22
Jul
2019

“ბუნების შემოქმედება შენს სახლში” – “ზოდის” კამპანია

22 Jul 2019

ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის შერჩევისას მნიშვნელოვანია როგორც ვიზუალი, ისე მოსაპირკეთებელი მასალის სტრუქტურა და ხარისხი. ის, რასაც ყოველდღიურად ვეხებით და ვსუნთქავთ, უსაფრთხო უნდა იყოს. მათთვის, ვინც ეკოლოგიურ სისუფთავეს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, კომპანია “ზოდმა” კამპანია წამოიწყო, გზავნილით “ბუნების შემოქმედება შენს სახლში!”. კამპანია, მომხმარებელს პროდუქციის ნატურალურ წარმოშობაზე უამბობს, იმ გზაზე, რასაც ესა თუ ის მინერალი გადის, სანამ მოიპოვებენ და შემდეგ, რომელიმე კოხტად მოწყობილი სახლის ინტერიერის თუ ექსტერიერის ნაწილი გახდება. „ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან მუშაობს და როგორც კომპანიაში ამბობენ, აქ იყიდება ყველაფერი, რაც რემონტისთვისაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის შემოდგომიდან, “ზოდი” ქართული გრანიტის წარმოებას დაიწყებს პროგრამასთან “აწარმოე საქართველოში” ერთად. კამპანიის “ბუნების შემოქმედება შენს სახლში” ფარგლებში, ვიდეორგოლის გარდა, შეიქმნა საინფორმაციო პოსტერები. მარკეტერის შეკითხვებს “ზოდის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნატა ნოღაიდელმა, უპასუხა.

 

M: რა არის კამპანიის მთავარი სათქმელი?

21-ე საუკუნეში მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკოლოგიას უკავშირდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმ პროდუქციის ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება, რომელიც ჩვენს სახლში ხვდება. განსაკუთრებით, ეს ისეთ პროდუქტებს ეხება, რომელთანაც უშუალო შეხება გვაქვს. საქართველოში ბუნებრივი ქვის კულტურა არც ისე მაღალ დონეზეა განვითარებული და ჩვენს მისიას სწორედ ამ მიმართულებით ვხედავთ. “ზოდის” გუნდი 11 წელია მოსაპირკეთებელი მასალების სფეროში მუშაობს. გადავწყვიტეთ ამ კამპანიით მომხმარებლისთვის გვეჩვენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ყოველდღიურად ხელშესახები ნივთი ეკოლოგიურად სუფთაა. ამასთან, ეს არ არის ფუფუნების საგანი. არის სრულიად ხელმისაწვდომი პროდუქტი.

M: რომელ პროდუქტებზეა ყურადღება გამახვილებული კამპანიაში?

ვიდეორგოლში არჩევანი გავაკეთეთ მარმარილოზე, რადგან ის მომხმარებლისთვის ნაცნობია და ყველაზე ხშირად მოხმარებად პროდუქტად ითვლება. ვიდეორგოლის გარდა, აუთდორ რეკლამისთვის შეიქმნა პოსტერები, სადაც წარმოდგენილია გრანიტი, კვარცი, ონიქსი და ტრავერტინი. თითოეულ ამ ქვას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მოპირკეთებაში. მაგალითად, ტრავერტინის გამოყენება საქართველოში დიდი ხნის წინ დაიწყეს, შენობების ფასადებზე. ეს მინერალი არის ძალიან მედეგი და დიდხანსაც ძლებს. 

ონიქსი არის ერთადერთი შუქგამტარი ქვა. შუქის გატარების ეფექტის გამო, ძალიან მოდურია და აქტიურადაც გამოიყენება ინტერიერში. მითოლოგიურად თუ მივუდგებით, მას ჯადოსნურ ქვას უწოდებდნენ, მიაჩნდათ, რომ ონიქსს მფლობელისთვის ძალაუფლება მოაქვს. 

მარმარილოს უძველესი დროიდან მოიხმარენ ინტერიერშიც და ექსტერიერშიც. ჩვენ გვაქვს ადგილობრივი წარმოებისა და დამუშავების რესურსები.

კვარცი სრულად ნატურალური არაა, თუმცა ეკოლოგიურობისა და ფერების ფართო არჩევანის გამო, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროდუქტია.

ძალიან გვეამაყება, რომ ცოტა ხნის წინ, გრანიტის ადგილობრივი წარმოება დავიწყეთ. პროგრამასთან “აწარმოე საქართველოში” ერთად, ჩვენ ვიყიდეთ კარიერები და სექტემბრიდან აქტიურ წარმოებაში ვაპირებთ ჩავუშვათ ქართული გრანიტი.

M: რომელი საკომუნიკაციო არხები გამოიყენეთ სამიზნე სეგმენტის დასაფარად?

ჩვენი კამპანია გავაშუქეთ სატელევიზიო არხებით. ასევე, კინოთეატრ “კავეაში”, სოციალური მედიით. სამიზნე სეგმენტია ყველა ადამიანი, რომელსაც ჰქონია რემონტი ან გეგმავს.

M: რა ხდება საკომუნიკაციო კამპანიის მიღმა, როდესაც მომხმარებელი უშუალოდ მაღაზიაში გადაწყვეტს მოსვლას? “ზოდის” სერვისის თავისებურებებზე გვიამბეთ…

რემონტი ბევრისთვის დამღლელი პროცესია. არადა, სინამდვილეში, ის ხომ ძალიან კარგ საქმეს ემსახურება, ადამიანმა ბედნიერად უნდა იგრძნოს თავი. ჩვენ გვსურდა ეს სასიამოვნო პროცესთან ყოფილიყო დაკავშირებული. ამ მოსაზრების გათვალისწინებით, მოვიფიქრეთ სლოგანი: “გაარემონტე სიყვარულით”. ამ ცვლილების ფონზე, პირველ რიგში, სერვისი დავხვეწეთ. ჩვენს დიდ სივრცეში მოვაწყეთ სპეციალური ოთახები, სადაც პირდაპირ შეუძლიათ მოარგონ სასურველი პროდუქტი და იქვე ნახონ. ჩვენს პავილიონშივე გვაქვს კაფე, სადაც შერჩევის პროცესში დასასვენებლად მოსულ მომხმარებლებს ვუმასპინძლდებით. დავამატეთ სატელეფონო მონიტორინგის სერვისი – ყოველი გაყიდვის შემდეგ, ვუკავშირდებით მომხმარებლებს და ვეკითხებით გაწეული სერვისის შესახებ. მომხმარებლის ყველა შეკითხვაზე თუ შენიშვნაზე მყისიერად ვრეაგირებთ. კლიენტების გარდა, კონსულტაციები გვაქვს თანამშრომლებთანაც, რომ ყველა დეტალის შესახებ იცოდნენ და მაქსიმალურად გაითვალისწინონ სერვისის მიწოდებისას. მომსახურების კონცეფციის ცვლილება აისახა რევიუებზეც ჩვენს გვერდზეც და ხუთვარსკვლავიანი შეფასების სისტემაში 1.1 ვარსკვლავი მოგვემატა. გამომწერთა რიცხვი კი 100%-ით გაიზარდა.

[R]

განხილვა