მოღრუბლულ ამინდში მზე რომ უფრო გვწვავს, ეს კარგად ვიცით, თუმცა ნაკლებად ვიაზრებთ პოტენციურ ზიანს. სწორედ ამიტომ British Skin Foundation უზარმაზარი ბილბორდი განათავსა სანაპიროზე და გვაჩვენა, რამდენად სწრაფად შეუძლია მზეს ზიანი მიაყენოს კანს მაშინაც კი, როცა თითქოს ძალიან არ გვცხელა. ამას Burnable Billboard აკეთებს — ულტრაიისფერი გამოსხივების დონის მატებასთან ერთად, ეკრანზე კანი წითლდება, იქერცლება და ზიანდება, რაც SPF-ზე უარის თქმის შედეგებს ასახავს.
შემოქმედებით სააგენტო Wonderhood Studios-სა და AI კომპანიაThe Gardening.club-ის დახმარებით, კამპანია Live UV მონაცემებს გამოიყენებს, რათა ჯანსაღი კანის მაღალი რეზოლუციის სურათები მზისგან დამწვარ და ბუშტებიან ვიზუალებად აქციოს. ეფექტი რეალურ დროში ვლინდება იმ ბილბორდებზე, რომლებიც ლონდონის ყველაზე დატვირთულ სივრცეებშია განლაგებული.
თითოეული ბილბორდი AI სისტემას იყენებს, რომელიც დერმატოლოგის მიერ დამტკიცებულ სურათებს მზისგან გამოწვეული დაზიანების ილუსტრაციებთან აერთიანებს, რათა კანის სხვადასხვა ტონის სიმულაცია შემოგვთავაზოს. ვიზუალები წამებში ადაპტირდება ადგილობრივ UV მონაცემებთან, რომლებსაც Ocean Outdoor-ის ამინდის სენსორები ქმნის.
ამ კამპანიის უკან კი საშიში სტატისტიკა იმალება — გაერთიანებულ სამეფოში მოზარდთა 38%-მა მიიღო მზისგან დამწვრობა მხოლოდ გაზაფხულზე, რომელთა უმეტესობა აღიარებს, რომ მზისგან დამცავ კრემს უბრალოდ არ იყენებს. სამწუხაროდ, ეს ფაქტი მელანომის მაჩვენებლების ზრდას უკავშირდება ქვეყანაში. ამიტომაც, ფონდი იმედოვნებს, რომ მსგავსი ვიზუალიზაცია, QR კოდებთან ერთად, რომლებიც მზისგან დაცვის რჩევებს იძლევა, არსებულ ჩვევებს შეცვლის.
უნდა აღინიშნოს, რომ კამპანია უკვე წარმატებული გამოდგა, რადგან Ocean Outdoor-ის Digital Creative Competition-ზე ბრინჯაო აიღო, თუმცა British Skin Foundation ნამდვილ გამარჯვებად რუჯის მიღებისას დამცავი კრემების გამოყენებას მიიჩნევს…