in

საბავშვო ბაღი, ღია ცის ქვეშ – ერთ დიდ სიყვარულზე აგებული “ბუნებარე”

Startauperi
Startauperi

გახსოვთ, ბავშვობაში ნაწვიმარზე გუბეებში ხტომა, შარვლის დასვრილი ტოტები და გრძელმკლავიანი მაისურის სახელოები, ან გაცვეთილ ფეხსაცმელში შემოჟონილი წყალი? შემოდგომის ფოთლების შრუშუნი ფეხქვეშ, ალაგ-ალაგ ტოტების ტკაცუნიც, მოხტუნავე ციყვებზე დაკვირვება, მტრედებზე, შაშვებზე, ბეღურებზე? სეირნობისას, ყვავილების, გირჩების და რკოების შეგროვება, ჩიტების ჭიკჭიკზე დაკვირვება თუ შემორჩა თქვენს მეხსიერებას? კიდევ რა შეგრძნებები გახსოვთ ბავშვობიდან?

თანამედროვე ცხოვრების სტილმა გვიბიძგა, დღე-ღამის უდიდესი ნაწილი დახურულ სივრცეში გავატაროთ და ამას ისე მივეჩვიეთ, რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილად, სწორედ ასეთი ადგილი მიგვაჩნია. ამიტომაც, ბევრ მშობელს ბავშვი მიჰყავს საბავშვო ბაღში, სადაც ყველაფერი საგულდაგულოდაა ჩაკეტილი. თუმცა, არის კი ეს ის, რაც ბავშვს ნამდვილად სჭირდება?

“აქტიურად ვლაშქრობ და გადავაადგილდები ბუნებაში. ჩემი შვილიც, სხვების მსგავსად, დახურულ სივრცეშია გაზრდილი. ერთხელ, როცა ჩემი შვილი წავიყვანე სურამში, ტყეში, მეუბნებოდა, რატომ არ შეიძლება, სულ რომ ტყეში ვიყოთო. მანამდეც მიფიქრია, მაგრამ სწორედ მომენტში გავიაზრე, რამდენად სჭირდებათ უფრო მეტი სივრცე უშრეტი ენერგიისა და უამრავი შეკითხვების პატრონებს,” – გვიამბო თამარ ჩაკვეტაძემ, რომელმაც საკუთარ მისიად, ბავშვებისთვის ჯანსაღი აღზრდა აქცია და გადაწყვიტა პატარებისთვის, დიდ ქალაქისთვის დამახასიათებელი ბეტონისა და ასფალტის გარემოს ალტერნატივად ბუნება შეეთავაზებინა. ბუნება, ბავშვები, ბაღი – ამ სამი ძვირფასი ღირებულების გარშემო ააწყო გარე სწავლების საბავშვო ბაღის კონცეფცია თამარ ჩაკვეტაძემ და სახელიც ამ სამი სიტყვისგან წარმოქმნა – “ბუნებარე”:

“ბუნება ძალიან დიდი მასწავლებელია და მომინდა შემეცვალა სტერეოტიპი, რომ უსაფრთხოება ასოცირებულია დახურულ სივრცესთან. მშობლებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, მოიყვანონ ბაღის ასაკის ბავშვები მსგავს სივრცეში. ჩემთვის ეს იყო გაერთიანება ბაღის, ბავშვების ბუნების და აქტიური განათლების, რომ მეჩვენებინა – კედლებს გარეთ ბევრად მეტი რამ ჩქეფს და იქაც უსაფრთხო შეიძლება იყოს.” 

M: სანამ “ბუნებარეს” სპეციფიკაზე ვისაუბრებთ, გაგვიზიარე, რა გამოცდილების საფუძველზე გადაწყვიტე საბავშვო ბაღი გარე სწავლების პრინციპით შეგექმნა?

რამდენიმე წლის განმავლობაში, ვმუშაობდი საბავშვო ბაღებში, პედაგოგიური და ადმინისტრაციული მიმართულებებით. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა მშობლობის საკითხებზე მუშაობდა, რაზეც საზოგადოება ნაკლებად საუბრობს. ისევ და ისევ, ბავშვებმა მიკარნახეს, როგორ წამომეწია მათი საჭიროებები. ამიტომაც, დავიწყე მშობლობის ტრენინგები და გავხდი მშობლების ტრენერი. ზუსტად ის, რომ გამოცდილება მქონდა კვლევებში, ვიცოდი ბავშვების საჭიროებები და თან მქონდა დიდი სურვილი, შემეცვალა ის სტერეოტიპები, რასაც ისინი სოციუმისგან იღებენ, მომინდა ამ მიმართულებით ამგვარად მუშაობა. მას შემდეგ, რაც არაფორმალური განათლების მიმართულებით მივიღე დიდი გამოცდილება, დავფიქრდი, ბაღი არის სწორედ ის ადგილი, სადაც ბავშვის პიროვნებად ფორმირება იწყება. ძალიან დიდი პრივილეგიაა, მისცე ბავშვებს ის, რაც მათ ძალიან სჭირდებათ, ამიტომ, გადავწყვიტე ბავშვებისთვის დამეთმო ჩემი დრო, მათთან თანასწორი ვყოფილიყავი და გავხდი პედაგოგი.

M: როგორია ღია ცის ქვეშ საბავშვო ბაღის კონცეფცია?

„ბუნებარე“ არის გარე სწავლების პირველი ბაღი საქართველოში, ადრეული განათლების მიმართულებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუნებაზე ორიენტირებულ, აქტიურ განათლებას, რომ ბავშვები ჩართულები იყვნენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და სწავლებაც მიმდინარეობდეს, უშუალოდ, გარე სივრცეში. ვიფიქრეთ, გამოგვეყენებინა ის მწვანე სივრცეები, რაც გვაქვს თბილისში და ერთ-ერთი მათგანი – დიღმის ტყე-პარკი ავირჩიეთ.

ამ დროისათვის, საპილოტედ, დღეში 4 საათია განკუთვნილი საბავშვო პროგრამებისთვის, ყოველ შაბათ-კვირას. შემდეგ, გვინდა, კვირის დღეებიც დავამატოთ და ხანგრძლივობაც გავზარდოთ. ეს შაბათ-კვირის ბაღია და სამუშაო დღეებში, შიდა სტრუქტურის ბაღის სიარულის შემდეგ, ბავშვები არ მოწყდებიან განვითარების პროცესს და ამ ყველაფერს ღია სივრცეში მოუყრიან თავს. ვეხმარებით მოტორული უნარების განვითარებაში, ჩაერთონ წარმოსახვით თამაშებში, ისწავლონ პრობლემების გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება.

M: რა პრინციპული განსხვავებაა ღია ცის ქვეშ საბავშვო ბაღსა და დახურული სივრცის ფორმატს შორის?

ქალაქური გარემო შემოფარგლულია დახურული სივრცეებით, რაც ბავშვების შეგრძნებების კონსერვაციას ახდენს. გაჯეტებთან ურთიერთობა ბევრად უფრო პასიური განათლების წყაროა და ეს, ერთ სივრცეში ხანგრძლივად ყოფნა ასოციალურობის გამომწვევია და ნაკლებად აქვთ გამძაფრებული შეგრძნებები და ნაკლებად უჩენს ცნობისმოყვარეობასა და მოტივაციას, რომ დაკავდნენ აქტიური ცხოვრების წესით. დახურულ სივრცეში, მე შემიძლია ვანახო გირჩი ან რკო, მაგრამ როცა მასთან შეხება თავად შეუძლია, ეს სულ სხვანაირ შეგრძნებებსაც იწვევს და სხვანაირად ავითარებს ბავშვს. შიდა სივრცეებში ერთი რუტინაა, გარე მოდელი ბევრად უფრო მოქნილი და თავისუფალია, რომელიც ასფალტისა და ბეტონის ქალაქში მყოფ ბავშვს პასიური ცხოვრების წესზე მიჩვევისგან იცავს. ეს სრულიად განსხვავებული ფორმატია. ბავშვებს ძალიან აკლიათ სივრცე, სადაც თავს უფრო მშვიდად იგრძნობენ და ინტერესსაც დაიკმაყოფილებენ.

M: როცა საქმე საბავშვო ბაღს ეხება, თანაც ღია ცის ქვეშ, ბუნებრივია, მშობელს უსაფრთხოების გარშემო უჩნდება კითხვები…

უსაფრთხოება არის საკვანძო ფაქტორი. ამავდროულად, უსაფრთხოება არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს არ ვასწავლოთ გეგმიური რისკი. თავად „რისკიც“ კი, ჩვენთან პრობლემურ ტერმინთან ასოცირდება. რისკის მართვას ორგანიზმი თავად სწავლობს, პროცესში – მაგალითად, როცა 10 სმ-ის სიმაღლის ქვაზე უნდა დააბიჯოს, ჯერ ფეხით მოსინჯავს, თუკი ყანყალებს, ის იმახსოვრებს, რომ სხვა, უფრო მყარი საყრდენი სჭირდება. მიიჩნევა, რომ დახურული სივრცე უსაფრთხოა, გარე სივრცე – უფრო საშიში. იმისათვის, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი გვქონოდა, ავიყვანეთ ისეთი პედაგოგები, რომლებიც ბუნების გულმხურვალე მხარდამჭერები და მოლაშქრეებიც არიან, მათ გავლილი აქვთ პირველადი დახმარების კურსი. გვყავს ექიმიც, რომელიც მუდმივად სიახლოვესაა. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი ტანსაცმელი, იმისათვის, რომ ამინდმა ხელი არ შეუშალოს. უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ მიაწვდი ინფორმაციას თავად ბავშვს, რათა მანაც გაითვალისწინოს.

რაც შეეხება სამოძრაო ტერიტორიას, ჩვენ გვაქვს მოხაზული რუკა, რომელზეც აღნიშნულია ინფორმაცია, დაახლოებით, რა ტერიტორიებზე ვმოძრაობთ. ამის შესახებ მშობლები ინფორმირებულები არიან და მანიშნებლებიც არის. ტრაექტორია მოქნილია სამოძრაოდ. თუკი, ტყის პედაგოგი აირჩევს, რომ მუხების ქვეშ შეაგროვონ რკოები და ისე ჩაატარონ მუსიკის გაკვეთილი.

M: ვის შეუძლია “ბუნებარეს” ბაღში მოსვლა?

ამ დროისთვის, ორიენტირებული ვართ 4-6 სკოლამდელ ბავშვებზე, მათზე, ვისაც თვითმომსახურების საკითხები მოწესრიგებული აქვს, ძილის რეჟიმი, პამპერსის გარეშე მოძრაობა და ა.შ. თუმცა, ჩემი დიდი სურვილია, დავწიო ეს ასაკობრივი ზღვარი. თანაც, ძალიან ბევრი მშობელი ინტერესდება, როგორ შეუძლიათ ჩართონ უფრო მცირე ასაკის ბავშვი.

M: რაკი, ბავშვების ინდივიდუალიზმს დიდ ყურადღებას ანიჭებთ, მეორე მხრივ კი, დღის წესრიგის საჭიროებასაც ხედავთ, საინტერესოა, როგორ აბალანსებთ ბავშვებისთვის სასურველ აქტივობას და დღის პროგრამას?

ჩვენ ხომ ვიცით, რა აქტივობების განხორციელება შეგვიძლია დღის მანძილზე. მაგალითად, ტყის მუსიკის გაკვეთილზე, ისმენენ ტყის ხმებს, ცდილობენ გამოიცნონ, რისი ხმაა, გაიმეორონ. აქტივობები განსაზღვრულია, თუმცა პედაგოგები ბავშვების სურვილსა და ინტერესზე ადგილზევე არგებენ. თანაც, ჯგუფში სულ 4 ბავშვია და ამდენად, მარტივია მათთან ურთიერთობა. ხან ერთმანეთს თავად აინტერესებენ ხოლმე.

