19
Nov
2019

ბიზნეს კომუნიკაცია იაპონურად

19 Nov 2019

როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, იაპონელები ცნობილები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმატებული მიდგომების კოპირებითა და მათი მუდმივი გაუმჯობესებით ისე, რომ ორიგინალთან შედარებაც კი შეუძლებელი ხდება. ფაქტობრივად ყველა ინოვაცია, პროდუქტი, სერვისი, ბიზნეს მიმართულება თუ მოდელი, რასაც იაპონიაში აღმოაჩენთ, წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილებების მიქსსაც, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, თავად იაპონელების მიერ უსასრულობამდე დახვეწილ, გაუმჯობესებულ პროტოტიპებს. მოკლედ, იაპონიაში შეხვდებით მთელი მსოფლიო გამოცდილების, მუდმივად გაუმჯობესებულ ვარიანტებს.

ჩვენთან პრობლემების ყველას ეშინია და ამიტომაც მათ არავინ აღიარებს. პრობლემის არაღიარება, ერთი მხრივ, გამომდინარეობს ტრადიციული დამსჯელი ორგანიზაციული კულტურიდან, სადაც ნებისმიერი პრობლემის წარმოშობისას კითხულობენ – ვინ არის დამნაშავე? რომ ეგრევე გაათავისუფლონ პრობლემის დამშვები სამსახურიდან, ნაცვლად იმისა, რომ ღრმად შეისწავლონ – რამ გამოიწვია ეს პრობლემა. მეორე მხრივ, პრობლემებს შიშით უყურებენ და მათში ვერ ხედავენ კომპანიის განვითარების შესაძლებლობას. იაპონური მიდგომით კი პრობლემაა სწორედ ის გარდამტეხი წერტილი, რომელმაც განვითარების უფრო მაღალ დონეზე უნდა გადაიყვანოს კომპანია.

აღიარებულია, რომ გაუგებრობას, გაურკვევლობას წამყვანი ადგილი უჭირავს კომპანიაში წარმოშობილ პრობლემებში. ვინმესთვის რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარების დავიწყებიდან დაწყებული, ურთიერთგამომრიცხავი ცნობების – მაგ. მცდარი რიცხობრივი მონაცემების მიწოდებით, ან მცირე ზომის ინციდენტის შესახებ ინფორმაციის არ გავრცელებით დასრულებული, არასწორმა და არადროულმა ინფორმირებამ შესაძლოა, სამომავლო აფეთქება გამოიწვიოს და დააზიანოს ათასობით ადამიანი. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია კომუნიკაციის ნაკლებობით. უნიკალური იაპონური საკომუნიკაციო კულტურა Horenso – კი ზრდის როგორც ზეპირსიტყვიერ, ასევე წერილობით კომუნიკაციას კომპანიის შიგნითაც და გარეთაც. მისი მიზანია, გააუმჯობესოს კომუნიკაციის დონე კომპანიის ყველა თანამშრომელთან, მომხმარებელთან, მომწოდებელთან და საბოლოოდ ხელი შეუწყოს კომპანიის ეფექტიანობასა და წარმატებულ ფუნქციონირებას.

იაპონური საკომუნიკაციო კულტურა – Horenso

Horenso გვასწავლის, როგორ ავაცილოთ კომპანია ამგვარ შეცდომებს. Horenso-ს თითოეული ძირითადი მიმართულება – Hokoku, Renraku, & Sodan კომუნიკაციის ლაბირინთებში მიგვიძღვის და გვმოძღვრავს ანგარიშის მომზადებაში, ინფორმირებასა და რჩევის მიღებაში ზემდგომიებისგან, კოლეგებისგან და ასევე, დაქვემდებარებულებისგან. Horenso გვასწავლის, ვიყოთ გუნდური მოთამაშეები და არა პრობლემებთან მებრძოლი ცალკეული ინდივიდები.

რა სარგებელი აქვს “Horenso”-ს? 

ოდესღაც, ალბათ, ყველას გვიფიქრია – რა აზრი აქვს ზედაპირულ ანგარიშს / რეპორტს, რომელშიც სრულად არაა ასახული რეალობა იმის გამო, რომ კომპანიის რომელიმე თანამშრომელმა გადაწყვიტა, საკუთარი მცირე შეცდომა შეენახა თავისთვის? სამომავლოდ კი სწორედ ეს ‘მცირე’, დამალული პრობლემა ხელიდან უყურადღებოდ გვისხლტება, დროთა განმავლობაში მთიდან დაგორებული თოვლის გუნდასავით იზრდება და მთელი კომპანიის პრობლემად გადაიქცევა… ამ ფონზე მარტივია იმის გააზრება, რამდენად ძლიერები ვხდებით, როდესაც დროულად ვიცით კომპანიაში არსებული თითოეული პრობლემის შესახებ დეტალურად.

‘Horenso’ იაპონური სიტყვაა და ნიშნავს ისპანახს, რომელიც ასოცირდება ჯანსაღ კვებასთან. ეს მეთოდიც აჯანსაღებს კომპანიის გარემოს და ისპანახის ღეროების მსგავსად, კომპანიის სხვადასხვა მიმართულებას საერთო კომუნიკაციით აერთიანებს. იგი იაპონური ბიზნეს კულტურის ნაწილია და განსაკუთრებით ეფექტიანად დაინერგა კომპანია ‘ტოიოტაში’ ერთსა და იმავე პროექტში ჩართულ კადრებს შორის უკეთესი კომუნიკაციისთვის. იგი გამოიყენება კომპანიის გუნდებსა და მმართველობით რგოლებს შორის, კლიენტებთან, მომწოდებლებთან და სხვებთან კომუნიკაციისთვის.

კომპანია ტოიოტაში პერსონალისთვის სპეციალურად ტარდება ტრენინგები Horenso-ს კულტურის დასანერგად იმისათვის, რომ გამარტივდეს სამუშაო პროცესები და მათი მიმდინარეობა. ეს მიდგომა 2 ძირითად მიზანს ისახავს:

  • დროულად განისაზღვროს, პასუხობს თუ არა კონკრეტული პროექტი კომპანიის მოთხოვნებს და
  • ერთი ან მეტი ადამიანის არყოფნისას კომპანიის გუნდმა შეძლოს სრულფასოვანი მუშაობა.

სიტყვა Horenso შედგება 3 იაპონური ტერმინისგან:

Hokoku 報告 – რეპორტი/ ანგარიში

Renkaku 連絡 – ინფორმირება

Sodan 相談 – კონსულტაცია

 

Hokoku – რეპორტი/ ანგარიში

იაპონური მიდგომა: ჯერ პროგრესი, შემდეგ შედეგი. რეპორტმა უნდა ასახოს მიმდინარე საქმიანობის პროგრესი: მიზანი, ფაქტები და მეთოდები. რეპორტში ინფორმაცია სასურველია, ავსახოთ 5W+2H პრინციპით:

  • რა (What)
  • ვინ (Who)
  • როდის (When)
  • სად (Where)
  • რატომ (Why)

და

  • როგორ (How)
  • რამდენი (How Much / Many)

Renkaku 連絡 – – ინფორმირება

იაპონური მიდგომა: თუ პრობლემა წარმოიშვა კომპანიაში, ჩვენ ყველანი ვიზიარებთ მის შედეგებს, მიუხედავად იმისა, ჩვენს დეპარტამენტში მოხდა თუ არა იგი. ეს ეტაპი მოიცავს ინფორმირებას, ყველა დონეზე/ დეპარტამენტებს შორის ინფორმაციის ჯვარედინ ურთიერთგაზიარებას. ინფორმაციის გაცვლით სრული წარმოდგენა გვექმნება კომპანიაში არსებულ მდგომარეობაზე და სხვადასხვა რაკურსიდან მთლიანობაში ვხედავთ პრობლემას.

Sodan 相談 – კონსულტაცია

იაპონური მიდგომა: იაპონელ მენეჯერებს სურთ, იცოდნენ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ზოგჯერ ძალიან ტრივიალურიც კი… ეს ეტაპი მოიცავს ზემდგომებთან, კოლეგებთან, დაქვემდებარებულებთან კონსულტაციებს, როდესაც პრობლემებს ვაწყდებით სამუშაო პროცესში. ამგვარი კონსულტაციები იმართება არა მხოლოდ დიდ პრობლემებთან დაკავშირებით, არამედ პოტენციურ პრობლემებთან მიმართებაშიც კი, რომელიც შეიძლება მომავალში წარმოიშვას.

Horenso  ვიზუალური დოკუმენტია, სადაც გაწერილია თითოეული ამოცანა, მისი პროგრესი, განახლებული მდგომარეობა და პასუხისმგებელი პირები. იგი არაa უბრალო ელექტრონული რეპორტი, რომელიც ეგზავნება კომპანიაში შესაბამის პირს.

ტრადიციულ კულტურაში მენეჯმენტის ინფორმირება ხდება მხოლოდ ‘ბლოკირების წერტილების’ შესახებ. იაპონურ კულტურაში კი, თუ ყველაფერი კარგად მიდის, ესეც უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს. აქ კომუნიკაციის სიხშირე გაცილებით მეტია იმ კლასიკურ პროცესთან შედარებით, რაც ჩვენ ვიცით. Horenso ინფორმაციის, know-how-ს, პრობლემების გაზიარებაა თითქმის ყოველდღიურად. Horenso ასევე ენათესავება იაპონურ კულტურას Kikubari-ს, რომელიც გულისხმობს სხვებზე ზრუნვას და მათი საჭიროებების ხაზგასმას, ამიტომაც გვაინტერესებს ყველაფერი ყველასა და ყველაფრის შესახებ.

 

ავტორი: ლალი ყიფშიძე

განხილვა