in

„ლოგიკმეტრის” სახალისო მათემატიკა, სწავლისადმი ინოვაციური მიდგომა და გეგმები

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტი ნომინაციაში – „საუკეთესო პროდუქტი“

Startauperi
Startauperi

მეშვიდე წელია, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის გაზრდისთვის, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. კონკურსში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412-მა კომპანიამ გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. 5 ნომინაციაში სულ 15 ფინალისტი მოხვდა და სტატიების ამ სერიაში თითოეულ მათგანს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

შეგახსენებთ, რომ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში ასპარეზობენ: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება.

ამჯერად, უნდა გაგაცნოთ კომპანია, რომელიც ნომინირებს კატეგორიაში „საუკეთესო პროდუქტი”. „ლოგიკმეტრი” მათემატიკისა და წიგნიერების აკადემიაა, რომელიც თანამედროვე რესურსებით უზრუნველყოფს საგნით დაინტერესებულ მოსწავლეებს. ეს არის ონლაინ სწავლების პლატფორმა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. 

იდეა დაეფუძნა კვლევასა და სტატისტიკას, რომელიც აჩვენებდა, რომ მათემატიკაში, ლოგიკასა და წიგნიერებაში მოსწავლეთა მოსწრება საკმაოდ დაბალი იყო. საქართველოს შედეგები პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც ჩამოუვარდებოდა. ამან გააჩინა იდეა და გაზარდა მოთხოვნა, შექმნილიყო სივრცე, სადაც ყველას შეეძლებოდა სწავლა მათემატიკისა და ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბების განხრით.

როგორ ისწავლება ეს ყველაფერი „ლოგიკმეტრში” და როგორია კომპანიის სამომავლო ხედვა –  Marketer-ის კითხვებს „ლოგიკმეტრის” დირექტორი, მარიკა გაბაძე პასუხობს:

M: რას საქმიანობს „ლოგიკმეტრი” და რაზეა დაფუძნებული თქვენი სწავლების მეთოდი?

ჩვენი საქმიანობა 2015 წლიდან დაიწყო. შესაბამისად, პანდემიის პერიოდში, როცა მთელი მსოფლიო დისტანციურ სწავლაზე გადავიდა, ჩვენ უკვე მზად ვიყავით ამისთვის. 

სწავლა ხალისით – ეს ერთ-ერთი ჩვენი დევიზია. ამგვარმა მიდგომამ მომხმარებელი დაარწმუნა, რომ მათემატიკის სწავლა შეიძლება მარტივი და საყვარელი საქმიანობაც კი გახდეს. ჩვენ ვცდილობთ, თავი ავარიდოთ ფორმულებისა და წესების მექანიკურ დამახსოვრებას, სანაცვლოდ კი დავეხმაროთ მათემატიკის რეალურ სამყაროსთან დაკავშირებაში, გააზრებასა და დასაბუთების უნარების გამომუშავებაში.

მომხმარებელს ვთავაზობთ სრულყოფილ პროდუქტს, რაც გულისხმობს: თანამედროვე და კომფორტულ სასწავლო გარემოს, აღჭურვილს ჯანსაღი, უსაფრთხო ინვენტარით, გათბობის სისტემებით და ა.შ. ასევე, მათემატიკურ კაფეს, მეტი ინტერაქციისთვის და საუკეთესო სასწავლო პლატფორმას, მიღებული ცოდნის გრძელვადიან პერსპექტივაში გადასატანად, რომელიც ანგარიშების მიღების სრულფასოვანი სისტემითაც გამოირჩევა.

M: ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და როგორ უზრუნველყოფთ მათ დადებით გამოცდილებას თქვენთან თანამშრომლობისას?

ჩვენი სეგმენტი 5-დან 13 წლამდე ბავშვები და მათი მშობლები არიან.

ლოგიკმეტრის გუნდი ყოველთვის მუშაობს მომხმარებლის კეთილგანწყობაზე. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ბავშვი აკადემიიდან ბედნიერი წავიდეს. როცა ბავშვი იღიმის, მშობელი რწმუნდება, რომ ჩვენთან თანამშრომლობა სწორი გადაწყვეტილებაა.

ჩვენი მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ლოგიკმეტრი არამარტო განათლებაზე, არამედ მათი შვილების ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაზეც ზრუნავს. ყოველივე ამას მეგობრული დამოკიდებულებით ვახერხებთ.

M: რა მოლოდინები გაქვთ ბიზნეს დაჯილდოებისგან და რამდენად არის აქ გამარჯვებაზე დამოკიდებული თქვენი კომპანიის სამომავლო ხედვა და გეგმები?

ვაპირებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა, შევთავაზოთ მათ კიდევ უფრო კრეატიული იდეები, მიდგომები, რისთვისაც ჩვენი გუნდის წევრები თავდაუზოგავად შრომობენ. მაქსიმალურად ავანაზღაუროთ პანდემიით

გამოწვეული დანაკარგები, რაც აისახა, როგორც მოსწავლეების აკადემიურ ცხოვრებაზე, ისე კომპანიის წინსვლა/განვითარებაზე. 

მომხმარებლის დიდ ნაწილს უკვე შეექმნა ქალაქში გადაადგილების პრობლემა, „ლოგიკმეტრის” ერთი ფილიალი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მდებარეობს, მათთვის მიუდგომელი გახდა. ქუჩების გადატვირთულობიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა საღამოს საათებში (სკოლების შემდეგ) მომხმარებლის ჩვენამდე მოსვლა, რამაც გამოიწვია, ფილიალების არსებობის საჭიროება სხვადასხვა რაიონსა და რეგიონებში.

მომხმარებლისგან გამუდმებით ვიღებთ უკუკავშირს, რომ რეგიონები მოკლებულები არიან ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებებს, ამიტომ ლოგიკმეტრი გააგრძელებს იქ მყოფი პედაგოგების გადამზადებას, პორტალით უსასყიდლოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს და იზრუნებს სივრცეზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ლოგიკმეტრის მეთოდებით სწავლა.

„ორი წლის წინ შექმნილი კერნელი, დღეს, ფინანსების მენეჯმენტის საერთაშორისო პლატფორმაა“

მაინც, რატომ არის აუცილებელი საქართველოში ონლაინ მეკობრეობასთან ბრძოლა?