in

ბუნებარე: „რაც უფრო „სიგიჟედ“ თვლიან შენს იდეას, მით უფრო ხვდები, რომ ეს უნდა გააკეთო“

Startauperi
Startauperi

პანდემიის დროს, როდესაც სასწავლებლებში სიარული შეიზღუდა, თბილისში ტყის ბაღი გაჩნდა. „ბუნებარემ“ გადაწყვიტა, ბავშვებისთვის გამხმარ ფოთლებსა თუ მწვანე მოლზე სიარულის, წვიმის გუბეებში ჩახტომის, მცენარეებზე ფრინველებზე, ციყვებზე, დაკვირვების, გირჩებისა და ტოტების შეგროვების სიხარული დაებრუნებინა. გამოეყვანა ისინი „უსაფრთხო“, მაგრამ ჩაკეტილი სივრცეებიდან და ბუნებასთან დაეახლოებინა. სათანადოდ ჩაცმული პატარები, გამოცდილ აღმზრდელებთან ერთად, „ბუნებარეში“ რამდენიმე საათს ატარებენ, სწავლობენ, ერთობიან და ვითარდებიან. საბავშვო ბაღი, ღია ცის ქვეშ, ბავშვებს მოტორული უნარების განვითარებაში, წარმოსახვით თამაშებში, პრობლემების გადაჭრასა და კრიტიკულ აზროვნებაში ეხმარება. თუმცა, სირთულეები არც „ბუნებარესთვისაა“ უცხო და ამის შესახებ მისი თანადამფუძნებელი თამარ ჩაკვეტაძე გვესაუბრება.

როცა გარემოცვას შენი იდეის არ სწამს…

ერთ-ერთი მოწინავე შეცდომა, რასაც სტარტაპერები საწყის ეტაპზე უშვებენ, არის ტოქსიკური კრიტიკის საფუძველზე იდეის განხორციელებაზე უარის თქმა. მაშინ, როდესაც „ბუნებარე“ უკვე მზად იყო სოციუმში თავისი ადგილი დაეკავებინა, ოჯახის წევრები თუ მეგობრების ნაწილი კრიტიკულად უყურებდა ამ იდეას. ცხადია ეს ტყის ბაღის ინოვატორულ საგანმანათლებლო სივრცედ ჩამოყალიბებაზე გავლენას ემოციურად ახდენდა.

ბოლოს, ჩამოგვაკლდა თითქმის ყველა ის ადამიანი, ვისაც თავიდან სჯეროდა ამ იდეის – საბოლოო ეტაპზე, ჩვენ გვერდით ყოფნაზე უარი თქვეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დარჩენილმა ორმა ადამიანმა არ მივეცით საშუალება გარშემომყოფებს, თავზე მოეხვიათ მათი არაჯანსაღი კრიტიკა და საქმე ბოლომდე გამართულად მივიყვანეთ. დღეს, ამ გადაწყვეტილებით ყველა აღფრთოვანებულია.

ყოველდღე კმაყოფილი მშობლებით და ბედნიერი ბავშვებით ვრწმუნდებით, რომ ის რესურსი, რასაც „ბუნებარე“ გასცემს, იმაზე ძვირფასია, ვიდრე შეიძლება ადამიანმა დიდ ქალაქებში შექმნას საკუთარი შვილისთვის. შედეგებზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბუნებარე“ ბავშვებს სოციალიზაციის დეფიციტის დროს, გვერდით მაქსიმალურად დაუდგა და ბავშვობის უფლება კედლებში არ დაუტოვა.

საქმეში ახლობლების ჩართვა…

ასევე, ერთ-ერთი შეცდომა „ბუნებარესთვის“, თუ შეიძლება ასე ჩავთვალოთ – იყო პირველ ეტაპზე ახლობელი ადამიანების ჩართვა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენივე კვლევების მიუხედავად, არ ვიცოდით ჩვენი წამოწყება რამდენად გაამართლებდა, ამისთვის გვჭირდებოდა დრო და ახლობელი, სანდო ადამიანები. ცხადია, თითოეულ ადამიანს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, თუმცა როგორც კი ფეხზე წამოვდექით მოუწიათ თავიანთი პროფესიული საქმიანობისადმი დაბრუნება. ამიტომ მალევე აღმოვჩნდით პედაგოგების მცირე რაოდენობით, როცა მათი ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულ გარემოებებში.

მოგვიწია ძალიან ჩქარი ტემპით, გვეპოვა ისეთი ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ბავშვების აღზრდით, გარე განათლებითა და ბუნებასთან ახლო კავშირით. დავიწყეთ ახალი გუნდის ხელახლა გადამზადება და დატრენინგება, რათა სცოდნოდათ გარე განათლების საფუძვლები და ურთიერთდამოკიდებულება ბავშვებთან. თუმცა, ამ გამოწვევას ძალიან ყოჩაღად გავუმკლავდით თითოეული ჩვენგანის შრომითა და მონდომებით. დღეს დიდებული ტყის პედაგოგებითაა დაკომპლექტებული „ბუნებარე“, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ ამინდსა და სეზონზე ბავშვებისთვის განსაკუთრებული გარემო შექმნან.

პრივილეგიების უარყოფა…

პანდემიის იმ კონკრეტულ დროს, როცა ყველა სასწავლო დაწესებულებები დაიკეტა (სკოლები და ბაღები) „ბუნებარე“ მაქსიმალურად იყო ორიენტირებული რეგულაციების დაცვაზე, რომ ვირუსის ტრანზიცია ნაკლებია ტყის სივრეში და სოციალური დისტანციის დაცვას მარტივად ვახერხებთ. მიუხედავად ამ პრივილეგიებისა, რაც ხელს არ უშლიდა გამართულად ჩატარებულიყო „ბუნებარეს“ პროგრამები და უსაფრთხოდ გვყოლოდნენ ბავშვები, ვიფიქრეთ, რომ იმაზე ცოტა ბავშვი უნდა აგვეყვანა, ვიდრე რეგულაციები გვთხოვდა და გადაჭარბებული სიფრთხილით მივუდექით ამ ამბავს. ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი ბავშვისთვის, ვისთვისაც ჰაერივით აუცილებელი იყო „ბუნებარეს“ სივრცე, უარის თქმა მოგვიწია. მართალია, ეს ყველაფერი მცირე დროში გამოვასწორეთ და „ბუნებარეში“ ყოფნის მსურველები დღეს ლაღად სწავლობენ ტყის ბაღში. ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ თავიდანვე  მეტი თავდაჯერებით არ მივუდექით ამ საკითხს. მიუხედავად ყველაფრისა, გვიხარია, რომ არცერთი ბავშვი თუ მშობელი „ბუნებარეს“ სივრცეში, კოვიდი ინფიცირების მსხვერპლი არ გამხდარა.

კონკურენცია…

ჩვენ არ ვართ შიდა ბაღების კონკურენტები, რაზეც ჯერჯერობით საკმარისი ინფორმაცია არ/ვერ ვრცელდება და საჭიროა ჩვენი ჩართულობით გარე განათლების შესახებ ინფორმაციის მეტი პოპულარიზაცია. ამასთან, აბსოლუტურად სხვადასხვა გამოცდილებაა შიდა ბაღის პედაგოგად, ყოფნა ტყის პედაგოგად ყოფნასთან მიმართებაში. ადამიანებისთვის „გარეთ ყოფნა“ განათლებაში გამოწვევაა და მეტად სპეციფიკურ და დიდ შრომასთან ასოცირდება. რაც განაპირობებს კონკურენტების სიმცირეს. დეფიციტურია, ასევე, გაგაჩნდეს შესაბამისი განათლება ტყის პედაგოგიკის მიმართულებით. ეს არის ჩემი, როგორც დირექტორის, პასუხისმგებლობა ვიცნობდე პედაგოგიკის ამ მიმართულებას და საერთაშორისო განათლება/სერტიფიცირება გამაჩნდეს კონკრეტულად ტყის პედაგოგიკის პროგრამების  შექმნისთვის.

როგორი სირთლეებიც არ უნდა იყოს წინ, მიხარია, რომ საქართველოში ტყის პედაგოგიკის „პირველი პრაქტიკოსები“ ჩვენ ვართ და ბავშვთა ადრეულ განათლებაში ეტაპობრივად ცვლილებები მოგვაქვს.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Facebook-სა და Instagram-ზე მომხმარებლები პოსტებზე მოწონებების რაოდენობის დამალვას შეძლებენ

ნახეთ: კანზასელმა წყვილმა 3 წლიანი მუშაობის შემდეგ მინიატურული სახლი შექმნა