11
Oct
2019

როცა არ იცი, რა აჩუქო იუბილარს… – სტარტაპი “ბაფი”

11 Oct 2019

Startauperi
Startauperi


“რა ვაჩუქო?” – მარადიული კითხვაა, რომელიც მეგობრის დაბადების დღის მოახლოებისას გვიკარგავს მოსვენებას. იუბილარის სურვილის გამოცნობა და მისი ჩვენს ბიუჯეტთან დამთხვევა დიდი თავსატეხია. დროც რომ არ ითმენს?! ჩამოვურბენთ ხოლმე ონლაინ მაღაზიებს, სანამ დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, საჩუქრის ასარჩევად შევძლებთ გასვლას და ვნატრობთ, ნეტავ, იყოს ვინმე, ვინც ამ ყველაფერს ჩვენ მაგივრად გააკეთებდა… ამ პრობლემამ, ნინო მეგრელიშვილი და მისი მეგობრები სტარტაპის იდეამდე მიიყვანა:

 

“საქართველოში და არა მარტო საქართველოში, დაბადების დღეზე იუბილარისთვის საჩუქრის შერჩევა აქტუალური პრობლემაა. შერჩევაში დიდი დრო და რესურსი იხარჯება და მაინც  იუბილარმა დაბადების დღეზე, შეიძლება ისეთი საჩუქარი მიიღოს, რომელსაც თაროზე შემოდებს, ან საერთოდ სხვა იუბილარს აჩუქებს სამომავლოდ. ასევე ხშირად მეგობრებს არ აქვთ საკმარისი თანხა, ძვირფასი ნივთის შესაძენად. სხვადასხვა წრეებში იუბილარისთვის თანხის აგროვების დაორგანიზებაც ყველსთვის დამღლელი პროცესია. ერთი სიტყვით, შედეგად იუბილარი ხშირად არასასურველ საჩუქრებს იღებს. ალბათ ყველას გვახსენდება მსგავსი უხერხული შემთხვევები და ამ პრობლემის მოგვარებაც ყველას გვსურს… საჩუქრის ჩუქების, თანხის შეგროვებისა და ამ ყველაფრის დაორგანიზებაზე რომ ვფიქრობდით, გვინდოდა მომხმარებელში ერთგვარად ქცევის შეცვლა და ამ ყველაფრის ონლაინ სიცრცეში გადატანა – სწორედ ამას ემსახურება “ბაფი”. Buppee, ეს არის პლატფორმა, რომელიც ზემოთ ხსენებულ პრობლემებს დაგვავიწყებს, რადგან აქ იუბილარები თავად ირჩევენ მათთვის სასურველ საჩუქარს, გაცილებით დიდი ბიუჯეტით.”

M: “ბაფი” – რას უკავშირდება ასეთი დასახელება?

გვინდოდა მოგვეფიქრებინა რიამე ახალი, არ არსებული, რადგან ჩვენი პროდუქტიც ინოვაციურია. ვფიქრობთ, კარგად ჟღერს და მარტივია გამოსათქმელად ყველა ენაზე. “ბაფი” – ცოტა “ჰეფის” ჟღერადობა აქვს და კარგია, პოზიტიურია.


M: როგორ შეიძლება თქვენი სერვისით სარგებლობა?

Buppee არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს იუბილარებსა და მათ მეგობრებს. ჩვენი სერვისი უფასოა როგორც იუბილარებისთვის, ასევე მათი მეგობრებისთვის. სერვისით სარგებლობა ამ ეტაპების გავლით შეგიძლიათ:

რეგისტრაცია – ამ ეტაპზე რეგისტრაცია Facebook-ის საშუალებითაა შესაძლებელი. მგავსი ტიპის რეგისტრაცია, ერთი მხრივ, ძალიან მარტივია მომხმარებლებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, საშუალებას გვაძლევს, დავუკავშიროთ მეგობრები ერთმანეთს.

მომსახურება – ჩვენი მომსახურება რამდენიმე მარტივი კომპონენტისგან შედგება. მეგობრები იუბილარებს უგზავნიან ქულებს (თანხას) და მისალოც ვიდეოებს. იუბილარი კი, გაერთიანებული თანხით, თავად ირჩევს სასურველ საჩუქარს (ან საჩუქრებს) ჩვენს პარტნიორ კომპანიებში, რომლებიც ჩვენი საიტის კატალოგშია განთავსებული. თანხის გადარიცხვა, ამ ეტაპზე, საბანკო ბარათებითაა შესაძლებელი, ხოლო ახლო მომავალში, სწრაფი გადახდის აპარატებიც დაემატება.

ჩვენი მიზანია, იუბილარებს ძალიან დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეთ, შესაბამისად, ჩვენი კომპანია აქტიურად მუშაობს კატალოგში პარტნიორი ბრენდების დამატებაზე. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს სასურველი კომპანიის დამატება “ბაფის” კატალოგში.

Buppee-ის დიდი სურვილია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაციასა და წარმატებას. სწორედ ამიტომ, Buppee არ არის ორიენტირებული მხოლოდ დიდ და საერთაშორისო ბრენდებზე. ჩვენი მიზანია, ნებისმიერი მასშტაბის ბრენდი თანაბარ პირობებში წარმოვაჩინოთ ჩვენს კატალოგში. შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია, როგორც მომხმარებლებს და ასევე კომპანიებსაც მოვუწოდოთ, შემოგვიერთდნენ.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

ყველა ვისაც დაბადების დღე აქვს. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ საიტზე რეგისტრაცია შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, 13+ ადამიანებს.

M: ვინ ხართ ჩართული ამ საქმეში?

ბაფის გუნდში ვართ მეგობრები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს ჩვენს პროფესიაში, სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამასთან ერთად, ჩვენი პროფესიებიც ამ სფეროში იკვეთება, შესაბამისად, ყველაფერი ერთად, ვფიქრობთ, წარმატებული პროდუქტის შექმნის გარანტი უნდა იყოს. ჩვენი გუნდი ყოველთვის რაიმე ახლის და ღირებულის შექმნაზე ფიქრობს და რამდნიმე სტარპაპ იდეაც დაგვიმუშავებია. “ბაფი” მათ შორის ყველაზე წარმატებული გამოდგა და აი, სულ რაღაც, 2 დღეა მოევლინა ქვეყანას.

M: სამომავლოდ, რას გეგმავთ?

ჩვენი პროდუქტი მომხმარებელისთვის მაქსიმალური კომფორტის მოტანის მიზნით შეიქმნა. გამომდინარე აქედან გვინდა, რომ მათი ყველა რეალური სურვილი და მოთხოვნა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, შესაბამისიდ ვეცდებით, ჩვენი სერვისი მათთვის ყველანაირად კომფორტული გავხადოთ.

მალევე ვგეგმავთ, მობილური აპლიკაციების დამატებას. ასევე გადარიცხვის სისტემის გამრავალფეროვნებას. რაც შეეხება კომპანიებს ჩვენს კატალოგში, მათთან მოლაპარაკება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და თვითს ბოლომდე კიდევ ათობით ბრენდი დაგვემატება. ჩვენი გუნდის სურვილია ბაფი მოერგოს  საერთაშორისო ბაზარს, თუმცა ეს იდეა დამუშავების პროცესშია.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა