მეშვიდე წელია, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის გაზრდისთვის, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. კონკურსში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412-მა კომპანიამ გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. 5 ნომინაციაში სულ 15 ფინალისტი მოხვდა და სტატიების ამ სერიაში თითოეულ მათგანს უფრო ახლოს გაგაცნობთ.
შეგახსენებთ, რომ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში ასპარეზობენ: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება.
დღევანდელ სტატიაში კიდევ ერთი კომპანიის შესახებ გვინდა, მოგითხროთ, რომლის სერვისსაც საყიდლების ციფრულ ველად მოიხსენიებენ. ეს არის ელ. კომერციის პლატფორმა VELI.store, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს მრავალი კატეგორიის პროდუქტს. VELI.store-ზე პროდუქტის შეძენა პირდაპირ საიტიდანაა შესაძლებელი, ხოლო კურიერს შენაძენი იმავე დღეს მოაქვს ადრესატისთვის. შედეგად, მომხმარებელი ზოგავს დროს, გზის ხარჯებს, მაღაზიაში წასვლის ნაცვლად შეუძლია სხვა საქმით დაკავდეს იქამდე, სანამ მისი პროდუქტი სათანადოდ იფუთება და მასთან მისასვლელად ემზადება.
VELI.store ბიზნეს დაჯილდოების ნომინანტია კატეგორიაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება”. საყიდლების ციფრული ველის კონცეფციაზე და ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობაზე, თავად კომპანიის CEO, არჩილ ფირიაშვილი გვესაუბრება:
M: როგორ შეიქმნა კომპანიის იდეა, რა მიზანს ემსახურება და რა პროდუქტს აწარმოებთ?
Veli.store საქართველოში შექმნილი ელ.კომერციის პლატფორმაა, რომელიც ადამიანებისთვის დროის დაზოგვით საყიდლების რუტინას ცვლის და ახალ კულტურას აყალიბებს.
ციფრული პლატფორმა ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და სამომხმარებლო გამოცდილების დიზაინის პრინციპებს ეყრდნობა.
Veli.store 2022 წლის იანვარში გამოჩნდა ბაზარზე და მასში პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ახალი პლატფორმის შექმნის იდეა, პირველ რიგში, განაპირობა ჩვენმა „ტკივილმა“, რომელსაც ყოველდღიური საყიდლების ონლაინ შეძენის დროს, მომხმარებლის ამპლუაში ყოფნისას განვიცდიდით. უფრო ზუსტად, იმ არასრულყოფილმა გამოცდილებამ, რომელსაც საქართველოში e-commerce-ით სარგებლობისას ვხვდებით.
ამ ეტაპზე, ველიზე საყიდლების შეგროვება 14 კატეგორიიდანაა შესაძლებელი, ესენია: ტექნიკა, წიგნები, სილამაზე & თავის მოვლა, სახლის მოწყობა, საკანცელარიო ნივთები, ბარი&მეტი და სახლის მოვლა.
კომპანიის ყველა ინიციატივა და აქტივობა დაფუძნებულია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაზე, უმტკივნეულო და კომფორტული სერვისის შექმნაზე, რაც ითარგმნება: მარტივ და კომფორტულ მომხმარებლის გამოცდილებაში, სწრაფ მიტანის სერვისში , სადაც მომხმარებლები თავად ირჩევენ დღის რომელ შუალედში ურჩევნიათ შეკვეთის მიღება და სრულად აკონტროლებენ პროცესს, უფასო მიტანაში საქართველოს მასშტაბით, უფასო საჩუქრის შეფუთვასა და სურვილების ბარათთან ერთად გაგზავნაში, მარტივ დაბრუნების პროცესში.
M: რატომ გადაწყვიტეთ ბიზნეს დაჯილდოების კონკურსში მონაწილეობა და თქვენი აზრით, რამ განაპირობა რჩეულებში მოხვედრა?
ბიზნესდაჯილდოება ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც უკვე დამკვიდრდა ქართულ სივრცეში და მასში მონაწილეობა ჩვენთვის, როგორც სტარტაპისთვის, ძალიან საინტერესოა. ეს კონკურსი გვეხმარება, კიდევ ერთხელ დავინახოთ ჩვენი ყოველდღიური დროისა და ძალისხმევის შედეგი, რომელსაც მომხმარებელი მუდმივად აღნიშნავს.
ჩვენთვის მომხმარებელი მუდმივად ყურადღების ცენტრშია და ყველა პროცესი, ვებგვერდზე შემოსვლიდან, ამანათის მიღებამდე და შემდეგაც – მაქსიმალურად მის კომფორტსა და საჭიროებებზეა მორგებული.
M: ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და როგორ უზრუნველყოფთ მათ დადებით გამოცდილებას თქვენთან თანამშრომლობისას?
ველის მომხმარებლები თანამედროვე ადამიანები არიან, რომლებიც თავადვე ცდილობენ ყოველდღიური აქტივობების მართვას. ისინი განკარგავენ საქმეს, სახლს, შემოსავალს, ანაწილებენ პასუხისმგებლობებს და ცდილობენ, უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე დაალაგონ გეგმები.
კორონავირუსის პანდემიამ კონტროლის შეგრძნება სრულად გააქრო და მათ გეგმებს ხაზი გადაუსვა. დღეს ამ შოკიდან გამოსვლა და ცხოვრების მართვის სადავეების დაბრუნება ჩვენი აუდიტორიის მთავარი გამოწვევაა. ამიტომაც ისინი განსაკუთრებით აფასებენ ბრენდებსა და სერვისებს, რომლებიც ცხოვრების გამარტივებასა და კონტროლის დაბრუნებაში დაეხმარებათ.
Veli.store-ის გამოყენება ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურობის უფრო თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობას, სიმშვიდეს, კომფორტსა და კმაყოფილებას ნიშნავს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა ველი მათთვის ყოველთვის საიმედო და სანდო კომპანია იყოს. ახალი პროდუქტებისა და სერვისების დაგეგმვისას მომხმარებელი ჩვენს ყურადღების ცენტრშია.
M: რა მოლოდინები გაქვთ ბიზნეს დაჯილდოებისგან და რამდენად არის აქ გამარჯვებაზე დამოკიდებული თქვენი კომპანიის სამომავლო ხედვა და გეგმები?
ველიში ვაფასებთ ამ შესაძლებლობას და ამ კონკურსში გამარჯვებაც ძალიან სასიამოვნო იქნება. საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების ნომინაციაში გამარჯვება კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება იმისა, რომ ჩვენს მისიას ვასრულებთ.