მეშვიდე წელია, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის გაზრდისთვის, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. კონკურსში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412-მა კომპანიამ გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. 5 ნომინაციაში სულ 15 ფინალისტი მოხვდა და სტატიების ამ სერიაში თითოეულ მათგანს უფრო ახლოს გაგაცნობთ.
შეგახსენებთ, რომ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში ასპარეზობენ: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება.
ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა” სამი ფინალისტია, თუმცა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირია etli.ge, საქართველოს ეტლების საწარმო. კომპანია 2009 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა მის გუნდს ეტლების დამზადების გამოცდილება ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან აქვს. პირველი ნაბიჯები საწარმოს დაფუძნებისკენ USAID-ის მხარდაჭერით გადაიდგა. აშშ-დან ჩამოყვანილი სპეციალისტების დახმარებით დახვეწილი და თანამედროვე ეტლები დამზადდა.
ამ დროის განმავლობაში კომპანიამ კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შეიძინა, შეისწავლა ახალი ტექნოლოგიები და დღესდღეობით 3 ტიპის ეტლებს ამზადებს. აქედან ერთი მექანიკურია, 2 კი სხვადასხვასხვა ტიპის ელექტრო ეტლი. გარდა ეტლებისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანია პანდუსებსა და პერსონალურ ამწეებსაც ამზადებს.
გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის დირექტორ, გიორგი ძნელაძესთან, რომელიც განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება:
M: როგორ შეიქმნა კომპანიის იდეა, რა მიზანს ემსახურება და რა პროდუქტს აწარმოებთ?
ჩვენ ვაწარმოებთ შშმ პირთათვის განკუთვნილ ეტლებს (მექანიკურ და ელექტროს),
პორტატულ პანდუსებს, ტრანსფერ ლიფტებს და სხვა დამხმარე საშუალებებს. კომპანიის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაუჩნდა მამაჩემს და წარმატებულად განახორციელა, თუმცა მოგეხსენებათ, 90-იანების პერიოდი ძალიან მძიმე იყოს ყველასთვის და ამიტომ მალევე დაიკეტა საწარმო. ამ ყველაფრის მიუხედავად, 2009 წელს USAID-ის დახმარებით შევძელით საწარმოს ხელახლა გახსნა და ახალი თანამედროვე ტიპის ეტლების წარმოება.
M: რა გამოწვევები დგას დღესდღეობით თქვენს სფეროში და როგორ უმკლავდებით მათ?
გამოწვევებს რაც შეეხება, საკმაოდ ბევრია. როგორც ჩვენ, ისე სხვა მწარმოებლები, მთელი მსოფლიოს მაშტაბით მივისწრაფვით მეტი განვითარებისკენ და პროდუქციის გაუმჯობესებისკენ. მოგეხსენებათ, განვითარება და ახალზე მუშაობა ყოველთვის ხარჯებთან არის დაკავშირებული, კოვიდ-19-მა და უკრაინის ომმა ფინანსების მხრივ საკმაო გავლენა იქონია ჩვენზე. მაგალითად რომ გითხრათ, გვაქვს თურქეთთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ყოველ წელს 400 მექანიკური ეტლის ექსპორტს ითვალისწინებს, და კოვიდ-19-ის პირველ წელს ხელშეკრულება ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო გაგვიუქმდა, რადგან თურქეთის მთავრობამ ტენდერი არ გამოაცხადა. მართალია, შემდეგ წელს ყველაფერი განახლდა, მაგრამ საქმეში ეგეთი შეკვეთის ჩავარდა ცოტას არ ნიშნავდა. უკრაინას რაც შეეხება, ნედლეულის ფასი გაიზარდა, რაშიც რკინის ფასიც იგულისხმება, საერთაშორისო ფასი და ა.შ. ამ ყოველივეს მიუხედავად, ჩვენ ამაყად ვასპარეზობთ საერთაშორისო ბაზარზე და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს წლიდან წლამდე.
M: რატომ გადაწყვიტეთ ბიზნეს დაჯილდოების კონკურსში მონაწილეობა და თქვენი აზრით, რამ განაპირობა რჩეულებში მოხვედრა?
ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მიზანია, რომ რაც შეიძლება ცნობადები გავხდეთ, ამიტომ ხელიდან არ ვუშვებთ კონკურსებში მონაწილეობის საშუალებას, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო. რაც შეეხება რჩეულებში მოხვედრას, ვფიქრობ ჩვენმა სოციალურმა სტატუსმა განაპირობა ეს, რადგან ჩვენს საწარმოში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი თავად შშმ პირები არიან, ისინი თავად არიან საწარმოო პროცესში სრულად ჩართულნი.
M: რა მოლოდინები გაქვთ ბიზნეს დაჯილდოებისგან და რამდენად არის აქ გამარჯვებაზე დამოკიდებული თქვენი კომპანიის სამომავლო ხედვა და გეგმები?
ხედვასა და გეგმებს რაც შეეხება, ისინი უცვლელი დარჩება ჩვენთვის. ეს გულისხმობს, რომ რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც ეტლი სჭირდება, უნდა იჯდეს მაქსიმალურად მასზე მორგებულ ეტლში, რომელიც პასუხობს მის საჭიროებებს, მოთხოვნებს და ზრდის მის მობილურობასა თუ ჩართულობას სოციუმში.
ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვების შემთხვევაში შეიცვლება ის, რომ მეტი ადამიანი შეძლებს ჩვენ შესახებ ინფორმაციის გაგებას, იქნება ეს ადგილობრივად თუ საერთაშორისოდ. ასევე შევძლებთ ჩვენი სერვისების კიდევ უფრო გამარტივებას ახალი ვებგვერდის მეშვეობით.