შაქარი და ტკბილი, შეიძლება ითქვას, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ტკბილეულის მოყვარულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია და თავად ამ პროდუქტის მომწოდებლებიც უამრავნი არიან. როგორც სხვადასხვა წყარო ამბობს, შაქრის ყოველდღიური მოხმარება საშუალოდ 3-ჯერ აღემატება რეკომენდებულ მაჩვენებელს. როგორც იცით, არსებობს როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური დამატკბობლები და ამ რუბრიკაში ვეცდებით, სწორედ მათი ძირითადი მხარეების შესახებ გიამბოთ.
განსხვავება ბუნებრივსა და ხელოვნურს შორის
მოდი, პირველ რიგში, დავადგინოთ, რა განსხვავებაა მათ შორის.
ბუნებრივი შაქარი არის გლუკოზა და ფრუქტოზა და ისინი ხილში, ბოსტნეულსა და რძეში გვხვდება. რაც შეეხება ხელოვნურს, ის ლაბორატორიებში ქიმიურად მუშავდება. ბუნებრივი შაქარი ორგანიზმში სხვანაირად იშლება. მაგალითად, თუ თქვენ მიირთმევთ ბანანს, მიიღებთ ფრუქტოზას, ბოჭკოს, ვიტამინებსა და მინერალებს. ბოჭკო ანელებს საკვების დაშლას და, შესაბამისად, ანელებს სისხლში შაქრის შეწოვას. ქიმიურად შექმნილი დამატკბობლები მსგავსი ტიპის ნივთიერებებს არ შეიცავს და არ მოქმედებს დადებითად ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ხელოვნური შაქრის გამოყენება ცხობისა და კერძის მომზადების დროს შეიძლება, ისიც ზომიერად. დღეში დაახლოებით 25 გრამი შაქარია რეკომენდებული, თუმცა ადამიანები ამაზე ბევრად მეტს იღებენ, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს.
განსხვავებით ნატურალური შაქრისაგან, ხელოვნური დამატკობელი შედარებით დაბალკალორიულია. ყველაზე გავრცელებული ხელოვნური შაქარია: ასპარტამი, საქარინი, სუკრალოზა და სხვა.
როგორ განარჩევს ორგანიზმი ხელოვნურ და ნატურალურ შაქარს?
შეიძლება გემოვნების რეცეპტორისთვის სულერთია, რომელი ტიპის ტკბილეულს იღებს და ვერ არჩევს, მაგრამ ორგანიზმი ნამდვილად „ხვდება” განსხვავებას. შაქრის ჭამა ააქტიურებს ისეთი ჰორმონის წარმოქმნას, როგორიცაა დოფამინი. დოფამინს მეორენაირად ბედნიერების ჰორმონსაც ეძახიან, რადგან ის ტვინის მნიშვნელოვანი ნივთიერებაა და უზრუნველყოფს სიხარულისა და მოტივაციის ემოციებს. როდესაც ორგანიზმში დოფამინის ნაკლებობაა, ადამიანში აღნიშნული შეგრძნებები ქვეითდება. ხელოვნური დამატკბობლები მხოლოდ ნაწილობრივ ასტიმულირებენ ამ პროცესს. დიდია ალბათობა, რომ ხელოვნურად დამტკბარი ორცხობილის ჭამით ვერ დაკმაყოფილდეთ და მაინც დაგრჩეთ შაქრის მიღების მოთხოვნილება.
განსხვავება აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც. ბუნებრივი შაქარი გადის საჭმლის მონელების ნორმალურ პროცესს – ის იშლება და შეიწოვება კუჭისა და წვრილი ნაწლავის მიერ, სისხლში შესვლამდე. იქიდან იგზავნება უჯრედებში, რათა მათ ის ენერგიის წყაროდ გამოიყენონ. დარჩენილი შაქარი გარდაიქმნება გლიკოგენად და ინახება ღვიძლისა და კუნთების უჯრედებში, როგორც საწვავი მომავლისთვის.
ზოგიერთი ხელოვნური შაქარი საჭმლის მომნელებელ სისტემაში გადაუმუშავებელი გადის. კერძოდ, შაქრის სპირტებისგან დამზადებული ხელოვნური დამატკბობლები (მათ შეხვდებით პროდუქტებში, სახელწოდებით „შაქრის გარეშე“) ძნელად მოსანელებელია და შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა შებერილობა, ნაწლავის აირები და დიარეა.
ზოგადი მდგომარეობა
დღესდღეობით კვლევები აჩვენებს, რომ ტკბილის მიღება ბევრად გაძლიერებულია, ვიდრე ადრე. ერთ-ერთ მიზეზად ექიმები ასახელებენ ხელოვნური შაქრის სხვადასხვა პროდუქტში გამოყენებას. შეიძლება თქვენ მიირთვათ შვრიის ფაფა ხილით, რძის ნაწარმი, გრანოლა ან რამე სხვა ტიპის საკვები, რომელიც, წესით და რიგით, დესერტად არ მიიჩნევა, მაგრამ თითქმის იმდენივე სიტკბო მიიღოთ, რასაც ერთი სრულფასოვანი დესერტის დაგემოვნებისას მიიღებდით.
ალბათ ხვდებით, არ არის აუცილებელი, მედიკოსები ვიყოთ, იმისთვის რომ ვხვდებოდეთ ჩვენს ცხოვრებაში დიდი რაოდენობით შაქრის არსებობა რამდენად ცუდი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. ხელოვნურმა შაქარმა დროთა განმავლობაში შეიძლება დაარღვიოს თქვენი მეტაბოლიზმი, შეგიმნათ წონის პრობლემა, გაზარდოს გულის დაავადებების, დიაბეტისა და კბილების გაფუჭების რისკი, გააძლიეროს აკნე და ა.შ.
სპეციალისტები, შაქრის მოხმარების საკითხში გვირჩევენ, რომ დავიცვათ ზომიერება. რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრებისეული პირობებიდან, ტემპიდან გამომდინარე სრულად ხელოვნური დამატკბობლის გამორიცხვა ძალიან რთულია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ის არ გახდეს ჩვენი ყოვედღიურობის ნაწილი და ძირითადი აქცენტი, თუ ტკბილის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, გავაკეთოთ ხილზე, რადგან გარდა იმისა, რომ ის ნატურალური ტკბილეულია, შეიცავს ჩვენთვის საჭირო ვიტამინებსაც. ამ სფეროს მედიკოსები გვეუბნებიან, რომ არჩევანი, რა თქმა უნდა ჩვენზეა, თუმცა უნდა ვფლობდეთ ინფორმაციას ხელოვნური და ბუნებრივი შაქრის განსხვავებებთან დაკავშირებით და დასძენენ, რომ ხელოვნური დამატკბობელი არასოდეს უნახავთ ბროკოლში, კვერცხში, ორაგულსა და სხვა მსგავს ნატურალურ პროდუქტში, რომლებიც სწორი კვების კატეგორიაში გადის. ეს თავისთავად უკვე პასუხია კითხვაზე – სასარგებლოა თუ არა ხელოვნური შაქარი ჩვენი ორგანიზმისთვის? პასუხი ცალსახაა – არა, არ არის სასარგებლო.
რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი