Burberry – ეს ის ბრენდია, რომელსაც მსოფლიო შოუ ბიზნესის ვარსკვლავები ირჩევენ, დაწყებული ნაომი კემპბელიდან, ახალი თაობის მომღერლით, ბილი აილიშით დამთავრებული. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მოდის სახლია, რომელიც გვერდს Chanel-ს, Dior-ს, Versace-სა და სხვა დიდ ბრენდებს უმშვენებს. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში, ინგლისში. მთელ მსოფლიოში კი 400-ზე მეტი მაღაზია აქვს.
როგორ გაჩნდა Burberry
1837 წლის 27 აგვისტოს თომას ბარბერი ინგლისში, სურეიში დაიბადა. მისი მამა ფერმერი და სურსათის გამყიდველი იყო. ბიჭს ჩვეულებრივი, „ინგლისური” ბავშვობა ჰქონდა. სწავლობდა სკოლაში, რომლის დასრულების მერეც ადგილობრივ ტანსაცმლის მაღაზიას შეგირდად მიებარა.
შეგირდობის დასრულების შემდეგ, 1856 წელს, თომასმა გახსნა პატარა ტანსაცმლის ქარხანა ბესინგსტოკში, პატარა ქალაქში სამხრეთ ინგლისში. მან მაღაზიას Burberrys დაარქვა. ის ამ დროს სულ რაღაც 21 წლის იყო და მიზნად დაისახა, ისეთი ტანსაცმელი შეექმნა თავის ქვეყანაში, რომელიც ხალხს ინგლისის არაპროგნოზირებადი ამინდების შესაფერისი იქნებოდა. ქალაქ ბესინგსტოკში იმ დროს 5000-ზე ნაკლები მოსახლე ცხოვრობდა და თომასი თავიდან მარტო კერავდა ტანსაცმელს. ძირითად ხაზს საწვიმრები და წვიმიანი ამინდის ეკიპირება წარმოადგენდა. მისმა პატარა მაღაზიამ, რომლის მსგავსიც ქალაქში მეტი არ ჰქონდათ, მალე მოიპოვა ცნობადობა და დაახლოებით 4 წელიწადში პატარა ბიზნესმა ზრდა დაიწყო, რაც იმით გამოიხატა, რომ თომასმა დაიქირავა შვიდი მამაკაცი, შვიდი ქალი და სამი ბიჭი.
საჭიროებას მორგებული ბრენდი
Burberry-ს პატარა მაღაზია იქცა ყველანაირ მოსახლეობაზე მორგებულ ბრენდად, ფერმერებით დაწყებული ბიზნესმენით დამთავრებული. თომასი არ აპირებდა ამაზე გაჩერებას და დაიწყო ისეთი მასალების მოძიება, რომლებიც შესაფერისი იქნებოდა მეთევზეებისთვის, მონადირეებისთვის და მხედრებისთვის.
1880 წელს, მრავალწლიანი კვლევისა და ექსპერიმენტების შემდეგ, თომას ბარბერიმ გამოიგონა გაბერდინი – წყალგაუმტარი ქსოვილი. მსუბუქი მასალა, რომელიც არ იყო ჩახუთული და კანს „სუნთქვის” საშუალებას აძლევდა. 8 წლის შემდეგ თომასმა დააპატენტა გაბერდინი.
პირველი ბუტიკი ლონდონში
1891 წელი თომას ბარბერისთვის დიდი წარმატების დასაწყისად იქცა, რადგან ამ წელს მან პირველი ბუტიკი გახსნა ლონდონში. ასევე გაბერდინისგან შეკერილი სამოსი ჩააცვა ნობელის პრემიის ლაურეატ, ფრიდტოფ ნანსენს, რომელმაც გაბერდინი აიყვანა არქტიკული წრის პოლუსებზე. ეს ერთგვარი გამოცდა იყო ქსოვილისთვის, რომელიც მან წარმატებით ჩააბარა და მას შემდეგ გაბერდინს ხშირად იყენებდნენ ექსპედიციებში.
მსოფლიო აღიარება
Burberry კი მსოფლიოში განთქმულ ბრენდად იქცა და მაღაზიები პარიზში, ნიუ-იორკსა და სხვა ქალაქებშიც ეტაპობრივად გახსნა. ომის დროს ის ტანსაცმელს კერავდა ბრიტანელი სამხედროებისთვის. სწორედ ამ დროს შექმნა ბრენდმა საკულტო ქურთუკები თხრილებში ჩასაცმელად.
ომის დასრულების შემდეგ ქურთუკმა მშვიდობიანი მოსახლეობის ყურადღება მიიპყრო. მას ჰქონდა განსხვავებული დიზაინი – ერთი თასმა, ბალთა და ღილები საყელოზე. ეს ქურთუკები გამოჩნდა ცნობილ ფილმებში: Breakfast at Tiffany’s და Casablanca.
1926 წელს, თომასი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროისთვის მისი ბრენდი უკვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის სახლი იყო. მისი წარმატების ისტორია ინგლისის პატარა ქალაქიდან და ამინდზე დაკვირვებით დაიწყო. როგორც ჩვენ მიერ აქამდე აღწერილი მრავალი ამბავი, ეს წარმატების ისტორიაც სწორ დროს გონივრული ნაბიჯის გადადგმით დაიწყო.
Burberry-ს ისტორია შეიძლება გამოვიყენოთ მაგალითად, თუ როგორ შეიძლება ბიზნესი დაიწყო სრულიად მარტომ, ერთ იდეაზე დაფუძნებით, რომლისაც თავად გჯერა.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი