალური ლიგების დაფარვა იქნება, მომდევნო ეტაპი კი საბავშვო შეჯიბრებები და მოყვარულთა ლიგებია, ეს ამ სეგმენტში მოასპარეზე გუნდებს დამატებით შემოსავლებს გაუჩენს და მათთდამი ინტერესს საგრძნობლად გაზრდის.