M: ღია ცის ქვეშ აქტივობა თბილ თვეებში კომფორტულია, თუმცა, როგორ იმუშავებთ ზამთრის რეჟიმში?

კლასიკურად ვმუშაობთ, როგორი ამინდიცაა. უბრალოდ, შესაბამისი ტანსაცმელი გვაქვს ყველას. ჩვენთვის ამინდთან თანამშრომლობის იდეა ზამთარშიც აქტუალურია და შესაბამისად იგეგმება სამუშაო პროგრამა. რეალურად, ჩაკეტილ სივრცეებში ხომ უფრო ადვილად ვრცელდება ბაქტერიები, ვერ ნიავდება დროულად და ერთი ბავშვის დავირუსება ყველას დავირუსებას ნიშნავს. ჩვენი სურვილია, ბავშვები ისე გავაჯანსაღოთ, რომ ადეკვატური ჩაცმულობის პირობებში, გავაკაჟოთ ბუნებაში. თანაც, ბავშვებს ძალიან უყვართ გარეთ ყოფნა და ძალიან მნიშვნელოვანია აქტივობებიც ისეთი იყოს, რომ შეესაბამებოდეს სეზონურ მოთხოვნილებას. ეს პრაქტიკა ძალიან აქტუალურია სკანდინავიურ ქვეყნებში, სადაც საკმაოდ ცივი კლიმატია, მშობლები ძალიან არიან ჩართულები, რომ ბავშვებმა მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე. ამდენად, გვჭირდება მზაობა მშობლის მხრიდან, გადავლახოთ დახურული სივრცის რომანტიზება და ვნახოთ, რომელ სეზონზე როგორ შეგვიძლია გავატაროთ დრო გარეთ.

M: გუნდზე გვიამბე, ვინ ქმნის “ბუნებარეს”?

თანადამფუძნებელია ერეკლე სოსელია, რომელიც არის საერთაშორისო სერტიფიცირებული გიდი. მისი ძალიან დიდი სურვილი იყო, მოლაშქრე მშობლობის საკითხში შემოერთებოდა პროექტს. ორიენტირდება, როგორ შეიძლება მოეწყოს გარე სივრცეში ბავშვების სათამაშო მოედანი, გეგმავს ბილიკებს, როცა ბავშვები ზურგჩანთებით გადაადგილდებიან. გვყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები, სხვადასხვა პრაქტიკით.

გვაქვს ტყის მუსიკის მიმართულება, სადაც ჩართულია მუსიკოსი და კომპოზიტორი ლუა, ქეთათო ნერგაძე, რომელმაც დაგვიწერა ის მთავარი მელოდია, რაც გვაქვს. გვაქვს ეკოილუსტრაციისა და ტყის დიზაინის მიმართულება, თუ როგორ შეიძლება ბუნებრივი რესურსებისგან რაიმეს შექმნა.

 

ასევე, გვყავს ექიმი, რომელიც არის იოგას ინსტრუქტორი და იშვიათი ქალი-მეკლდეური. ძალიან საინტერესო გუნდია შეკრული და ორიენტირდება ბავშვების უსაფრთხოებაზე. მე წარმოსახვაზე ვმუშაობ, რომ ბავშვებმა ტყეში შეძლონ რაიმე ამბის მოგონება. დანარჩენი დროის მნიშვნელოვანი რესურსი თავად ბავშვების ცნობისმოყვარეობაზეა აგებული. რაიმეს რომ ნახავენ, მივყვებით გზადაგზა, რა არის, როგორ შეუძლიათ გამოიყენონ, რითაა სასარგებლო, პრაქტიკაში როგორ გამოიყენება, როგორი ფორმა აქვს, როგორ ხმას გამოსცემს და ა.შ.

M: შენ ახსენე, რომ მშობლობის ტრენერიც ხარ. რა კუთხითაა სამუშაო ქართველ მშობლებთან?

ამბობენ ხოლმე, რომ მშობლობა არ ისწავლება, მაგრამ მას აქვს ბევრნაირი სპეციფიკა. აქ შემოდის პოლიტიკური, კულტურული თუ სოციალური ფაქტორები, რაც მასზე ახდენს გავლენას. მშობლობა რთული მისიაა, როცა მასზე ნაკლებ ინფორმაციას ფლობ. მით უმეტეს, იმ დროში, როცა არ გვაქვს დრო, გაცნობიერებული მშობლობისთვის, რაც მცირე ასაკიდანვე უნდა ხდებოდეს. ერთად მუშაობისას, ვუზიარებ ხოლმე ისეთ მარტივ ხერხებს, რაც მშობლებს შვილებთან ურთიერთობის გამოსწორებასა და კომუნიკაციიის დახვეწაში ეხმარებათ. ძალიან მაბედნიერებს, რაღაც ახალს რომ აღმოაჩენენ ხოლმე ურთიერთობაში და მშობლობიდან სიამოვნების მიღებას სწავლობენ.

მშობლობის სტილი განსხვავებულია, სოციუმის მიხედვით. სკანდინავიაში აღზრდის სხვა მეთოდია, ამერიკაში – სხვა. ჩვენთან, მაგალითად, აქტუალურია ვერტმფრენი მშობლები, რომლებიც თითქმის ყველაფერში იჭრებიან ბავშვის პირად სივრცეში, ყოველ დეტალში. ჩემთვის პრიორიტეტულია პოზიტიური მშობლობის მოდელი, რათა მაქსიმალურად ვეცადოთ წახალისებით მოვახდინოთ შვილებთან ურთიერთობაში პოზიტიური გავლენა. ეს ძალიან დიდი შრომაა, თანამედროვე დატვირთულობის გამო. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, მშობლებს გავუჯანსაღოთ ურთიერთობა მათ ბავშვებთან, გავამარტივოთ კომუნიკაცია და ღიაობა ერთმანეთთან. ბავშვებს სჭირდებათ უსაფრთხო და სიყვარულით სავსე გარემო ჯანსაღ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისათვის.

M: ფინანსური თვალსაზრისით, რამდენად კონკურენტულია “ბუნებარე”?

ვთვლით, რომ ადრეული განათლების სექტორს სჭირდება კვალიფიციური, ბავშვებზე ორიენტირებული განათლების სპეციალისტები, როგორც მდედრობითი სქესის, ასევე მამრობითი. როლური მოდელია ისიც, როცა მამაკაცები ადრეული ასაკიდანვე ჩართულები არიან ბავშვთა აღზრდაში. ამიტომ ჩვენი პედაგოგებიც შესაბამისად არიან გადანაწილებულები.

M: სამომავლოდ…

გვინდა, სამომავლოდ, ბაზარზე აქტუალური გავხადოთ ადრეულ განათლებაში ,,ტყის პედაგოგიკა” და შევქმნათ როგორც სერტიფიცირებული პოზიცია “ტყის პედაგოგი”. პარალელურად კი, ვგეგმავთ აქტიური, თანამედროვე მშობლობის ტრენინგებს და მოლაშქრე მშობლობის ტურებს, სადაც მოლაშქრეობას ადრეული ასაკიდანვე შეეწყობა ხელი, ხოლო მშობლებს, ვისაც შვილები ჰყავთ დაეხმარებათ უსაფრთხოდ და კომფორტულად იმოგზაურონ ბავშვებთან ერთად დაუვიწყარ თავგადასავლებში.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Iron Burger – „ჯანსაღი ბურგერი, ნახშირწყლების გარეშე“

„ისწავლე საუკეთესოსგან“ – მედიააკადემიის პირველი „ონლაინ“ მასტერკლასი ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის