2021 წელს უდაბნოს ცნობილმა ფესტივალმა Burning Man სრულად ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. ამის მიზეზი ყველასათვის ნათელია – Covid-19-ის პანდემია… ამრიგად, მნახველები სცენურ პეიზაჟებს საკუთარი სახლებიდან, ვირტუალურ რეალობაში ადევნებენ თვალს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფესტივალი ფიზიკური სივრციდან ვირტუალურში ინაცვლებს. გასულ წელს ვირტუალური რეალობის გამოცდილება რეკორდულ დროში იზრდებოდა. სტატისტიკის მიხედვით, იმ დროისათვის ვირტუალურ ღონისძიებას დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი დაესწრო – ეს ხუთჯერ აღემატება იმ ადამიანთა რაოდენობას, ვინც 2019 წელს პირადად დაესწრო Burning Man-ს.
მართალია, წლევანდელ ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, მაგრამ შემოწირულობები მიიღება. ფესტივალზე მოსახვედრად სპეციალურ ბმულს უნდა ეწვიოთ. თავის მხრივ, ეს უჩვეულო გამოცდილებაა იმ ხალხისთვის, ვინც მზადაა, ნევადის უდაბნოში მისასვლელად დიდი მანძილი გაიარონ. ამჯერად კი მხოლოდ VR მოწყობილობის მორგება დასჭირდებათ.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ღონისძიება, სახელწოდებით “ვირტუალური წვა” დეკომოდიფიკაციას ეხება – გამოხატვის თავისუფლებასა და თავდაჯერებულობას. ალბათ, მთლიანობაში ფესტივალის კონცეფცია გლობალური პანდემიის ფონზე განვითარებულ გაურკვეველ მომავალს ეხება.
ამასთან, ორგანიზატორები ყველანაირად ცდილობენ, ვირტუალურ დამსწრეებს რეალური გამოცდილების ილუზია შეუქმნან. ამისათვის ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, მაგალითად, როდესაც უდანოს ვირტუალურ წვიმას აპროგრამებდნენ, გარკვეული შეფერხებები წარმოიქმნა. თუმცა მსგავსი ხარვეზები ფიზიკურად გამართულ ღონისძიებებსაც ახლავს თან, ამიტომ, გადაულახავი არაფერია.











