„ბურგერ კინგისგან“ თამამი სარეკლამო კამპანია ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი. ყოველ ჯერზე, ბრენდი ახერხებს მომხმარებლებს ღიმილი მოჰგვაროს და თავი კიდევ უფრო დაამახსოვროს. სწრაფი კვების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სარესტორნო ქსელი საკუთარ რეკლამებში ხშირად აშარჟებს კონკურენტ „მაკდონალდსს“.
ეს ამბავიც „ბურგერ კინგის“ გამბედავ ექსპერიმენტზეა, რომელიც სუპერთასისთვის მოამზადა. აქვე გეტყვით, რომ სუპერთასი სარეკლამო აუდიტორიის თვალსაზრისითაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა – ნახევარწუთიანი ვიდეორგოლის განთავსება თამაშზე, დაახლოებით, $6 მლნ ღირს.
2019 წლის სუპერთასისთვის, „ბურგერ კინგმა“ გამოუშვა ვიდეორგოლი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი კონცეფციით. რეკლამაში, პოპ-არტის ლეგენდა, ენდი უორჰოლი მაგიდასთან ზის და ვუპერს მიირთმევს. კამპანია გავრცელდა ჰეშთეგით #EatLikeAndy. საგულისხმოა, რომ ვიდეორგოლში არ ყოფილა ყიდვისკენ მოწოდება. „ბურგერ კინგმა“ უბრალოდ, ძველი კადრები გამოიყენა.
ენდი უორჰოლს ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები იცნობენ, თუმცა, სუპერთასის გულშემატკივრების აუდიტორიისთვის, წესით, ნაკლებად რელევანტური უნდა ყოფილიყო. რეკლამის ავტორების მიზანს სულაც არ წარმოადგენდა გაყიდვებისკენ პირდაპირი მოწოდება. მათ სურდათ, ენდი უორჰოლის ვიდეორგოლს „ჩუმი მკვლელის“ როლი შეესრულებინა. კრეატორებმა იცოდნენ, რომ უორჰოლს ბევრი ვერ იცნობდა, თუმცა, მაინც ძალიან აინტერესებდათ, რა რეზონანსს გამოიწვევდა რეკლამა. რეკლამამ, სულ მცირე დროში, რამდენიმემილიარდიანი აუდიტორია მოიცვა. ასევე, როგორც აღმოჩნდა, 2019 წლის 3 თებერვალს, ენდი უორჰოლის სახელი და „ბურგერ კინგი“ ბევრად მეტჯერ „დაგუგლეს“, ვიდრე Bud Light და Pepsi, რომლებიც სუპერთასის აქტიური დამკვეთები არიან.
რეკლამამ გავლენა იქონია პრაქტიკული მიმართულებითაც. ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც, გამოიკითხა 1200 ამერიკელი. როგორც აღმოჩნდა, სუპერთასის შემდეგ, “ბურგერ კინგის” ყველა მაჩვენებელი გაუმჯობესდა, განსაკუთრებით, 18-34 წლის სეგმენტში.
მართალია, პანდემიის პერიოდმა ადგილზე მიტანის სერვისზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კამპანია რამდენიმე თვით ადრე შედგა. ადგილზე მიტანის სერვისის კამპანიის დაწყებამდე არსებული მაჩვენებელი ენდი უორჰოლის რეკლამამ მნიშვნელოვნად შეცვალა. მოთხოვნა ადგილზე მიტანაზე 38%-ით გაიზარდა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი