in ,

BURGIO – „მოხეტიალე ბიზნესიდან“ ბურგერ ბარამდე

Startauperi
Startauperi
გიორგი ზლობინი
გიორგი ზლობინი

1 წლის წინ თბილისში გამოჩნდა ავტომობილი, რომლითაც ბურგერები იყიდებოდა. ეს ბიზნესი მოსკოველმა ცოლ-ქმარმა, გიორგი ზლობინმა და ვალერია გიაჩაჯტემ წამოიწყეს. წელს კი, მათი „მოხეტიალე“ სტარტაპი ბურგერ ბარად მოგვევლინა, რომელიც სახლში დამზადებული პროდუქტებით შექმნილ გემრიელ ბურგერებს სთავაზობს მომხმარებლებს. იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა სტარტაპი და რა სირთულეებთან მოუწია გამკლავება, BURGIO-ის შეფმზარეული და მფლობელი გიორგი ზლობინი ესაუბრა მარკეტერს.

M: როგორი იყო თქვენ მიერ განვლილი გზა?

გასულ ზაფხულს ბურგერების გაყიდვა პატარა ავტომობილით დავიწყეთ. მალე აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში კანონით უფლება არ გვქონდა მოძრავი ბიზნესისთვის, ამიტომ დიდი მონდომების მიუხედავად, ბიზნესის შეჩერება მოგვიწია. „დაივ ბარის” წინ გავჩერდით და შაბათ-კვირას ბურგერებს გარეთ ვამზადებდით. ეს პერიოდი ძალიან თბილად გვახსენდება, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით და დადებითი რეპუტაცია დავიმსახურეთ, რადგან ბურგერებს ახალი და ლოკალური ინგრედიენტებით ვამზადებდით.

BURGIO

M: როგორ განვითარდა „ბურგიო“ მოძრავი სწრაფი კვების ობიექტიდან ბურგერ ბარამდე?

ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენი რესტორნისთვის პატარა ადგილი მოგვენახა და სოლოლაკში, ამაღლების #8-ში მივაგენით კიდეც. ინვესტორის მოძიების შემდეგ სარემონტო სამუშაოები დავიწყეთ და 3 თვეში, 26 აგვისტოს, გრანდიოზული გახსნა მოვაწყეთ. სასიამოვნო გამოცდილება მივიღეთ, ბევრი ვისწავლე მუშების, ასევე მასალების, დენისა თუ კანალიზაციის შესახებ. ახლა უფრო საბუღალტრო საქმეები შევითავსე, კომპანიის ზედამხედველობასთან ერთად. ასევე, ახალ ურთიერთობებს ვამყარებ და ინგრედიენტების ექსპერიმენტებსაც ვატარებ.

M: რა სირთულეებს უკავშირდება ბურგერ ბარის გახსნა?

საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია, მაგრამ შენარჩუნება და ნამდვილი ბიზნესის კეთება საერთოდ სხვა საქმეა. დედლაინებთან გამკლავება ქართული ბიზნესისთვის, ალბათ, ყველაზე დიდი პრობლემაა.

BURGIO

M: რა განსაკუთრებულ სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენ საოცრად მცირე და მარტივი მენიუ გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, პატარა დეტალებს მნიშვნელოვანი ყურადღება მივაქციოთ. ასევე, ვცვლით კვირის შემოთავაზებებსაც და ჩვენით ვაცხობთ ბურგერებისთვის პურს, ვამზადებთ კარტოფილს და ყველაზე გემრიელ ბეკონს. ამასთან ერთად, გვაქვს სახლში დამზადებული და დაკონსერვებული მჟავე კიტრი. ექსკლუზიურად მზადდება ლუდი – Craft Beer, ხოლო დღეიდან IPA-საც შევმატებთ.

M: რა მოლოდინები და სამომავლო გეგმები გაქვთ?

მომავლისთვის დიდი გეგმები გვაქვს, მაგრამ საიდუმლოდ დავტოვებთ. რაც მთავარია, ყველაფერი ახლა იწყება და გაჩერებას არ ვაპირებთ! მათთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურს, მაგრამ სხვადასხვა შემაფერხებელი ფაქტორის გამო ამას ვერ აკეთებს, ჩემი რჩევა იქნება: დაიწყეთ ბიზნესი და ბევრი იმუშავეთ!

RMN_5122 burgio opening BURGIO BURGIO

დავით ჯალაღონია – #პირველისამსახური

ახლა ასე ერთობიან – Giffer-ის რეკლამა ერმალო მაღრაძისგან