სად შეიძლება წააწყდეთ გაფორმებულ ტაძარს, გრავიტაციისადმი გამძლე ქანდაკებას, რომელიც სატვირთო მანქანებისგან დამზადდა ან გიგანტურ საბეჭს მანქანას, რომელზე ასვლაც კი შეგიძლიათ? თანაც, უდაბნოში ხეტიალის დროს 80 000 ადამიანთან ერთად… დიახ, ჩვენ Burning Man-ის ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე ვსაუბრობთ, რომელიც ყოველწლიურად ნევადის უდაბნოში იმართება. პანდემიის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კი იგი მუტანტების მანქანებით, მამონტის სკამებითა და ხის სამრეკლოთი ბრუნდება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის…
Black Rock City-ის შუაგულში უფრო მაგარი სიურპრიზი გელით — დაახლოებით 2440 კვ. მ.-ზე არსებული მბზინავი ინსტალაცია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი, ანტარქტიდის როსის ყინულის შელფით არის შთაგონებული. ინსტალაციას ოფიციალურად „უკანასკნელი ოკეანეც“ კი უწოდეს. იგი ხელით ნამუშევარ 300 LED პლატფორმას მოგაგონებთ, რომელიც მასზე ფეხის დადგმისას, ცეკვისას ან იოგის კეთების დროს „ცოცხლდება“. ინტერაქციული მხატვრის ჯენ ლევინის მიერ შეიქმნა, მისი მიზანი კი ჩვენი ბუნებრივი ლანდშაფტის სისუსტის აღბეჭდვა იყო, რაც ხალხს უბიძგებდა, ეფიქრათ იმაზე, თუ რა გავლენა აქვთ მათ გარემოზე.
„მე შთაგონებული ვიყავი როსის ყინულის შელფის ბუნებრივი სილამაზით და ამასთან, მისი დნობისა და ასეთი მნიშვნელოვანი ლანდშაფტის პოტენციური განადგურების მეშინოდა“, — აცხადებს ლევინი.
საინტერესოა ისიც, რომ „უკანასკნელი ოკეანის“ შესაქმნელად ლევინი Ocean Plastic Technologies-თან თანამშრომლობდა, რომელიც სამხრეთ აფრიკის სანაპიროებიდან ოკეანის პლასტმასას აგროვებს და ამუშავებს კიდეც.
„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ, რომ შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორ ვიყენებთ პლასტმასის ნარჩენებს და ვაქცევთ მათ ლამაზ, დახვეწილ ნამუშევრად“, — განმარტავს დიზაინერი.
Burning Man-ის ფესტივალის შემდეგ კი, ინსტალაცია დეტროიტში, სან-ფრანცისკოში და არიზონაში დაიდებს ბინას, რაც იმას ნიშნავს, რომ ფესტივალის ბოლოს მისი დემონტაჟი და გადაყრა არ იგეგმება. ამას კი შემდეგნაირად ხსნიან: „ჩვენ ვიღებთ პლასტმასის ნარჩენებსა და რეციკლირებულ შინაარსს, რათა ისეთი საჯარო ხელოვნების ნიმუში შევქმნათ, რომელიც დროს გაუძლებს“.