14
Mar
2019

ბურგერები, რომლებმაც რთულ გზას გაუძლო – Burger King-ის ისტორია

14 Mar 2019

ბურგერების მოყვარულებმა კარგად იციან, თუ სად მზადდება კარგი ბურგერი, ხოლო თუკი დიდი ზომის ბურგერის მოყვარული ხართ, აუცილებლად გაგახსენდებათ ყველასთვის კარგად ნაცნობი Burger King, რომელიც უკვე მრავალი წელია, საკუთარი ბურგერებითაა განთქმული. კომპანიამ თავის დროზე “ბურგერების მეფე” დაირქვა, თუმცა, იმ პერიოდში ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, თუ რამდენად გრძელი და რთული გზის გავლა მოუწევდა ამ კომპანიას.

ყველაფერი ინსტა-ბურგერ კინგიდან დაიწყო. იგი ბურგერ კინგის წინაპარი კომპანია იყო, რომელიც 1953 წელს დააარსდა ფლორიდის შტატ ჯექსონვილში. მისი დამფუძნებლები ჯონ კრამერი და მისივე ცოლის ბიძა, მეთიუ ბარნსი იყვნენ, რომლებმაც ბრენდის პირველი მაღაზიები (სულ ორი ობიექტი) რკინიგზის სადგურის ირგვლივ გახსნეს. ჰამბურგერების დიდებამ არ დააყოვნა – მათ მალევე მოიპოვეს დიდი პოპულარობა, რასაც ფრენჩაიზების განვითარება მოჰყვა. თუმცა, ეს წარმატება ხანგრძლივი არ ყოფილა. მალე კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა და იგი ორმა მაიამელმა დამწყებმა ბიზნესმენმა – ედგერტონმა და მაკლმორმა შეიძინეს, რომელთაც ბურგერ კინგის დღევანდელი სახელის წარმოშობა უკავშირდებათ.

მაკლმორი და ედგერტონი ერთი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იყვნენ, რომლებსაც სურდათ, კვებასთან დაკავშირებული ბიზნესი ჰქონოდათ და ამიტომაც მაკლმორი კალიფორნიაში მაკდონალდსის პირველ ობიექტს ესტუმრა, რათა დარწმუნებულიყო თავისი ბიზნეს-გეგმის სანდოობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ინსტა-ბურგერ კინგის პოპულარობა იზრდებოდა და 1955 წლისთვის 55 ობიექტს ფლობდა იგი, ფინანსურმა პრობლემებმა მაინც იჩინა თავი. 1959 წელს ოფიციალურად იყიდეს კომპანია და გადაარქვეს სახელი. სწორედ ამ წლიდან დაიწყო ბურგერ კინგის ფრენჩაიზების მომრავლება აშშ-ს მასშტაბით. ორმა ბიზნესმენმა 8 წლის განმავლობაში 250-ზე მეტი ობიექტი გახსნა.

ბურგერ კინგის წინაპარი კომპანია ინსტა-ბურგერ კინგი, „insta-broiler“ მექანიზმზე მუშაობდა, რაც გულისხმობდა სპეციალური, ელექტრონული გრილით ხორცის შეწვას. მას მერე, რაც კომპანია 1959 წელს (1954 გახდნენ უშუალოდ მმართველები) ედგერტონმა და მაკლმორმა შეისყიდეს, შეიცვალა სწორედ ეს მექანიზმი და გადავიდა „broiler flame“ პრინციპზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ ამიერიდან ხორცი გაზის გრილზე შეიწვებოდა. სწორედ ამიტომ, მათ გადაარქვეს სახელიც – Insta-Burger king-ი შეიცვალა უბრალოდ Burger King-ით.

“მომხმარებელს ორი რამ აქვს – ფული და დრო, მას ამ ორიდან არც ერთის დახარჯვა უყვარს, სწორედ ამიტომ, ჩვენ გვირჩევნია, მას პირველი დავახარჯინოთ და ბურგერები სწრაფად გავაკეთოთ..” – ჯიმ მაკლმორი

გარდა იმისა, რომ საკვები ბურგერ კინგში უკვე სპეციალური მოწყობილობით მზადდებოდა, ამ პერიოდში შეიქმნა ორი რამ, რაც ყველაზე მეტად ასოცირდებოდა ამ კომპანიასთან. პირველი, ეს იყო ე.წ ბურგერ კინგის თილისმა – გამოსახულება, რომელიც წარმოაჩენდა ბურგერ კინგს 50-იანი წლებიდან 60-იან წლებამდე. და მეორე – „ვოპერი“, სენდვიჩი რომელიც მხოლოდ ბურგერ კინგში მზადდებოდა. იგი 1957 წელს მაკლმორმა შექმნა, მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ფლორიდის ერთ-ერთ რესტორანში დიდი ზომის ბურგერები წარმატებით იყიდებოდა. სწორედ ამის შემდეგ, სენდვიჩს სახელი „whopper“ შეურჩია, რაც ქართულად “განსაკუთრებულად დიდს” ნიშნავს. იგი 37 ცენტად იყიდებოდა. აღსანიშნავია, რომ ვოპერამდე ბურგერ კინგის მენიუ მოიცავდა: სტანდარტულ ბურგერებს, ფრანგულ ფრის, გამაგრილებელ სასმელებს, მილქშეიქებსა და დესერტს.

ბურგერ კინგის “თილისმა”

1967 წელს ბურგერ კინგს ახალი მყიდველი გამოუჩნდა. კორპორაცია მაკლმორისა და ედგერტონისგან Pillsbury Company-იმ იყიდა, რომელიც იმ პერიოდში მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების პროდუსერი კომპანია იყო. აღნიშნული კომპანია საკმაოდ დიდი სირთულის წინაშე დადგა: ორ ბიზნესმენს აქამდე ფრენჩაიზინგის სტრუქტურა ისე ჰქონდა მოწყობილი, რომ ობიექტების რიცხვი კი იზრდებოდა, თუმცა, პარალელურად მათზე კონტროლი მცირდებოდა. შესაბამისად, დასაქმებული მუშა-ხელი ბიზნესს თავად ხელმძღვანელობდა, რაც კომპანიას ხარისხთან ერთად რეპუტაციასაც უკარგავდა. სწორედ ამიტომ, ფილსბურის კომპანიამ ბურგერ კინგის რესტრუქტურიზაცია განიზრახა, რამაც 70-იანი წლების ბოლო და 80-იანების დასაწყისი პერიოდი მოიცვა.

განსაკუთრებული ცვლილება 1978 წელს მოხდა, როდესაც ბურგერ კინგმა მაკდონალდსის აღმასრულებელი დირექტორი – დონალდ სმიტი დაიქირავა. სმიტმა კორპორაციული ბიზნესის ყველა დონე გარდაქმნა, ამ ყველაფერს კი „ოპერაცია ფენიქსი“ ეწოდა. ცვლილებები შეეხო ფრენჩაიზინგის შეთანხმებებსაც, ასევე, მენიუს გაფართოებასა და რესტორანთა ახალ დიზაინს. სმიტმა ბურგერ კინგი 1980 წელს დატოვა.

“ვოპერი”

სწორედ სმიტის დატოვების შემდეგ ბურგერ კინგის გაყიდვები მომენტალურად დაეცა. ამიტომაც, ფილსბურის აღმასრულებელ დირექტორს სურდა, ბრენდის სახელი ისე „შემოებრუნებინა“, რომ მას მაკდონალდსის პოპულარობა ჩაეძირა. დირექტორის ინიციატივა კი ახალი სარეკლამო კამპანიების შექმნა იყო, რომელიც სერიების სახით გავიდოდა და მათში აღბეჭდილი იქნებოდა ბურგერ კინგის უპირატესობა მის მოწინააღმდეგე კომპანიებთან -მაკდონალდსთან და burger wars-თან, რომელიც იმ პერიოდში თავისი ბურგერებით საკმაოდ ცნობილი და წარმატებული იყო.

თუმცაღა, ბურგერ კინგი ფილსბურის დირექტორმაც მალევე დატოვა, რასაც კვლავ მოჰყვა მისი გაყიდვების შემცირება, თანაც იმდენად, რომ ორივე კომპანია – ფილსბურიც და ბურგერ კინგიც ფისკალურ კრიზისამდე მივიდნენ. ბურგერ კინგი ისევ გაიყიდა. ახალი მყიდველი კომპანია კი ბრიტანული კონგლომერატი “გრანდ მეტროპოლიტენი” იყო.

კომპანიას ბურგერ კინგის მდგომარეობის გამოსწორება აღმასრულებელი დირექტორის, ბარი გიბონსის საშუალებით სურდა. კვლავინდებურად ახალი და მაინც არაეფექტური კამპანიების შედეგად კი მან დაიწყო ბურგერ კინგის ქონების ნაწილის გაყიდვა და მომსახურე პერსონალის გათავისუფლება. ეს კი იმისთვის დასჭირდა, რომ გამოთავისუფლებული ფულით კომპანიისთვის ეშველა.

გიბონის წასვლის შემდეგ ბურგერ კინგის თითოეული მმართველი ცდილობდა, შეეცვალა და განეახლებინა მენიუ, დაკავშირებოდა ახალ სარეკლამო სააგენტოებს და შეექმნა ახალი, ეფექტური კამპანიები, თუმცა, უშედეგოდ.. თითქოს ერთი და იგივე ისტორია ბურგერ კინგის შემთხვევაში უამრავჯერ მეორდებოდა. ბრენდი “წრეზე დადიოდა”, ყოველი ახალი მფლობელი კი სულ უფრო მეტად ყრიდა ბოლოს ფარ ხმალს.

ცოტა ხანში, 1997 წელს ბურგერ კინგი გრანდ მეტროპოლიტენისა და ლუდსახარში კომპანიის – გინესის გაერთიანებული ბრენდის – Diageo-ს ხელში გადავიდა. თუმცა, არც ეს ყოფილა ხანგრძლივი. ფრენჩაიზებზე სრულად კონტროლის დაკარგვისა და ბრენდის საფასურის კატასტროფულად დაცემის გამო diageo-მ ბურგერ კინგის გაყიდვა გადაწყვიტა. ბრენდს შემოსავალი, კარგა ხანია, აღარ მოჰქონდა და ეს ზედმეტად აშკარა იყო.

ბურგერ კინგის ლოგოს ცვლილება

2002 წელს diageo-მ ბურგერ კინგი საინვესტიციო ფირმების გაერთიანებას – TPG Capital-ს მიჰყიდა 1.5 მილიარდ დოლარად. ახალი მფლობელები სწრაფად გადავიდნენ ბურგერ კინგის რეორგანიზაციაზე. 2006 წელს კი იგი საზოგადოებას სულ ახალი შეთავაზებებით წარუდგინეს. თავდაუზოგავი შრომის შედეგად მათ მოახერხეს, ახალი და ეფექტური სარეკლამო კამპანიების შექმნა, მენიუსა და ცალკეული ობიექტების განახლება, რესტორნების ახალი კონცეფტის ჩამოყალიბება, რომელსაც სახელად „BK Whopper Bar“ უწოდეს, ასევე, ახალი დიზაინ-ფორმატის – „20/20“ შეთავაზება. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ბურგერ კინგს აქამდეც გავლილი ჰქონდა, მაგრამ, ენერგიულმა მმართველებმა ბრენდს ძველი დიდება დაუბრუნეს. გაიზარდა მოგება და პოპულარობა, თუმცა, ყველაფერი აქ არ დამთავრებულა. ბურგერ კინგის, ერთი შეხედვით, აღმავალ გზას ხელს უშლიდა ერთადერთი უპირობო კონკურენტი – მაკდონალდსი. ეს იყო კომპანია, რომელთანაც დაპირისპირება დიდი ალბათობით უშედეგოდ მთავრდებოდა. სწორედ ამ ყველაფერმა 2007-2010 წლებში კვლავაც ფინანსური კრიზისი მოუტანა ბურგერ კინგს.

ბრენდი ისევ გაიყიდა. 2010 წელს იგი 3.6 მილიარდ დოლარად 3G capital of Brazil-მა შეიძინა. ფინანსური ფირმების ანალიტიკოსები აღნიშნულ კომპანიაზე ამბობდნენ, რომ მას ზედმეტად ბევრი უნდა დაებანდებინა ბურგერ კინგში, რომ რამე გამოსულიყო.

მას მერე, რაც ბურგერ კინგი ახალმა მფლობელმა შეისყიდა, იგი 4 წლით ამოიღეს ნიუ იორკის საფონდო ბირჟიდან. ამიერიდან ბრენდი არ ფუნქციონირებდა, როგორც საჯარო კომპანია. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ ბურგერ კინგს აღედგინა მისი ფუნდამენტური ბიზნეს-სტრუქტურა და ამოევსო ის ჩავარდნა, რაც მას აქამდე ჰქონდა. ამერიკის შეერთებული შტატების შიდა ბაზარზე ბურგერ კინგმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მეორეზე კი ოჰაიოში დაფუძნებული ვენდისი გადავიდა.

2014 წელს კომპანია 3G Capital-მა შეიძინა ერთ-ერთი კანადური კაფე-რესტორანი “თიმ ჰორტონი”, რომელიც ბურგერ კინგთან გააერთიანა. ეს კი მისი ცნობადობის გაზრდისთვის გააკეთა. ორი კომპანიის კომბინაციამ კი, როგორც კვების ობიექტმა, საერთაშორისო ასპარეზზე მესამე ადგილი დაიკავა.

დღეის მდგომარეობით, ბურგერ კინგს ორი შიდა საქველმოქმედო ორგანიზაცია/პროგრამა აქვს. პირველია “Have It Your Way Foundation”, რომელიც ამერიკაშია დაფუძნებული. იგი ზრუნავს იმ ხალხზე, ვინც საკვების ნაკლებობას განიცდის, ასევე, იბრძვის დაავადებების წინააღმდეგ და მხარს უჭერს სხვადასხვა კოლეჯსა და სტიპენდიანტ სტუდენტებს. მეორე კი არის ასევე საქველმოქმედო ორგანიზაცია “McLamore Foundation”, რომელიც აფინანსებს ამერიკელი სტუდენტების სწავლას.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა