დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეა როკო ირემაშვილის გამოფენას მასპინძლობს, სახელწოდებით “ბუფერული ინტერვალები”. როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, “ბუფერული ინტერვალები გლობალურ კონტექსტში გააზრებული, მულტიმედიური საავტორო პროექტია, რომელიც მარადიულ პრობლემას — ადამიანის თავისუფლებასა და ამ თავისუფლების სივრცისკენ სვლის პროცესში მუდმივად შემხვედრი წინაღობებისა და ბარიერების გადალახვას ეხმიანება”.
თავად მხატვარი გარემო სამყაროზე საუბრობს, როგორც რეალობაში ჩაძირვის, მისი ფილოსოფიური ტრანსფორმაციის შედეგზე. “გარემო სამყარო დიდი სპორტული დარბაზის მსგავსია, სადაც მნიშვნელოვან გამოწვევა-წინაღობებს ხელოვნური ან ნაკლებად ხელოვნური ბარიერები წარმოადგენს, რომელთა დაძლევას კვლავ ახალი, რთული გამოწვევებისკენ მივყავართ. ასე გრძელდება დაუსრულებლად და ახალი წარმატებების ჟინით გვავსებს. სწორედ ეს პროცესი ძიებისა არის ალბათ თავისთავადობა თავისუფლების. როცა თავისუფლებისკენ მიმავალი გზა გადაკვეთს ხელოვნებას, აქ წინააღმდეგობის სახით შევხვდებით მანიპულირების ინტერესით გატარებულ შინაარსობრივად დაცლილ თემებს, რომელთა შორისაც ,,იჭყლიტება’’ არსებული სივრცე”, — ამბობს მულტიმედია ფერმწერი.
მთლიანობაში პროექტი მულტიმედიური აქცენტებით შექმნილი პროცესი-მეტაფორაა, რომელიც ყოველთვის ახალ საკრალურ ხატებებს ბადებს. სწორედ ამ ფორმით ვლინდება მხატვრის ინდივიდუალური ხელწერა — სხვადასხვა მედიებით ინტეგრირებული ვიზუალი, რომელიც არსებულ მოცემულობაში კონკრეტული თემატიკის მძაფრად წარმოჩენის საშუალებას იძლევა.












