in

ბიზნესთანამშრომლობა – რა ტიპის ქეისებს ეძებენ ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ახალ ნომინაციაში

„ეს ნომინაცია ბიზნესის მფლობელებთან სწორ მესიჯს გზავნის და მათ ახსენებს, რომ სინერგიებსა და ურთიერთთანამშრომლობებს დიდი გამარჯვებების მოტანა შეუძლია“.

სხვადასხვა ბიზნესის თანამშრომლობით მიღწეული საუკეთესო შედეგები, რომელიც ფინანსებში, იმიჯში, ჯილდოებში, საერთაშორისო აღიარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში აისახა – თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში გამარჯვებულები კიდევ ერთ ნომინაციაში – „ბიზნესის თანამშრომლობა“ წელს, პირველად გამოვლინდებიან

„ზოგადად, ბიზნესდაჯილდოების მიზანი ბიზნესსოციუმის განვითარებაა და ეს ახალი ნომინაციაც ზუსტად ამ იდეას ემსახურება. გვსურს, საზოგადოებას ასეთი ქეისები გავაცნოთ და სხვადასხვა ბიზნესს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები წავახალისოთ. ვფიქრობთ, რომ კარგი პარტნიორის არსებობა ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნომინაციით კი, სწორედ ამის ხაზგასმა გვინდა“, – განმარტავს ანკა თოთიბაძე, თიბისის ბიზნესის მხარდაჭერისა და ღირებულების შექმნის ლეგიონი, ასოცირებული პარტნიორი.

უფრო ზუსტად, თუ რას ემსახურება ეს ნომინაცია, რა ტიპის თანამშრომლობა იქნება ჟიურისთვის საინტერესო, რა კრიტერიუმებით შეაფასებებენ შემოსულ განცხადებებს, აკო ახალაია, „მარკეტერის“ დამფუძნებელი, „სილქროუდ ჯგუფის“ მარკეტინგის დირექტორი, ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი გვპასუხობს: „ამ ნომინაციაში ვეძებთ სხვადასხვა ბიზნესს, რომლებმაც ახალი ღირებულებისა და წარმატებული პროექტის შექმნისთვის ითანამშრომლეს. ეს შეიძლება, იყოს ისტორია 2 კომპანიაზე, რომლებმაც ურთიერთთანამშრომლობით გაზარდეს გაყიდვები, კონკრეტულ თემაზე ცნობადობა აამაღლეს და ზოგადად, მათი პარტნიორობის შედეგად, ახალი პოროდუქტი ან ღირებულება შეიქმნა და ის სხვებისთვის სასარგებლო აღმოჩნდა“.

M: თავად ამ ახალ ნომინაციასა და მის კონცეფციაზე რას იტყვით, რატომ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი ასეთი ქეისების წარმოჩენა-წახალისება?
აკო ახალაია: ახალი ნომინაცია ძალიან საინტერესოა, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ დავინახავთ და გავიხსენებთ თანამშრომლობის ყველა ასეთ წარმატებულ ისტორიას. მეორე მხრივ, ეს იქნება ბიძგი სხვებისთვის, რომ დასახული მიზნის მისაღწევად გვერდზე გაიხედონ, სწორი პარტნიორი მოძებნონ და ისე გააკეთონ საქმე.

ეს ნომინაცია ბიზნესის მფლობელებთან სწორ მესიჯს გზავნის და მათ ახსენებს, რომ სინერგიებსა და ურთიერთთანამშრომლობებს დიდი გამარჯვებების მოტანა შეუძლია,  – აკო ახალაია.

რაც შეეხება რეკომენდაციებს პოტენციური განმცხადებლებისთვის, ანი კვარაცხელია, ექსპორტის განვითარების ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე და ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი გვიზიარებს: „ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნომინაცია ახალია, ბევრი ორგანიზაცია ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და საერთო წარმატებული პარტნიორობის საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს.

პარტნიორობის კარგი მაგალითი შესაძლებელია, იყოს ის საერთო პროექტი ან თანამშრომლობა, რომელიც პასუხობს იმ მიზნებს, რომლის გამოც ურთიერთობა შედგა. მნიშვნელოვანია, ეს მიზნები იყოს გაზომვადი, რომ მიღწეული შედეგების ანალიზის შესაძლებლობა გვქონდეს. ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ორივე მხარისა და სამიზნე აუდიტორიისათვის დადებითი ეფექტის მქონე. ასევე, მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პარტნიორობის მასშტაბი და ბიზნესგადაწყვეტილება. კარგი იქნება, თუ აღმოვაჩენთ ხანგრძლივი და წარმატებული პარტნიორობის მაგალითებს“.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

როგორ შევინარჩუნოთ ეთიკა ლიდერობისას?

Leeds United – პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც ტიკ-ტოკის პლატფორმაზე მაისურებს გაყიდის