in

ხმა, რომელსაც Postred საერთაშორისო ბაზრისთვის ქმნის – პოსტპროდუქციის კომპანია საქართველოდან

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტი ნომინაციაში – „საუკეთესო პროდუქტი“

Startauperi
Startauperi

მეშვიდე წელია, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის გაზრდისთვის, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. კონკურსში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412 -მა კომპანიამ გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. 5 ნომინაციაში სულ 15 ფინალისტი მოხვდა და სტატიების ამ სერიაში თითოეულ მათგანს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

შეგახსენებთ, რომ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში ასპარეზობენ: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება.

რჩეულებს შორის, ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტი” მოხვდა ქართული კომპანია POSTRED, რომელიც ხმის დიზაინისა და მუსიკალური წარმოების მიმართულებით მუშაობს და 2015 წლის, ანუ დაარსების წლიდან წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის დამფუძნებელია ბესო კაჭარავა, რომელიც თავად არის ხმის დიზაინერი. კომპანიის დაარსების მიზანი იყო ისეთი აუდიო პოსტპროდუქციის კომპანიის შექმნა, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გამორჩეული იქნებოდა თავისი ხარისხითა და პროდუქტით. გუნდი, რომელიც დღეს POSTRED-ს ქმნის, 35 ადამიანისგან შედგება და ყოველი მათგანი ერთ ფილოსოფიას ეყრდნობა – აკეთო ის, რაც გიყვარს. ალბათ სწორედ საქმისადმი დიდმა სიყვარულმა მიიყვანა კომპანია ბიზნეს დაჯილდოებამდეც. 

Marketer-ის კითხვებს POSTRED-ის მმართველი პარტნიორი, POSTRED Academy-ის დამფუძნებელი, თინა ბაბაკიშვილი პასუხობს:

M: თინა, მოგვიყევით POSTRED-ის საქმიანობის შესახებ. რა არის ის პროექტები, რომლებზეც მუშაობთ და რას ეფუძნება თქვენი საქმიანობა?

ჩვენ ვმუშაობთ ხმის დიზაინსა და მუსიკაზე ვიზუალური მედიისთვის. კონკრეტულად ხმის დიზაინს თავისი ქვედარგებიც აქვს, როგორებიცაა: დიალოგის მონტაჟი, მიქსი და სხვა. რაც შეეხება მუსიკას ვიზუალური მედიისთვის, აქ იგულისხმება ფილმები, რეკლამები და არატრადიციული ვიზუალური პროდუქტებიც, როგორიცაა, მაგალითად, ინსტალაცია. 

M: როგორ შეიქმნა კომპანია და რა გამოწვევები შეხვდა ამ სფეროში?

ჩვენი დამფუძნებელი, ბესო კაჭარავა ხმის დიზაინს სწავლობდა ვანკუვერის უნივერსიტეტში, სადაც სამუშაო გამოცდილებაც მიიღო. ამის შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში და გადაწყვიტა, დაეარსებინა მსგავსი ტიპის კომპანია. მთავარი გამოწვევა ალბათ ის იყო, რომ 7 წლის წინ საქართველოში ეს მიმართულებები არც ისე ფართოდ ისწავლებოდა, შესაბამისად, გუნდის წევრების შერჩევა გამოცდილების მიხედვით მარტივი არ იყო, თუმცა ჩვენი მიზანი ეს არც ყოფილა. არამედ გვინდოდა, ისეთი კრეატიული ახალგაზრდების შემოკრება, რომლებსაც აინტერესებთ ეს სფერო და მზად არიან, ჩვენთან ერთად გაიზარდონ. 

M: რას გვეტყვით POSTRED აკადემიაზე, რას ემსახურება ის და რისთვის დაარსდა?

ჩვენი თანადამფუძნებლები ბესო და ზვიადი წლების განმავლობაში თავად ასწავლიან სხვადასხვა უნივერსიტეტში ამ პროფესიებს, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ. დავფიქრდით და მივხვდით, რომ ჯობდა ჩვენ თვითონ დაგვეარსებინა ცენტრი, სადაც მუსიკითა და ხმის დიზაინით დაინტერესებული ადამიანები მოვიდოდნენ და დაეუფლებოდნენ ამ პროფესიას. USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში დავაარსეთ ჩვენი აკადემია, სადაც 21 ნოემბრიდან ვიწყებთ სწავლას. ჩვენთან 6 თვის მანძილზე ვასწავლით მუსიკისა და ხმის დიზაინის მთელ საფუძვლებს, დასაწყისიდან – დასასრულამდე. შემდეგ ჩვენს სტუდენტებს ექნებათ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ჩვენსავე კომპანიაში და წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, მუშაობაც კი დაიწყონ ჩვენთან.

აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ამ აკადემიის დაარსების მიზანი არაა მხოლოდ კომერციული, არამედ ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ და გავათვითცნობიეროთ ამ სფეროში. ამისთვის სხვადასხვა ვორკშოპის ჩატარებასაც ვგეგმავთ. უკვე გვყავდა ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი, უაილი სთეითმენი, რომელთანაც ჩვენ ვიმუშავეთ HBO-ს პროექტზე „ეიფორია”. ის ძალიან ცნობილი ხმის დიზაინერია, რომელიც 9-ჯერ არის ოსკარზე ნომინირებული და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ადამიანები შემოვიყვანოთ იმ კომუნაში, რომელსაც აკადემიისა და ზოგადად, POSTRED-ის სახით ვაშენებთ.

M: რატომ გადაწყვიტეთ ბიზნეს დაჯილდოების კონკურსში მონაწილეობა და თქვენი აზრით, რამ განაპირობა რჩეულებში მოხვედრა?

ვფიქრობ, რომ უკვე დავამტკიცეთ ჩვენი თავი, როგორც გუნდმა, რომელიც ხარისხიან პროდუქტს ქმნის და მნიშვნელოვნად გავუსვით იმას ხაზი, რომ საქართველოში შეიძლება საერთაშორისო დონის პროექტის შექმნა და ზოგადად, სადაც არ უნდა იყო, ყველას შეიძლება მიაწვდინო ხმა. 

ჩვენ მოგვწონს და გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ, ამიტომ ვიფიქრეთ – „რატომაც არა, მივიღოთ მონაწილეობა ბიზნეს დაჯილდოებაში”. რჩეულებში მოხვედრა კი ალბათ იმან განაპირობა, რომ ჩვენი კომპანია უკვე საკმაოდ ცნობადია და წარმატებულიც, განსაკუთრებით ბოლო ორი წელია. 

M: რა არის თქვენი კომპანიის ნიშა, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?

ჩვენი ნიშა, ალბათ, ჩვენივე პროდუქტია. ხმის დიზაინი და მუსიკა, რა მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ, არ არის ძალიან გავრცელებული და მოვახერხეთ, რომ სწორედ ჩვენ გავმხდარიყავით ის ადამიანები, ვინც ამას პოპულარიზაციას გაუწევდა. 

აქვე დავამატებდი, რომ არსებობს სტერეოტიპი, თითქოს ხელოვნება არ არის მომგებიანი და ხელოვანებს არ შეუძლიათ საქართველოში თავიანთი პროდუქტის მასშტაბურად გაყიდვა. ჩვენი საქმიანობით ვამსხვევთ ამ სტერეოტიპს და ვამბობთ, რომ ხელოვნება და კრეატიულობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი შრომა არის, ოღონდ ამისთვის მხოლოდ ნიჭი არ კმარა, აუცილებელია, რომ კარგად გვესმოდეს სამუშაო ეთიკაცა და დისციპლინაც, რომელსაც ბიზნესი მოითხოვს.

VELI.store-ზე 70%-მდე ფასდაკლების კვირეული დაიწყო!

„სადგური“ ელიზაბეტთალში და გაცოცხლებული ევროპული სოფელი